27 წლის მარიამ ბასილაია პროფესიით პედაგოგია, მაგრამ როგორც გოგონების უმეტესობას ბავშვობიდან იტაცებდა ლამაზი აქსესუარები. მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მისი შექმნა თავად მოუწევდა.

მარიამი: დაოჯახების შემდეგ, ხანმოკლე პაუზა მქონდა და სამოყვარულო დონეზე დავიწყე ხელნაკეთი საუყურეების, ყელსაბამებისა და თმის აქსესუარების შექმნა. მაშინ არც ვფიქრობდი, თუ გავყიდიდი, მაგრამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა... ამის შემდეგ უფრო სერიოზულად შევხედე ჩემს გატაცებას.“

თავიდან ბარხატის ბურთულებზე მუშაობდა გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყვიტა სუტაჟის ტექნიკა შეესწავლა და ორთვიანი სწავლებისა და სერთიფიკატის აღების შემდეგ პროდუქცია გაყიდვაში ჩაუშვა.

ბრენდს ElleAnna დაარქვა - ამ სახელწოდებაში შვილების სახელები ელენე და ანასტასია გააერთიანა. დღეს მისი პროდუქცია პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში, ინგლისში, გერმანიასა და აზერბაიჯანში.

„რაც დრო გადის უფრო მეტად მომწონს ეს სახელი, ბევრი აღნიშნავს, რომ სამკაულების ბრენდს განსაკუთრებულად მოუხდა“- ამბობს მარიამი.

ამ ეტაპზე მხოლოდ სუტაჯის თასმებით მუშაობს, რომლისგანაც თანამედროვე და დახვეწილი აქსესუარების შექმნაა შესაძლებელი. თუმცა სამკაულის შესაქმნელად ასევე იყენებს ღილებს, ქვების ნატეხებს, ჯაჭვებს და უამრავ სხვა დეტალს, რომელსაც უცხოეთიდან იწერს.

„არასოდეს ვიცი წინასწარ რას გავაკეთებ. იდეები შეიძლება ქუჩაში სიარულისას გამიჩნდეს და სახლში მოსული მაშინვე მუშაობას ვიწყებ. ესკიზებს წინასწარ არ ვქმნი, მუშაობის პროცესში ვაფორმებ. სექტემბრიდან ბევრ სიახლეს ვგეგმავ, მინდა ჩემს ნამუშევრებს ყაისნაღით ნაქსოვი ჩანთებიც შეემატოს. მომავალში კი ძალიან მინდა, რომ საკუთარი მაღაზია გავხსნა და დარწმუნებული ვარ აუცილებლად შევძლებ“ – ამბოსბ ჩვენთან ინტერვიუში მარიამ ბასილაია.