მოზარდობისას ბევრი ადგენს იმ წიგნების სიას, რომელთა წაკითხვაც 20 წლამდე უნდა მოასწროს. თუმცა ამ ასაკშიც კი, როდესაც ადამიანი თავს უკვე ზრდასრულად და დამოუკიდებლად გრძნობს, ლიტერატურაში ბევრი რამ მაინც გაუგებარი რჩება: პერსონაჟების მოტივები არალოგიკური ჩანს, მათი საქციელი - იმპულსური, ხოლო ცხოვრებისეული არჩევანი - აუხსნელი.
40 წელთან მიახლოებისას ნაცნობი ისტორიები სრულიად სხვაგვარად იწყებენ გახსნას. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ჩვენ ვიცვლებით, ამ მომენტისთვის ზურგს უკვე საკმარისი პირადი გამოცდილება გვიმაგრებს, რათა წიგნებში ისეთი ახალი სიღრმეები დავინახოთ, რომლებიც ადრე შეუმჩნეველი რჩებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი ნაწარმოები იმსახურებს, ჩვენ შევარჩიეთ ათი წიგნი, რომლებიც განსაკუთრებით ღირს წასაკითხად 40 წლამდე.
1. „სიამაყე და ცრურწმენა“ - ჯეინ ოსტინი
„სიამაყე და ცრურწმენა“ არის კლასიკა, რომელსაც სხვადსხვა თაობაში წიგნებისადმი სიყვარულის გაღვივება შეუძლია. ჯეინ ოსტინის ნაწარმოებებში არის ყველაფერი, რაც იდეალური ამბისთვისაა საჭირო: მახვილგონივრული წერის სტილი ოსტატურად ერწყმის კარგად გააზრებულ პერსონაჟებს. თუ ჯეინ ოსტინის შემოქმედების გაცნობას ახლა იწყებთ, ეს რომანი საუკეთესო არჩევანია.

რომანის მთავარი გმირი, ელიზაბეთ ბენეტი, მახვილგონიერი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცდილობს გაერკვეს სიყვარულში, ოჯახურ მოლოდინებსა და სოციალურ ზეწოლაში რეგენტობის ხანის ინგლისში. როდესაც ის მდიდარ და თავშეკავებულ მისტერ დარსის ხვდება, მათ შორის არსებული პირველადი ანტიპათია მოულოდნელი ლტოლვითა და ერთმანეთის უფრო ღრმა გაგებით იცვლება.
2. „საიდუმლო ისტორია“ -დონა ტარტი
სიუჟეტის მიხედვით, ახალი ინგლისის ელიტარული კოლეჯის ნიჭიერი, თუმცა ჩაკეტილი სტუდენტების ჯგუფი მოხიბლული რჩება თავისი ქარიზმატული კლასიკური ფილოლოგიის პროფესორითა და მისი არატრადიციული მსოფლმხედველობით.
რაც უფრო მეტად სცილდება მათი ცოდნისკენ სწრაფვა მორალის საზღვრებს, მათი აკვიატება მით უფრო მეტად გადადის საიდუმლოებაში, ღალატსა და ტრაგედიაში.
ისინი, ვისაც ეს რომანი უკვე წაკითხული აქვთ, გვირჩევენ, მას ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში მივუბრუნდეთ. „საიდუმლო ისტორიის“ სამყარო იმდენად მდიდარია, რომ ის იდეალური წიგნია, თუ ჰედონიზმს ხართ მოწყურებული.
3. „გილეადი“ - მერილინ რობინსონი
თავისი მცირეწლოვანი ვაჟისადმი მიწერილ წერილში ხანდაზმული პასტორი ჯონ ეიმსი ფიქრობს თავისი ოჯახის ისტორიაზე, საკუთარ რწმენასა და კონფლიქტების, მსხვერპლისა და სიყვარულის იმ თაობებზე, რომლებმაც მისი ცხოვრება ჩამოაყალიბეს.
რომანის მოქმედება 1950-იანი წლების ამერიკულ აიოვაში ვითარდება და ეხება მამებისა და შვილების მარადიულ თემას, ისტორიის სიმძიმესა და სრულყოფილებისგან დაშორებულ სამყაროში სულიერი სიმშვიდისა და აზრის ძიებას.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დინამიკურ სიუჟეტს მოკლებულია და ძირითადად თეოლოგიური მსჯელობებისგან, ყოფითი ჩანახატებისა და სამყაროს ყოველდღიური სილამაზით აღტაცებისგან შედგება, რწმენაზე, მეხსიერებასა და მამობაზე ამ ღრმა და პოეტური საუბრისთვის მწერალს 2005 წელს პულიცერის პრემია მიენიჭა.
4. „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ - ელიზაბეთ გილბერტი
შესაძლოა, უკვე ნანახი გაქვთ ეკრანიზაცია ჯულია რობერტსის მონაწილეობით. ახლა კი სწორედ ის დროა, წაიკითხოთ თვითონ რომანიც, რომელშიც ელიზაბეთ გილბერტი მიემგზავრება თვითშემეცნების, საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითრეალიზაციის მოგზაურობაში.
თავის მემუარებში ის ჰყვება იტალიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში მოგზაურობაზე, სადაც მტკივნეული განქორწინების შემდეგ ცხოვრების ბალანსსა და აზრს ეძებს. ეს არის ამბავი პიროვნულ ზრდასა და საკუთარი თავის პოვნაზე.
„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ შთააგონებს ქალებს, ყურადღება დაუთმონ საკუთარ თავზე ზრუნვას, ეძიონ თავგადასავლები და მიიღონ ცხოვრების გაურკვევლობები.
5. „ზარხუფი“ - სილვია პლათი
სილვია პლათის ეს რომანი გვიყვება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გულწრფელ აღწერაზე, რომლებსაც მისი გმირი, ესტერ გრინვუდი აწყდება. წიგნი მოგვითხრობს იმ სირთულეებზე, რომლებსაც სამყაროში ნებისმიერი ქალი შეიძლება წააწყდეს.
პლათი ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საკუთარ თავზე ზრუნვის მნიშვნელობას. ის მოუწოდებს ქალებს, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მიმართონ - და შესაძლოა, სწორედ ეს არის მისი ბესტსელერის მთავარი სათქმელი.
6. „ქალი თეთრებში“ - უილკი კოლინზი
კლასიკური გოთიკური დეტექტივი ბნელ საიდუმლოებებზე, ვერაგ შეთქმულებებსა და პიროვნების ჩანაცვლებაზე, რომელიც პირველივე გვერდებიდან ჩაგითრევთ.
სიუჟეტის მიხედვით, ხატვის ახალგაზრდა მასწავლებელი უოლტერ ჰართრაიტი იძიებს გრაფ ფოსკოსა და სერ პირსივალ გლაიდის სასტიკ გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ლორა ფერლის მემკვიდრეობის მითვისებას მისი საგიჟეთში გამოკეტვის გზით.
ამ დეტექტივის ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ თხრობა სხვადასხვა პერსონაჟის სახელით მიმდინარეობს, რაც სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩახლართულ ისტორიას თანდათანობით ხდის ფარდას.
_1785498186.jpg)
7. „მოგზაურობა ინდოეთში“ - ედვარდ მორგან ფორსტერი
ამ რომანის მოქმედება ვითარდება ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფონზე, ხოლო სიუჟეტი აგებულია ორი ინგლისელი ქალბატონის - მისის მურისა და ადელა კუესტედის - ვიზიტზე გამოგონილ ქალაქ ჩანდრაპურში.
მთავარი გმირები ცდილობენ დაინახონ „ნამდვილი ინდოეთი“ და დაუახლოვდნენ ადგილობრივებს. ისინი ხვდებიან ექიმ-მუსლიმს, დოქტორ აზიზს, რომელიც მათთვის ექსკურსიას აორგანიზებს ამოუცნობ მარაბარის გამოქვაბულებში. გამოქვაბულის შიგნით ადელა ძლიერ პანიკურ შოკს განიცდის და დაბრუნების შემდეგ აზიზს ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს, რაც მყისიერად ხლეჩს საზოგადოებას და აღვივებს რასობრივ სიძულვილს.
ექიმის სასამართლო პროცესი რომანის კულმინაცია ხდება, რომელსაც ადელას მხრიდან მოულოდნელი აღიარება მოჰყვება.
8. „მიდლმარჩი“ - ჯორჯ ელიოტი
XIX საუკუნის მიდლენდსის გამოგონილი პატარა ქალაქი მასშტაბურ ცვლილებებს განიცდის - რეფორმის შესახებ კანონპროექტი, ახალი რკინიგზა და სამეცნიერო მიღწევები ყველა მცხოვრებს რყევებით ემუქრება.
ამ ფონზე ვითარდება ჩვეულებრივი ადამიანების მშვიდი დრამა, რომელშიც რომანის პერსონაჟები მონაწილეობენ - მანამ, სანამ ორი უცხოს გამოჩენა კიდევ უფრო არ დაარღვევს ქალაქის წონასწორობას.
„მიდლმარჩი“ გვიჩვენებს ელიოტის ფხიზელ, თუმცა ჰუმანურ მზერას პერსონაჟებზე, რომლებიც თვითშემეცნების პროცესში არიან ჩაბმულნი.
9. „High Fidelity“ (მაღალი სიზუსტე) - ნიკ ჰორნბი
რობი პოპ-მუსიკის გატაცებული მოყვარულია, რომელიც ფირფიტების საკუთარ მაღაზიას ფლობს. მისმა შეყვარებულმა, ლორამ, ის ახლახან მიატოვა სხვა მამაკაცის გამო, რის გამოც რობი ერთდროულად უბედურიცაა და მოხარულიც.
გმირი ნუგეშს ექსცენტრიკული კოლეგების გარემოცვაში ეძებს, ხოლო მომღერალთან წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ ისევ ხვდება ლორას. სწორედ მაშინ იწყებს რობი ფიქრს, რომ ცხოვრება შვილებით, ქორწინებითა და ეზოში ბარბექიუთი შესაძლოა არც ისე ცუდი იყოს.
ამ კულტურულმა რომანმა ორ ეკრანიზაციას შთააბერა სული - 2000 წლის ფილმს „ფანატიკი“ (High Fidelity) ჯონ კიუსაკისა და ლიზა ბონეს მონაწილეობით და 2020 წლის მინი-სერიალს „მელომანი“, რომელშიც ბონეს ქალიშვილმა, ზოი კრავიცმა ითამაშა.
10. „დარწმუნება“ (გონიერების არგუმენტები) - ჯეინ ოსტინი
კიდევ ერთი კლასიკა ჯეინ ოსტინისგან. ოცდაშვიდი წლის ასაკში მთავარი გმირი, ენ ელიოტი, უკვე აღარ არის ახალგაზრდა და ცოტა რომანტიკული პერსპექტივა აქვს დარჩენილი. რვა წლის წინ მეგობარმა, ლედი რასელმა, ის დაარწმუნა, გაეწყვიტა ნიშნობა ფრედერიკთან - სიმპათიურ საზღვაო კაპიტანთან, რომელსაც არც ქონება გააჩნდა და არც მაღალი მდგომარეობა საზოგადოებაში.
„დარწმუნების“ მოქმედება ლაიმ-რეჯისისა და ბათის მაღალ საზოგადოებაში ვითარდება და წარმოადგენს ბრწყინვალე სატირას ამპარტავნებასა და პრეტენზიულობაზე, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, სიყვარულის ისტორიაა.
თემები: წიგნი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია