LIFE

შვილი დააქორწინა, თუ თავადაც გათხოვდა? 79 წლის შერმა შვილის ქორწილში გიგანტური ბრილიანტის ბეჭდით ნამდვილი ფურორი მოახდინა

შვილი დააქორწინა, თუ თავადაც გათხოვდა? 79 წლის შერმა შვილის ქორწილში გიგანტური ბრილიანტის ბეჭდით ნამდვილი ფურორი მოახდინა

ჰოლივუდის Roosevelt Hotel-ში გამართული საქორწილო ცერემონია, რომელიც ერთი შეხედვით შერის უფროსი ვაჟის, ჩაზ ბონოსა და მისი რჩეულის, შარა ბლუ მათესის დღესასწაული უნდა ყოფილიყო, მოულოდნელად თავად პოპ-დივას გარშემო ატეხილ სკანდალში გადაიზარდა.

79 წლის ლეგენდარულმა მომღერალმა საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა - მიზეზი კი მის არათითზე გაბრწყინებული უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი გახდა, რომელმაც ეგრევე გააჩინა ეჭვი: ხომ არ იქორწინა შერმა ფარულად თავის 40 წლით უმცროს პარტნიორზე, ალექსანდრ ედვარდსზე?

ვარსკვლავური ქორწილი და „საეჭვო“ სამკაული

ორშაბათს გამართულ წვეულებაზე შერი საკმაოდ უცნაური, მისთვის დამახასიათებელი ექსცენტრიკული იმიჯით გამოჩნდა - მას ვარსკვლავებით მოხატული სპორტული ორეული და ბოტასები ეცვა.



თუმცა, ყურადღება არა მისმა ჩაცმულობამ, არამედ მარცხენა ხელზე არსებულმა ძვირადღირებულმა ბეჭედმა მიიპყრო, რომელსაც გვერდს კიდევ ერთი სადა ბეჭედი უმშვენებდა - ეს კომბინაცია დასავლურ კულტურაში სწორედ დაქორწინებული სტატუსის სიმბოლოა.

მომღერლისა და მისი პარტნიორის წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ, რაც მედიის ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

40-წლიანი ასაკობრივი სხვაობა და სიყვარულის ისტორია

შერისა და ედვარდსის რომანი 2022 წლის ბოლოს გახმაურდა. მას შემდეგ წყვილს არაერთხელ მოუწია თავის მართლება მათ შორის არსებული 40-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო, რაზეც მომღერალმა არაერთხელ განაცხადა, რომ „სიყვარულმა მათემატიკა არ იცის“.

შერი აღფრთოვანებულია ალექსანდრთან ურთიერთობით და ხშირად საუბრობს მის 6 წლის ვაჟზე, სლეშზე (რომელიც ედვარდსს ამბერ როუზთან ჰყავს). იანვარში ერთ-ერთ პოდკასტში შერმა იხუმრა კიდეც:

„სანამ ალექსანდრს შევხვდებოდი, სახლში დავდიოდი და ვამბობდი: მჭირდება კაცი და მჭირდება პატარა ბავშვი-მეთქი“.

იყო თუ არა ეს „საუკეთესო საშობაო საჩუქარი“?

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წყვილის ნიშნობაზე საუბრობენ. ჯერ კიდევ 2023 წელს ედვარდსმა მომღერალს გიგანტური ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, რომელსაც შერმა „საუკეთესო საშობაო საჩუქარი“ უწოდა. მაშინ მან განმარტა, რომ ბეჭედი ნიშნობის არ იყო.

თუმცა, ახლა, როცა ბრილიანტს გვერდით მეორე ბეჭედიც გაუჩნდა, ჰოლივუდის ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმა.

ჩაზ ბონოს ბედნიერება

სანამ მედია შერის პირად ცხოვრებას განიხილავს, თავად მომღერალი ბედნიერია შვილის გამო. 57 წლის ჩაზ ბონომ და შარა ბლუმ 2017 წლიდან მოყოლებული ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინეს.



შერისთვის ეს განსაკუთრებული დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეორე ვაჟის, ელაიჯა ბლუ ოლმანის გარშემო ბოლო დროს ატეხილი სკანდალები (დაპატიმრებები და სასამართლო დავები) ოჯახს დიდ თავსატეხს უჩენს.

შეგახსენებთ, რომ შერი ორჯერ იყო დაქორწინებული: სონი ბონოსა და გრეგ ოლმანზე. თუ ჭორები დადასტურდა, ალექსანდრ ედვარდსი პოპ-ლეგენდის მესამე ქმარი გახდება.