ქეით მიდლტონის ვარცხნილობის საიდუმლო - როგორ ინარჩუნებს პრინცესა თმას ყოველთვის უნაკლო და მდიდრულ იერს
- 15.11.2026
ქეით მიდლტონის ვარცხნილობა მისი სტილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია.
პრინცესას თმა ყოველთვის ყურადღებას იქცევს - გრძელი, ხშირი, მბზინავი და ისე დავარცხნილი, თითქოს თითოეული ღერი თავის ადგილასაა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავად კი ბოლო წლებში გამოიყურება. საინტერესოა, რომ ასეთი შედეგისთვის არც თმის დაგრძელებას მიმართავს და არც განსაკუთრებულად რთულ ტექნიკას იყენებს. მთავარი საიდუმლო რეგულარული მოვლა და სწორად შერჩეული დავარცხნის მეთოდია.
ქეითის ბოლო საჯარო გამოჩენებს თუ გავიხსენებთ მის დახვეწილ ჩაცმულობას ყოველთვის ავსებს მხრებზე თავისუფლად ჩამოშლილი, მსუბუქი კულულები.
ამბობენ, რომ ამჟამად ქეითის თმის სიგრძე დაახლოებით 50 სანტიმეტრია. ეს ყველაზე გრძელი ვარცხნილობაა, რომელიც მას ოდესმე ჰქონია.

თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. წლების განმავლობაში პრინცესა მხრებამდე სიგრძის თმას ატარებდა, გაზრდა კი მხოლოდ 2020 წელს დაიწყო.
ცნობილი ბრიტანელი სტილისტი მაიკლ გრეი, რომელსაც ლედი ამელია ვინდზორთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან უმუშავია, განმარტავს, როგორ შეძლო ქეითმა თმის გაზრდა ისე, რომ მას სიჯანსაღე და ხარისხი შეენარჩუნებინა. მისი თქმით, მთავარი რეგულარული შეჭრაა - პრინცესა გამომშრალ და დაზიანებულ ბოლოებს დროულად იშორებს.
„როდესაც ადამიანები თმის გაზრდას იწყებენ, ხშირად ავიწყდებათ, რომ ამ პროცესშიც აუცილებელია მისი შეჭრა, რათა თმა ლამაზი, გრძელი და ჯანმრთელი დარჩეს. ქეითი ყოველ რვა კვირაში ერთხელ თმის ბოლოებს ოდნავ იჭრის“, - ამბობს სტილისტი ამერიკულ ჟურნალ Grazia-სთან საუბრისას.

მცირე შეჭრა გაყოფილი ბოლოების მოცილებას უწყობს ხელს მანამ, სანამ დაზიანება თმის უფრო მაღალ ნაწილზე გავრცელდება. სწორედ ასე ახერხებს პრინცესა სიგრძის შენარჩუნებას ისე, რომ თმა მოვლილ იერს არ კარგავს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ქეითის საფირმო დავარცხნის მეთოდი. გრძელ თმაზე ძირებთან მოცულობის შენარჩუნება რთულია - თმის სიმძიმე მას ქვემოთ ექაჩება და თხემის არეში ვარცხნილობა ხშირად ბრტყელდება. ქეითის შემთხვევაში კი მოცულობა მთელი დღის განმავლობაში შესამჩნევია.
პრინცესას სტილისტი ამანდა კუკი, რომელიც მას უკვე რამდენიმე წელია ემსახურება, ვარცხნილობის შექმნის ტექნიკასაც გვიზიარებს. მისი თქმით, ამისთვის ფენსა და სხვადასხვა დიამეტრის მრგვალ სავარცხლებს იყენებს. თავდაპირველად თმის ძირებს ზემოთ სწევს და სტაილინგის საშუალებით აფიქსირებს, შემდეგ კი კულულებს ახვევს. თმის ცხელი ჰაერისგან დასაცავად მუშაობის დაწყებამდე თერმოდამცავ საშუალებასაც იყენებს.
დასრულების შემდეგ კულულებს სავარცხლით აღარ შლიან - მათ მხოლოდ თითებით ოდნავ ასწორებენ, რათა თმამ გლუვი და ბუნებრივი ტექსტურა შეინარჩუნოს. ხოლო თუ თმა ძალიან გაფუვდა, საბოლოო ეტაპზე მცირე რაოდენობით დამარბილებელი საშუალების გამოყენება ვარცხნილობას უფრო მოწესრიგებულ იერს მისცემს.
თემები: კეიტ მიდლტონი, ქეით მიდლტონი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია