სამსახურიდან წასვლა ყოველთვის მარტივი გადაწყვეტილება არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა უკმაყოფილო ხართ, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა ან უბრალოდ ხვდებით, რომ დროა, ახალი ეტაპი დაიწყოთ.
თუმცა, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მნიშვნელოვანია, როგორ დატოვებთ სამსახურს - პროფესიონალურად და მშვიდად, თუ კონფლიქტითა და წყენით.
არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომლებიც დაგეხმარებათ, სამსახური ისე დატოვოთ, რომ მომავალში არც ურთიერთობების შენარჩუნება გაგიჭირდეთ და არც საკუთარი გადაწყვეტილება ინანოთ. კარიერულ რჩევებში ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაც სწორედ პროფესიული ურთიერთობების შენარჩუნებაა.
1. გადაწყვეტილებამდე ხელმძღვანელს ესაუბრეთ
თუ სამსახურის დატოვებას უკმაყოფილების გამო გეგმავთ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეიძლება ხელმძღვანელთან საუბარი ღირდეს.
უთხარით, კონკრეტულად რა გაწუხებთ და არსებობს თუ არა რაიმეს შეცვლის შესაძლებლობა. შესაძლოა, პრობლემა ისეთი იყოს, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია - მაგალითად, სამუშაო დატვირთვა, მოვალეობები ან პირობები.
თუ გადაწყვეტილება საბოლოოდ მაინც წასვლაა, ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ოფიციალურ პროცედურაზე გადახვიდეთ.
2. დაწერეთ ოფიციალური განცხადება
სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა დააფიქსიროთ.
განცხადებაში საკმარისია მიუთითოთ, რომ სამსახურს ტოვებთ და რა თარიღიდან აღარ იმუშავებთ. თუ სამსახურის დატოვების მიზეზის დეტალურად ახსნა არ გსურთ, ამის გაკეთება აუცილებელი არ არის.
3. ნუ დაწერთ გრძელ და ემოციურ ტექსტს
თუ კომპანიით, ხელმძღვანელით ან კოლეგებით უკმაყოფილო ხართ წასვლის განცხადება ამის მოსაყოლად საუკეთესო ადგილი არ არის.
არ არის საჭირო დეტალურად დაწეროთ, სად და რატომ არ მოგწონდათ მუშაობა, რამდენს შემოგთავაზებენ ახალ სამსახურში ან კონკრეტულად ვინ გაგაღიზიანათ.
რაც უფრო მოკლე, კონკრეტული და პროფესიული იქნება განცხადება, მით უკეთესი.
4. გადაწყვეტილებაზე ხელმძღვანელს პირადად ესაუბრეთ
თუ შესაძლებელია, გადაწყვეტილების შესახებ ხელმძღვანელს პირადად უთხარით და შემდეგ გადაეცით ოფიციალური განცხადება.
საუბარი მშვიდად დაიწყეთ, აუხსენით, რომ გადაწყვეტილება მიიღეთ და მადლობა გადაუხადეთ თანამშრომლობისთვის.
თუ ხელმძღვანელის რეაქცია უარყოფითი იქნება, ეცადეთ, კამათში არ შეხვიდეთ. თქვენი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კონფლიქტით საუბრის დასრულება მომავალში შეიძლება არასაჭირო პრობლემად იქცეს.
5. მიზეზად ახალი შესაძლებლობა შეგიძლიათ დაასახელოთ
თუ რეალური მიზეზი ის არის, რომ არსებული სამსახური აღარ მოგწონთ, არ არის აუცილებელი ხელმძღვანელს უთხრათ, რომ მასთან მუშაობა აღარ შეგიძლიათ ან კომპანია ცუდად მიგაჩნიათ.
შეგიძლიათ უბრალოდ თქვათ, რომ სხვა პროფესიული შესაძლებლობა გამოჩნდა და კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტეთ.
ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემებზე საუბარი ყოველთვის უნდა დამალოთ - თუ კომპანიაში მნიშვნელოვანი საკითხებია, მათი პროფესიულად და მშვიდად დაფიქსირება შესაძლებელია.
6. ხიდები არ დაწვათ
სამუშაო სფერო ხშირად იმაზე პატარაა, ვიდრე გვგონია. შესაძლოა, მომავალში ყოფილ კოლეგასთან ან ხელმძღვანელთან ისევ მოგიწიოთ თანამშრომლობა, ან მათი რეკომენდაცია დაგჭირდეთ.
ამიტომ წასვლის მომენტში ყველაზე მწვავე ემოციების გამოხატვას შეიძლება მომავალში არასასურველი შედეგები მოჰყვეს.
წასვლა არ ნიშნავს ყველა პროფესიული კავშირის დასრულებას.
7. ბოლო დღემდე ისე იმუშავეთ, როგორც აქამდე
თუ უკვე იცით, რომ მიდიხართ, შეიძლება მოტივაცია სწრაფად დაგეკარგოთ. თუმცა, ოფიციალურ ბოლო დღემდე თქვენი მოვალეობები კვლავ ძალაშია.
ეცადეთ, სამუშაო ჩვეულებრივად გააგრძელოთ, დაასრულოთ მიმდინარე საქმეები, გადასცეთ საჭირო ინფორმაცია კოლეგებს და მაქსიმალურად გაამარტივოთ თქვენი შემცვლელის ან გუნდისთვის სამუშაოს გაგრძელება.
სამსახურიდან წასვლის ბოლო დღე ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირველი - სწორედ ამ დროს რჩება ადამიანებს თქვენთან თანამშრომლობის ბოლო შთაბეჭდილება.
სამსახურის დატოვება კარიერის დასასრული არ არის - ხშირად ეს უბრალოდ ერთი ეტაპის დასრულება და ახლის დაწყებაა. მთავარი კი ის არის, რომ გადაწყვეტილების შემდეგ პროფესიული ურთიერთობები მაქსიმალურად კორექტულად შეინარჩუნოთ.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია