გიჭირთ სიტყვების გახსენება და ყურადღების მოკრება? რა არის „ტვინის ნისლი“ და რატომ იჩენს თავს მენოპაუზის დროს
- 19.11.2026
მსახიობმა სურან ჯონსმა ისაუბრა პრობლემაზე, რომელიც პერიმენოპაუზის პერიოდში დაეწყო და პროფესიულ საქმიანობაზეც აისახა - ზოგჯერ ტექსტის დამახსოვრება და რეპლიკების გახსენება უჭირს.
„ჩემი პროფესიისთვის ეს საშინელებაა, რადგან რეპლიკები აღარ გახსოვს. უბრალოდ დგახარ და ამბობ: „არ ვიცი!“ — განუცხადა 48 წლის მსახიობმა გამოცემა Women's Health-ს.
სერიალ „დოქტორ ფოსტერის“ ვარსკვლავის თქმით, სიმპტომების შესამსუბუქებლად ექიმს მიმართა და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის სხვადასხვა ფორმა სცადა - პლასტირები, გელები და ჰორმონული სპირალიც, თუმცა თავდაპირველად შედეგი ვერ მიიღო.
„ყველაფერი ვცადე: პლასტირები, გელები, სპირალი. არაფერი მუშაობდა. ახლა ისევ დავიწყე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ... თუმცა ეს ჯადოსნური წამალი არ არის. უნდა იპოვო ის, რაც შენზე მოქმედებს“, - ამბობს მსახიობი.
მენოპაუზის სპეციალისტი, ექიმი ლუიზ ნიუსონი აღნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემები ბევრ ქალს აწუხებს. მათ შეიძლება გაუჭირდეთ საჭირო სიტყვების გახსენება, საუბრისას აზრი დაკარგონ, დაავიწყდეთ შეხვედრები ან ყურადღების კონცენტრირება გაუჭირდეთ. ამ მდგომარეობას ხშირად „ტვინის ნისლს“ უწოდებენ.

ექიმის თქმით, მნიშვნელოვანია, ქალებმა ამ პრობლემაზე ღიად ისაუბრონ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მიმართონ. მისი აზრით, დამსაქმებლებმაც უნდა გაითვალისწინონ მენოპაუზასთან დაკავშირებული სირთულეები. მის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილე 5 500 ქალიდან 79%-მა აღნიშნა, რომ ჰორმონულმა სიმპტომებმა გავლენა მოახდინა მათ სამუშაოზე ან კარიერულ გადაწყვეტილებებზე.
რატომ გვავიწყდება სიტყვები და გვიჭირს ყურადღების კონცენტრირება მენოპაუზის დროს?
პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის პერიოდში ორგანიზმში ჰორმონების დონე იცვლება. ესტროგენისა და პროგესტერონის დონე იკლებს, ხოლო ქალებში ტესტოსტერონის რაოდენობაც ასაკთან ერთად თანდათან მცირდება.
ეს ჰორმონები ტვინის მუშაობაშიც მონაწილეობს. მათი დონის ცვლილებას შესაძლოა თან ახლდეს მეხსიერებისა და კონცენტრაციის სირთულეები. მაგალითად, შეიძლება გაგვიჭირდეს საჭირო სიტყვებისა და სახელების გახსენება, საუბრისას აზრის ბოლომდე მიყოლა, ნივთების პოვნა ან შეხვედრების დამახსოვრება.
ექიმი ნიუსონის თქმით, „ტვინის ნისლი“ მენოპაუზის ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია. მის უფასო აპლიკაციაში ამ პრობლემის შესახებ 446 147 ქალს აქვს ინფორმაცია დაფიქსირებული.
კლინიკაში გამოკითხული 1 352 ქალიდან 94%-მა მეხსიერების პრობლემები დაასახელა. ეს დაღლილობისა და ენერგიის ნაკლებობის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ჩივილი იყო. გამოკითხულთა 92%-ს კონცენტრაცია უჭირდა, 90%-ს კი საჭირო სიტყვების გახსენება.
როგორ შეიძლება შევიმსუბუქოთ „ტვინის ნისლი“ - ექიმის რჩევები
ექიმი ლუიზ ნიუსონი მიიჩნევს, რომ მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემების უყურადღებოდ დატოვება არ ღირს. მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობის გაუმჯობესებას მკურნალობა და ცხოვრების წესის ცვლილებები შეიძლება დაეხმაროს.
1. ექიმთან განიხილეთ ჰორმონული მკურნალობა
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ზოგიერთ ქალს მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემების შემსუბუქებაში ეხმარება. თუმცა მკურნალობა ყველას ერთნაირად არ მოქმედებს. პრეპარატის შერჩევა და დოზის განსაზღვრა ექიმთან ერთად, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
2. შეინარჩუნეთ სოციალური ურთიერთობები და ავარჯიშეთ ტვინი
მეხსიერების პრობლემების გამო მეგობრებთან შეხვედრებსა და საუბარზე უარის თქმა არ ღირს. ადამიანებთან ურთიერთობა გონებრივ აქტივობას უწყობს ხელს. ასევე შეგიძლიათ სცადოთ სიტყვებისა და რიცხვების თამაშები, ახალი ენის შესწავლა და სხვა აქტივობები, რომლებიც აზროვნებასა და ყურადღებას ავარჯიშებს.
3. წინასწარ დაგეგმეთ საქმეები
გამოიყენეთ დღიური ან ტელეფონის შეხსენებები, ჩაინიშნეთ შეხვედრები და მნიშვნელოვანი დავალებები. საქმეებს შორის მცირე შესვენებებიც დაგეგმეთ, რათა ყურადღების მოკრება და შემდეგი საქმისთვის მომზადება შეძლოთ.
4. იმოძრავეთ და იზრუნეთ ძილზე
რეგულარული ფიზიკური აქტივობა შესაძლოა დადებითად აისახოს მეხსიერებაზე, განწყობასა და ძილზე. ასევე მნიშვნელოვანია ხარისხიანი დასვენება. ძილის წინ მშვიდი გარემოს შექმნა და დამამშვიდებელი რუტინის დაცვა ზოგიერთ ადამიანს დაძინებაში ეხმარება.
5. ყურადღება მიაქციეთ კვებას
ექიმი გვირჩევს, რაციონი ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით დაბალანსებული იყოს. ასევე სასურველია მაღალპროცესირებული საკვებისა და ნაჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტების მოხმარების შემცირება. ექიმის მოსაზრებით, კვების ასეთი ცვლილებები შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში ტვინის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს.
6. შეამოწმეთ D ვიტამინის დონე
D ვიტამინი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია. მისი დაბალი დონე ზოგიერთ ადამიანში კოგნიტიურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ექიმის თქმით, საკვებიდან D ვიტამინის საკმარისი რაოდენობის მიღება ხშირად რთულია, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთარში, შესაძლოა დანამატის მიღებაც განიხილოთ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღოთ.
ექიმის მთავარი რჩევაა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები მხოლოდ ასაკს არ მივაწეროთ. თუ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასა და მუშაობაში გვიშლის ხელს, სასურველია ექიმთან კონსულტაცია, რათა შესაძლო მიზეზები შეფასდეს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება მივიღოთ.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია