LIFE

ფინალი, რომელსაც ვერ დაივიწყებთ - 7 ფილმი, რომელიც თავიდან უნდა ნახოთ

ფინალი, რომელსაც ვერ დაივიწყებთ - 7 ფილმი, რომელიც თავიდან უნდა ნახოთ

ზოგჯერ ფილმის ფინალი იმდენად მოულოდნელია, რომ დასრულებისთანავე გიჩნდება სურვილი, თავიდან ჩართო და უკვე სხვა თვალით უყურო. ასეთი ისტორიები მაყურებელს მთელი ფილმის განმავლობაში ნანახი დეტალების თავიდან გააზრებას აიძულებს.

გთავაზობთ 7 ფილმს, რომელთა ფინალიც ნამდვილად დაგამახსოვრდებათ.

„ჩამოსვლა“ - 2016 წელი

დენი ვილნევის სამეცნიერო ფანტასტიკა დედამიწის სხვადასხვა წერტილში უცხოპლანეტელების უზარმაზარი ხომალდების გამოჩენით იწყება. მათი მიზანი უცნობია და კაცობრიობა შესაძლო ომისთვის ემზადება.

მთავარი გმირი, ლინგვისტი ლუიზ ბენქსი, ფიზიკოს იან დონელისთან ერთად ცდილობს, იდუმალი არსებების ენა გაშიფროს. მათი კომუნიკაციის თავისებურებების შესწავლისას კი ლუიზას რეალობის აღქმა თანდათან ეცვლება. ფინალი ფილმის დასაწყისსა და მთელ ისტორიას სრულიად სხვა მნიშვნელობას სძენს.

„სხვები“ - 2001 წელი

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გრეის სტიუარტი ორ შვილთან ერთად იზოლირებულ სასახლეში ცხოვრობს და ქმრის დაბრუნებას ელოდება. ბავშვებს იშვიათი დაავადება აქვთ, რის გამოც მზის სინათლეს ვერ იტანენ. სახლში ფარდები მუდმივად ჩამოფარებულია, კარები კი მხოლოდ მკაცრი წესების დაცვით იღება.

როდესაც ძველი მსახურები მოულოდნელად ქრებიან და მათ ნაცვლად სამი უცნაური ადამიანი ჩნდება, სახლში უცნაური მოვლენებიც იწყება. ფილმის ბოლო ნაწილი კი მაყურებელს აიძულებს, მანამდე ნანახი მოვლენები სრულიად სხვა თვალით შეაფასოს.

„ჩვენ“ - 2019 წელი

ადელეიდ უილსონს ბავშვობის ტრავმული მოგონება წლების განმავლობაში თან სდევს. ბავშვობაში ის სანაპიროზე სარკეების ლაბირინთში აღმოჩნდა და იქ საკუთარ ორეულს შეხვდა.

წლების შემდეგ ადელეიდი მეუღლესა და ორ შვილთან ერთად იმავე ადგილას ბრუნდება. ღამით მათი სახლის წინ წითელ კომბინეზონებში ჩაცმული ოთხი უცნობი ჩნდება. მალე ირკვევა, რომ ისინი ოჯახის თითოეული წევრის უცნაური ორეულები არიან.

ჯორდან პილის ფილმი მხოლოდ საშინელებათა ისტორია არ არის - ფინალში აღმოჩენილი დეტალი კი მაყურებელს ფილმის თავიდან ნახვის სურვილს ნამდვილად უჩენს.

„ეს უგუნური სიყვარული“ - 2011 წელი

კოლ უივერის მშვიდი ოჯახური ცხოვრება მოულოდნელად ინგრევა, როდესაც ცოლი ღალატს უმხელს და განქორწინებას სთხოვს. სასოწარკვეთილი კოლი საღამოებს ბარში ატარებს, სადაც ახალგაზრდა მექალთანე ჯეიკობ პალმერი გაიცნობს.

ჯეიკობი გადაწყვეტს, კოლს ახალი ცხოვრების დაწყებაში დაეხმაროს - უცვლის ჩაცმის სტილს, ასწავლის თავდაჯერებულ ქცევას და ფლირტის ხელოვნებას. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი რომანტიკული კომედია თანდათან ერთმანეთთან დაკავშირებულ ისტორიად იქცევა, ხოლო ფინალი რამდენიმე პერსონაჟის ურთიერთობას სრულიად ახალ კონტექსტს აძლევს.

„გადი“ - 2017 წელი

კრისი შეყვარებული გოგონას ოჯახთან სტუმრად მიდის და თავიდან ყველაფერი ზედმეტად მშვიდად და მეგობრულად გამოიყურება. თუმცა მდიდარი ოჯახის სახლში ყოფნისას ახალგაზრდა ფოტოგრაფს თანდათან სულ უფრო უცნაური დეტალები აფრთხობს.

განსაკუთრებით საეჭვოა ოჯახის შავკანიანი მსახურების ქცევა. ვითარება კიდევ უფრო უცნაური ხდება მას შემდეგ, რაც გოგონას დედა კრისს ჰიპნოზის სეანსს უტარებს.

ჯორდან პილის ფსიქოლოგიური ჰორორი ფინალამდე არ გაძლევთ საშუალებას, სრულად მიხვდეთ, რა ხდება სინამდვილეში.

„გამოსყიდვა“ - 2007 წელი

1935 წელი. ინგლისურ მამულში მცხოვრები 13 წლის ბრაიონი საკუთარი დის, სესილიას და მებაღის ვაჟის, რობის ურთიერთობას აკვირდება. ბავშვური წარმოდგენები და ეჭვიანობა მას რამდენიმე მოვლენას არასწორად დაანახვებს.

როდესაც ოჯახში მძიმე დანაშაული ხდება, ბრაიონის ჩვენება რობის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. შეყვარებულები ერთმანეთს შორდებიან, ხოლო მოვლენების ნამდვილი სურათი მხოლოდ მოგვიანებით იკვეთება.

ფილმის ფინალი განსაკუთრებით ემოციურია და მანამდე ნანახ ისტორიას სრულიად სხვა მნიშვნელობას სძენს.

„ძიება“ - 2018 წელი

დევიდ კიმი 16 წლის ქალიშვილის, მარგოს, გაუჩინარების შემდეგ ხვდება, რომ მის ცხოვრებაზე იმაზე ნაკლები იცის, ვიდრე ეგონა. პოლიციის ძებნასთან ერთად ის ქალიშვილის კომპიუტერსა და სოციალურ ქსელებს ამოწმებს და ცდილობს, მისი ბოლო ნაბიჯები აღადგინოს.

რაც უფრო მეტ ინფორმაციას პოულობს, მით უფრო განსხვავებული ხდება მარგოს შესახებ მისი წარმოდგენა. სოციალური ქსელები, მიმოწერები, საბანკო გადარიცხვები და ვიდეოები ერთმანეთთან დაკავშირებულ დეტალებად იქცევა და მაყურებელს ბოლომდე აიძულებს, საკუთარ ვერსიებში ეჭვი შეიტანოს.