შიში ყველას აქვს, თუმცა ხშირად გვგონია, რომ ჩვენი განცდები მხოლოდ ჩვენთვის არის დამახასიათებელი. სინამდვილეში, ბევრი ადამიანი სწორედ იმავე შიშებს ებრძვის, რომელთა გამხელაც ზოგჯერ გვერიდება. წარმოგიდგენთ 10 გავრცელებულ შიშს და გზებს, რომლებიც მათთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
1. წარუმატებლობის შიში
წარუმატებლობის შიშმა შესაძლოა მოქმედების დაწყებაშიც შეგვიშალოს ხელი. თუმცა მასთან გამკლავების საუკეთესო გზა ხშირად სწორედ მოქმედებაა. როდესაც იმის გაკეთებას იწყებთ, რისიც გეშინიათ, შედეგის მიღების შესაძლებლობაც ჩნდება. შესაძლოა ყველაფერი სასურველად არ დასრულდეს, მაგრამ მცდელობა გამოცდილებას შეგძენთ და მომდევნო ნაბიჯის გადადგმას გაგიადვილებთ.
2. უარყოფის შიში
ბევრს ეშინია, რომ მის იდეას, შეთავაზებას ან თავად მას უარყოფენ. თუმცა უარყოფა ცხოვრების ნაწილია და მისგან თავის არიდება ყოველთვის შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, ერთი უარყოფითი პასუხის გამო არ შეწყვიტოთ წინსვლა. მიიღეთ ეს გამოცდილებად და ახალი შესაძლებლობების ძიება განაგრძეთ.
3. საჯაროდ გამოსვლის შიში
აუდიტორიის წინაშე საუბარი ბევრისთვის სტრესულია. ამ შიშის შესამცირებლად წინასწარ მოემზადეთ, კარგად შეისწავლეთ თემა და ივარჯიშეთ სარკის წინ ან ახლობლებთან ერთად. გამოსვლისას მსმენელები მეგობრებად წარმოიდგინეთ. გახსოვდეთ, მცირე შეცდომა ტრაგედია არ არის, ზედმეტი ნერვიულობა კი ხშირად უფრო მეტად გვაბნევს.

4. კრიტიკის შიში
სხვისი შეფასება ზოგჯერ იმდენად გვაწუხებს, რომ საკუთარი აზრის გამოხატვასაც ვერ ვბედავთ. ყველას აქვს საკუთარი შეხედულების გამოთქმის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი კრიტიკა უნდა მივიღოთ ან გავითვალისწინოთ. მთავარია, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყოთ და სხვის აზრს ჩვენს თვითშეფასებაზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენის საშუალება არ მივცეთ.
5. შიში, რას ფიქრობენ სხვები
ხშირად იმაზე მეტ დროს ვხარჯავთ ფიქრში, რას იტყვის ან იფიქრებს ჩვენზე სხვა ადამიანი, ვიდრე საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე. სინამდვილეში, ვერ გააკონტროლებთ, რას იფიქრებენ სხვები. ამიტომ ყურადღება საკუთარ დამოკიდებულებაზე გადაიტანეთ და ნუ მისცემთ სხვის მოსაზრებებს თქვენი ცხოვრების მართვის უფლებას.
6. მარტო დარჩენის შიში
მარტოობის შიში ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ განცდის შესამსუბუქებლად სასარგებლოა ისეთ საქმიანობაში ჩართვა, რომელიც სხვებთან ურთიერთობის შესაძლებლობას მოგცემთ. შეგიძლიათ შეუერთდეთ კლუბს, მოხალისეთა ორგანიზაციას ან რაიმე კურსს. ნუ მოგერიდებათ ახალი ნაცნობების შეძენა და საუბრის დაწყება.
7. ფინანსური კრიზისის შიში
ეკონომიკური არასტაბილურობა და ფინანსური პრობლემების მოლოდინი ბევრს აშფოთებს. ასეთ დროს უმჯობესია, ყურადღება საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე გაამახვილოთ და ზედმეტად არ აჰყვეთ ნეგატიურ ინფორმაციას. სხვისი პრობლემებით მუდმივი შფოთვის ნაცვლად, პირადი ბიუჯეტი და შესაძლებლობები შეაფასეთ და იმაზე კონცენტრირდით, რისი კონტროლიც თავად შეგიძლიათ.

8. ავადმყოფობის შიში
ჯანმრთელობის პრობლემების შიში ბუნებრივია, რადგან ყველა დაავადების თავიდან აცილება შეუძლებელია. თუმცა დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობა ის ჩვევებია, რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ზოგიერთი დაავადების რისკის შემცირებას ხელს უწყობს. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა შფოთვის ნაცვლად ყოველდღიურ ჩვევად აქციეთ.
9. სიკვდილის შიში
სიკვდილი გარდაუვალია, თუმცა მის შესახებ მუდმივმა ფიქრმა შესაძლოა ცხოვრების ყოველდღიური სიხარული დაგვაკარგვინოს. ეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ აწმყოს: გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან, უთხარით მათ, რამდენად ძვირფასები არიან თქვენთვის და გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება ყოველდღე გთავაზობთ.
10. წონის მომატების შიში
წონის მომატების შიში განსაკუთრებით ხშირად გოგონებსა და ქალებს აწუხებთ. ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ეს პროცესი მკაცრ დიეტებსა და წონის დასაკლებ აბებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ნუ დაისახავთ არარეალურ მიზნებს და გახსოვდეთ: ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკუთარი სხეულის მიუღებლობას არ ნიშნავს. ისწავლეთ საკუთარი თავის მიღება.
შიში ყველასთვის განსხვავებულია. ვიღაცას ობობების ეშინია, სხვას - სიყვარულის, მარტოობის ან საკუთარი აზრის გამოხატვის. მთავარია, შიშმა ჩვენი ცხოვრების მართვა არ დაიწყოს. ზოგჯერ მასთან გამკლავება სწორედ იმ პირველი ნაბიჯით იწყება, რომლის გადადგმაც ყველაზე მეტად გვაშინებს.
თემები: ფსიქოლოგია, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია