LIFE

როგორ გავრეცხოთ ტანსაცმელი სწორად - 7 რჩევა, რომელიც ტანსაცმელს დიდხანს შეგინარჩუნებთ

როგორ გავრეცხოთ ტანსაცმელი სწორად - 7 რჩევა, რომელიც ტანსაცმელს დიდხანს შეგინარჩუნებთ

ტანსაცმლის რეცხვა ერთი შეხედვით მარტივი საქმეა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დაცვა დაგეხმარებათ, რომ საყვარელი სამოსი არ დაზიანდეს, ფერი არ დაკარგოს და ფორმა შეინარჩუნოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მათთვის, ვინც სარეცხის გარეცხვას დამოუკიდებლად ახლა იწყებს.

გთავაზობთ 7 მარტივ რჩევას, რომლებიც რეცხვის პროცესს გაგიმარტივებთ.

1. მსგავსი ფერის ტანსაცმელი ერთად გარეცხეთ

ტანსაცმელი ფერების მიხედვით დაახარისხეთ. მუქი, ღია და ფერადი სამოსი ცალ-ცალკე გარეცხეთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ახალ ტანსაცმელთან, რადგან შესაძლოა ფერი გაუშვას და სხვა ნივთები შეღებოს. თუ არ იცით, რამდენად მდგრადია ქსოვილის ფერი, ახალი სამოსი ცალკე, ცივ წყალში გარეცხეთ.

2. გარეცხვამდე ტანსაცმლის ეტიკეტი შეამოწმეთ

ეტიკეტზე მითითებულია, რა ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს სამოსი და როგორ უნდა გაშრეს. ზოგიერთი ქსოვილი მაღალ ტემპერატურას ვერ იტანს და შეიძლება დაპატარავდეს ან ფორმა დაკარგოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ქაშმირისა და სხვა ნაზი ქსოვილების შემთხვევაში.

3. სარეცხი საშუალება სწორი რაოდენობით გამოიყენეთ

მეტი სარეცხი საშუალება ყოველთვის უკეთეს შედეგს არ ნიშნავს. დაიცავით შეფუთვაზე მითითებული დოზირება და გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა სარეცხ საშუალებას განსხვავებული რაოდენობა სჭირდება. ასევე, ბევრი ქაფი არ ნიშნავს, რომ ტანსაცმელი უკეთ ირეცხება.

4. მათეთრებელი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ

მათეთრებელმა შესაძლოა ქსოვილი დააზიანოს. მისი ხშირი გამოყენება თეთრ ტანსაცმელსაც ასუსტებს. ამიტომ თეთრი სამოსის ყოველი გარეცხვისას მათეთრებლის დამატება საჭირო არ არის. უმჯობესია, ყოველდღიური რეცხვისთვის ისეთი სარეცხი საშუალება გამოიყენოთ, რომელსაც გამათეთრებელი კომპონენტი აქვს.

5. ლაქა მაშინვე დაამუშავეთ

თუ ტანსაცმელი დაგესვარათ, ლაქის ამოყვანა რაც შეიძლება მალე სცადეთ. გამოიყენეთ ლაქების ამომყვანი საშუალება და რეცხვამდე 5-10 წუთით გააჩერეთ. თუმცა არ დატოვოთ ზედმეტად დიდხანს, რადგან ზოგიერთი ლაქა ქსოვილში უფრო ღრმად ჯდება და მისი ამოყვანა რთულდება.

6. ნაზი ქსოვილები ხელით გარეცხეთ

დელიკატური ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში ადვილად შეიძლება დაზიანდეს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თხელ და აბრეშუმის მსგავს ქსოვილებთან, კოლგოტებთან და საცვლებთან. თუ სამოსის ეტიკეტი ხელით რეცხვას გირჩევთ, ეს ინსტრუქცია აუცილებლად გაითვალისწინეთ.

7. სარეცხი მანქანა ზედმეტად არ დატვირთოთ

მანქანაში ბევრი ტანსაცმლის ერთდროულად მოთავსება კარგი იდეა არ არის. ნივთებს თავისუფლად მოძრაობისთვის სივრცე სჭირდება, რათა წყალი და სარეცხი საშუალება ქსოვილამდე კარგად მივიდეს. თუ დოლურა გადატვირთულია, ტანსაცმელი შესაძლოა სათანადოდ ვერ გაირეცხოს.

ამ მარტივი წესების დაცვა დაგეხმარებათ, ტანსაცმელი უკეთ გარეცხოთ და მისი ფერი, ფორმა და ქსოვილი უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ.