კაია გერბერი ძმის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მუშაობას დაუბრუნდა
- 04.11.2026
25 წლის მოდელი კაია გერბერი სამუშაოს ძმის, 27 წლის პრესლი გერბერის გარდაცვალებიდან თვეზე მეტი ხნის შემდეგ დაუბრუნდა. პრესლი 20 სექტემბერს, კალიფორნიის სარეაბილიტაციო საცხოვრებელ დაწესებულებაში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზად სავარაუდო ზედოზირება გახდა.
კაია JW Anderson-ისა და UGG-ის ერთობლივი კამპანიის სახე გახდა. ფოტოსესიაში მოდელმა რამდენიმე განსხვავებული იმიჯი მოირგო: ერთ ფოტოში შავი კაბა და მწვანე UGG-ის ჩექმები აცვია, მეორეში კი ნაცრისფერ სავარძელზე წევს, შავ მაქმანებიან კაბასა და ტყავის ქურთუკში, ბეჟი ჩექმებით.

კიდევ ერთ ფოტოში კაია ჯინსსა და თეთრ ტოპშია გამოწყობილი. უცნობია, ფოტოსესია პრესლის გარდაცვალებამდე გაიმართა თუ მის შემდეგ.


პრესლი გერბერის გარდაცვალება
პრესლი ღიად საუბრობდა დამოკიდებულებასთან და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. 19 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 10 საათზე, ის Resolutions Living-ში მივიდა. მომდევნო დილით მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შვილის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კაიას მშობლებმა, სინდი კროუფორდმა და რენდი გერბერმა, სოციალურ ქსელში შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნეს და ოჯახისთვის მძიმე დანაკარგის შესახებ განცხადება გაავრცელეს.

„გული გვტკივა ჩვენი საყვარელი შვილისა და ძმის დაკარგვის გამო. ბედნიერები ვართ, რომ პრესლი 27 წლის განმავლობაში ჩვენს ცხოვრებაში იყო. ის კეთილი და ლამაზი სული იყო, რომელსაც უყვარდა და თავადაც უყვარდათ. ვამაყობთ იმით, თუ როგორ ცხოვრობდა - სიკეთითა და გულწრფელობით. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ მძიმე დროს სიყვარულსა და მხარდაჭერას გვიზიარებს. შევხვდებით ისევ, ჩვენო ძვირფასო ბიჭო. სამუდამოდ გვიყვარხარ“, - დაწერეს მათ.
კაია გერბერის ემოციური მიმართვა ძმას
კაიამ ძმას ცალკე, ემოციური პოსტიც მიუძღვნა და მათ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„პრეს, სიტყვები არ მყოფნის. იქნებ მცირე ნუგეში ის არის, რომ მათ გარეშეც შეგვიძლია არსებობა. სიტყვები უძლურია, ისინი ამცირებს, აჯამებს და სიმართლეს ყოველთვის ვერ იტევს. როგორი გულუბრყვილო ვიყავი, როცა მჯეროდა, რომ ენას შეეძლო მწუხარების გადმოცემა.

შენი და ყოფნა ყოველთვის ჩემი ცხოვრების საყვარელი ნაწილი იყო და ასე იქნება სამუდამოდ. ამქვეყნად შენზე ჩაჭიდებული მოვედი. იმდენად მიყვარდი, რომ არ ვიცოდი, ეს სიყვარული სად წამეღო. ახლა კი, როცა მას აშკარა მიმართულება აღარ აქვს, მეშინია, რომ მთლიანად შთანთქავს ჩემს თავს“, - დაწერა კაიამ.
მოდელმა ასევე აღნიშნა, რომ სწავლობს, როგორ უყვარდეს ძმა მაშინაც კი, როცა მის დანახვას ვეღარ შეძლებს.
თემები: სინდი კროუფორდი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია