LIFE

7 სერიალი, რომელსაც შაბათ საღამოს პლედში გახვეული სიამოვნებით უყურებთ

7 სერიალი, რომელსაც შაბათ საღამოს პლედში გახვეული სიამოვნებით უყურებთ

როცა გარეთ ცივა და სახლიდან გასვლა სულ უფრო ნაკლებად გინდებათ, საღამოს საინტერესოდ გატარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კარგი სერიალია. განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი მოქმედება ზამთრის პეიზაჟების ფონზე ვითარდება და სიუჟეტიც პირველივე ეპიზოდიდან გითრევთ.

შევარჩიეთ შვიდი სერიალი სხვადასხვა გემოვნებისთვის: საშობაო რომანტიკული ისტორიები, სკანდინავიური დეტექტივები, ჯაშუშური თავგადასავლები და მისტიკური თრილერები. მოიმარაგეთ ჩაი ან ყავა, მოიხურეთ თბილი პლედი და შეარჩიეთ, რომელ სერიალს უყურებთ შაბათის ცივ საღამოს

1. „სახლში შობისთვის“ (Home for Christmas, 2019–2025)

ჟანრი: დრამა, მელოდრამა, კომედია

ქვეყანა: ნორვეგია

IMDb-ის რეიტინგი: 7.7/10



ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საშობაო განწყობის შექმნა თუ გსურთ, ეს ნორვეგიული რომანტიკული კომედია კარგი არჩევანია.

მთავარი გმირი, იოჰანა, ოჯახთან ერთად დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება, თუმცა მშობლების სახლში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. 30 წლის ქალს ოჯახის წევრები გამუდმებით ეკითხებიან, როდის გათხოვდება და როდის ეყოლება შვილები. საქმეს ისიც ართულებს, რომ უმცროსმა ძმამ უკვე შექმნა ოჯახი, თავად კი სამსახურში ზეგანაკვეთურად მუშაობს და პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩება.

ერთ დღეს იოჰანა ვეღარ უძლებს კითხვებს და ოჯახს ატყუებს, რომ შეყვარებული ჰყავს. თანაც ჰპირდება, რომ შობას ყველას გააცნობს. ახლა მას სულ რაღაც 24 დღე აქვს იმისთვის, რომ მართლაც იპოვოს სიყვარული.

2. „დეში და ლილი“ (Dash & Lily, 2020)

ჟანრი: მელოდრამა, კომედია

ქვეყანა: აშშ

IMDb-ის რეიტინგი: 7.5/10



საშობაო რომანტიკის მოყვარულებს ეს სერიალიც მოეწონებათ. ლილი საყვარელ წიგნის მაღაზიაში წითელ ბლოკნოტს ტოვებს, რომელშიც უცნობ ადამიანს გამოწვევას სთავაზობს. ჩანაწერს დეში პოულობს – ჩაკეტილი და ცინიკური ახალგაზრდა, რომელსაც სადღესასწაულო აურზაური არ უყვარს.

ცნობისმოყვარეობა მაინც სძლევს და ის თამაშში ერთვება. ასე იწყება ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის მიმოწერა, რომელიც თანდათან ნამდვილ გრძნობებში გადაიზრდება და ორივეს ცხოვრებას შეცვლის.

3. „შავი მტრედები“ (Black Doves, 2024)

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, თრილერი, დრამა, დეტექტივი

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

IMDb-ის რეიტინგი: 7.2/10



კირა ნაიტლი ჯაშუშის როლში, რომელიც ლონდონის ქუჩებში იარაღით ხელში მტერს ებრძვის - სწორედ ასეთია სერიალი „შავი მტრედები“.

საშობაო დღესასწაულების მოახლოებისას ჰელენი, პროფესიონალი საიდუმლო აგენტი, საყვარლის მკვლელობის შესახებ შეიტყობს. მალე საფრთხე თავად მასაც ემუქრება და დახმარებისთვის საიდუმლო ორგანიზაციას მიმართავს. ორგანიზაცია „შავი მტრედები“ მას დასახმარებლად ყოფილ პარტნიორს უგზავნის.

მათ ერთად უნდა გამოიძიონ მკვლელობის მიზეზები და ამოხსნან ფართომასშტაბიანი შეთქმულება, რომელიც ლონდონის კრიმინალურ სამყაროსა და პოლიტიკურ წრეებს ერთმანეთთან აკავშირებს.

4. „გადასასვლელი“ (Pagan Peak / Der Pass, 2019-2023)

ჟანრი: თრილერი, დრამა, დეტექტივი

ქვეყნები: გერმანია, ავსტრია

IMDb-ის რეიტინგი: 8.0/10



თუ დაძაბული დეტექტიური ისტორიები გიყვართ, „გადასასვლელი“ ყურადღებას ნამდვილად მიიქცევს. სერიალში ერთმანეთს ერწყმის თოვლით დაფარული ალპების პეიზაჟები, სასტიკი მკვლელობა, რთული გამოძიება და წარმართული კულტის იდუმალი კვალი.

ავსტრიისა და გერმანიის საზღვარზე მამაკაცის ცხედარს პოულობენ. დანაშაულის ადგილი აშკარად რიტუალურ მკვლელობაზე მიუთითებს, ამიტომ საქმეში ორივე ქვეყნის პოლიციის გამომძიებლები ერთვებიან.

გერმანელი დეტექტივი ელი სტოკერი ოპტიმისტი და ენერგიული ქალია, მისი ავსტრიელი პარტნიორი გედეონ ვინტერი კი დეპრესიული ალკოჰოლიკია, რომელსაც სამსახურში მხოლოდ პროფესიონალიზმი უნარჩუნებს ადგილს. სრულიად განსხვავებულ ადამიანებს ერთად მუშაობის სწავლა უწევთ, რადგან მკვლელი გაჩერებას არ აპირებს და საფრთხე სხვა ადამიანების სიცოცხლესაც ემუქრება.

5. „საშობაო ქარიშხალი“ (A Storm for Christmas, 2022)

ჟანრი: დრამა, კომედია

ქვეყანა: ნორვეგია

IMDb-ის რეიტინგი: 7.1/10



სერიალის მოქმედება აეროპორტში ვითარდება, სადაც უამინდობის გამო ყველა რეისი უქმდება და ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანები იძულებულნი ხდებიან, შობა ერთად გაატარონ.

მათ შორის არიან ცნობილი პიანისტი არტურ ბერგი, პოპვარსკვლავი იდა, ახალგაზრდა დედა მარია და ბარმენი მარიუსი. თითოეულ მათგანს საკუთარი საზრუნავი აქვს, თუმცა მოულოდნელი გარემოება ყველას გეგმას ცვლის.

ისინი დღესასწაულის გატარებას აეროპორტის არცთუ კომფორტულ სკამებზე აპირებდნენ, თუმცა ეს შემთხვევითი შეხვედრა თითოეული მათგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა.

6. „ვისტინგი“ (Wisting, 2019–2024)

ჟანრი: დრამა, დეტექტივი

ქვეყანა: ნორვეგია

IMDb-ის რეიტინგი: 7.3/10



კიდევ ერთი სკანდინავიური დეტექტივი, რომელსაც განსაკუთრებული ატმოსფერო აქვს. პირველი სეზონის მოქმედება ნორვეგიის პატარა ქალაქ ლარვიკში იწყება, სადაც მამაკაცის სასტიკად მოკლულ ცხედარს პოულობენ.

გამოძიებას გამოცდილი დეტექტივი უილიამ ვისტინგი ხელმძღვანელობს. დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ პლასტმასის პარკზე თითის ანაბეჭდები მის ყურადღებას იქცევს. ექსპერტიზა კი ადგენს, რომ კვალი იმ სერიულ მკვლელს ეკუთვნის, რომელსაც FBI უკვე 20 წელია ეძებს.

7. „ტერორი“ (The Terror, 2018-დღემდე)

ჟანრი: საშინელებათა, თრილერი, დრამა, ფენტეზი

ქვეყანა: აშშ

IMDb-ის რეიტინგი: 7.8/10



შერჩევას ნამდვილად შემზარავი მისტიკური თრილერით დავასრულებთ. სერიალის პირველი სეზონი რეალურ ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება და 1845 წელს იწყება.

ბრიტანელი მკვლევარი სერ ჯონ ფრანკლინი და მისი ექსპედიცია გემებით „ტერორი“ და „ერებუსი“ ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელი ახალი საზღვაო გზის მოსაძებნად მიემგზავრებიან. თუმცა გემები ყინულში ხვდება და კინგ-უილიამის კუნძულის მახლობლად იჭედება.

მკვლევრებს გადარჩენისთვის სასტიკ პირობებში უწევთ ბრძოლა. კუნძულის მკვიდრ მოსახლეობას კი სჯერა, რომ თოვლის უსასრულო თეთრ სივრცეში უძველესი ურჩხული - ტუნბაკი იმალება, რომელიც თეთრი დათვის სახით ევლინება ადამიანებს.

სერიალში ისტორიული დრამა, ფსიქოლოგიური დაძაბულობა და ზებუნებრივი საშინელება ერთმანეთს ერწყმის.