ნარცისი მშობლების შვილებს: 6 რჩევა, რომლებიც საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში დაგეხმარებათ
- 15.11.2026
ნარცისი მშობლების გარემოცვაში გაზრდამ შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც დატოვოს კვალი. ასეთ ადამიანებს ხშირად უჭირთ საკუთარი თავის დაფასება, ემოციების გამოხატვა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება. თუმცა ბავშვობის მძიმე გამოცდილება არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება მისი გავლენის ქვეშ უნდა გაატაროთ.
ნარცისი მშობელი არის ადამიანი, რომელიც ურთიერთობაში საკუთარ სურვილებსა და ემოციებს შვილის საჭიროებებზე მაღლა აყენებს. მუდმივად აკრიტიკებს შვილს, აკონტროლებს მის გადაწყვეტილებებს, უგულებელყოფს მის გრძნობებს და სიყვარულსა თუ აღიარებას გარკვეულ პირობებს უკავშირებს. ასეთ გარემოში გაზრდილ ბავშვს შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც გაუჭირდეს საკუთარი თავის დაფასება, პირადი საზღვრების დაცვა და საკუთარი სურვილების გამოხატვა.
ნარცისიზმის მკვლევარი შაჰიდა არაბი რამდენიმე გზას გვთავაზობს, რომლებიც საკუთარ თავზე ზრუნვისა და წარსულისგან გათავისუფლების პროცესში დაგეხმარებათ.
1. მოუსმინეთ საკუთარ თავს
ეცადეთ, გაარკვიოთ, რა გტკივათ, რა გაღიზიანებთ და რისგან ცდილობთ თავის დაცვას. ზოგჯერ ბავშვობაში მიღებული გამოცდილება ზრდასრულ ასაკშიც გვაიძულებს, თავი ავარიდოთ ადამიანებს ან ყველაფრის გაკონტროლება ვცადოთ. საკუთარ ემოციებზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოთერაპევტთან მუშაობა ამ ქცევების გააზრებაში დაგეხმარებათ.
2. დაიბრუნეთ ბავშვური სიხარული
ნარცისული მშობლების შვილებს ხშირად ბავშვობიდანვე უწევთ ისეთი პასუხისმგებლობების აღება, რომლებიც მათ ასაკს არ შეეფერება. შედეგად, თამაშისა და უდარდელობისთვის დრო აღარ რჩებათ.
ზრდასრულ ასაკშიც შეგიძლიათ დაიბრუნოთ ეს განცდა - იცეკვოთ, დახატოთ, ითამაშოთ, იკითხოთ, მეგობრებთან ერთად გაერთოთ ან საყვარელ სერიალს უყუროთ. მთავარია, აკეთოთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და არა ის, რისგანაც რაიმე შედეგს ელოდებით.
3. ნუ გააგრძელებთ საკუთარი თავის კრიტიკას
თუ ბავშვობაში ხშირად გაკრიტიკებდნენ, შესაძლოა, დღესაც საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრად განსჯიდეთ. ეცადეთ, ამოიცნოთ საკუთარ თავში მშობლისგან გადმოყოლილი კრიტიკული ხმა და ის რეალობისგან განასხვაოთ.
გაიხსენეთ თქვენი მიღწევები და ის დადებითი შეფასებები, რომლებიც სხვა ადამიანებისგან მიგიღიათ. ასევე, ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს იმ ტკივილის გამო, რომელიც ბავშვობაში მოგაყენეს. უფლება გაქვთ, აღიაროთ უსამართლობა და გლოვობდეთ დაკარგულ ბავშვობას.
4. საკუთარ საჭიროებებს სხვებზე ნაკლებ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ
ნარცისული მშობლების შვილებს ხშირად უჭირთ საკუთარ თავზე ზრუნვა, რადგან ბავშვობიდან აქვთ განცდა, რომ საკმარისად კარგები არ არიან და ზრუნვას არ იმსახურებენ.
ყოველდღე ჰკითხეთ საკუთარ თავს: საკმარისად ვისვენებ? რა მჭირდება ახლა? როგორ ვგრძნობ თავს? დაუთმეთ დრო საყვარელ საქმიანობას, დასვენებასა და იმ პატარა რიტუალებს, რომლებიც განწყობას გიუმჯობესებთ. ისწავლეთ საკუთარი ემოციების მიღებაც და გახსოვდეთ, რომ ბრაზის გამოხატვაც ბუნებრივია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი საზღვრები ირღვევა.
5. საკუთარ თავს ისე ესაუბრეთ, როგორც საყვარელ ადამიანს
შეცვალეთ საკუთარ თავთან საუბრის ტონი. ნაცვლად იმისა, რომ შეცდომების გამო გაკიცხოთ, უთხარით საკუთარ თავს: „შენ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებ“.
შეგიძლიათ სარკის წინაც ივარჯიშოთ - გაიხსენოთ თქვენი კარგი თვისებები და შეაქოთ საკუთარი თავი. ნუ მოითხოვთ ყველაფრის ერთდროულად შეცვლას. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით და საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებაც მიეცით.
6. დააფასეთ საკუთარი მიღწევები
ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ იმაზე, რაც არ გამოგივიდათ. ჩამოწერეთ თქვენი ძლიერი მხარეები, წარმატებები და ის საქმეები, რომლებითაც ამაყობთ.
დღის ბოლოს გაიხსენეთ, რა გაგიხარდათ და რისთვის ხართ მადლიერი. მცირე გამარჯვებების შემჩნევაც მნიშვნელოვანია - ისინი შეგახსენებთ, რომ წინ მიიწევთ და ბევრად მეტი შეგიძლიათ, ვიდრე ზოგჯერ თავად გგონიათ.
ბავშვობის გამოცდილება თქვენი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ის თქვენს მომავალს არ განსაზღვრავს. საკუთარი თავის მიღება და მასზე ზრუნვა ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ ისწავლოთ.
თემები: მშობლები და შვილები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია