LIFE

როცა გარშემო არავინაა - 11 ფილმი და სერიალი მარტოობაზე, მეგობრობასა და საკუთარი თავის პოვნაზე

როცა გარშემო არავინაა - 11 ფილმი და სერიალი მარტოობაზე, მეგობრობასა და საკუთარი თავის პოვნაზე

ზოგჯერ მარტოობა მოულოდნელად გვიპყრობს. ამის მიზეზი შეიძლება რთული პერიოდი, დანაკარგი ან უბრალოდ სევდიანი განწყობა იყოს.

ასეთ დროს განსაკუთრებით გვჭირდება ისტორიები, რომლებიც ემოციების გააზრებაში, ძალების აღდგენასა და ცხოვრების ახლებურად დანახვაში გვეხმარება.

შევარჩიეთ 15 ფილმი და სერიალი პერსონაჟებზე, რომლებიც შინაგან თუ გარეგან მარტოობას ებრძვიან, ახალ აზრს პოულობენ, მოულოდნელ მეგობრებს იძენენ ან საკუთარ გრძნობებს იღებენ. ეს ისტორიები გვახსენებს, რომ მარტოობის განცდა ზოგჯერ სრულიად ბუნებრივია.

1. „მისი სამი ქალიშვილი“ (His Three Daughters, 2023)



კეტი, რეიჩელი და ქრისტინა მშობლიურ სახლში ბრუნდებიან, რათა მომაკვდავ მამას, რომელსაც კიბო აქვს, გვერდით დაუდგნენ. წლების განმავლობაში ერთმანეთისგან დაშორებულ დებს ბევრი გადაუჭრელი კონფლიქტი და წყენა დაუგროვდათ, ოჯახურ დაძაბულობას კი ბინის საკითხიც ამწვავებს.

ოჯახური დრამა გვიჩვენებს, როგორ შეიძლება უთქმელმა სიტყვებმა და დაგროვილმა წყენამ ყველაზე ახლობელ ადამიანებს შორისაც კი გააჩინოს უფსკრული. ურთიერთობის აღდგენას კი გულწრფელი საუბარი, სხვისი ნაკლოვანებების მიღება და სიყვარულის საჭიროების გააზრება სჭირდება.

2. „ჩემი პინგვინი“ (My Penguin, 2024)



ამ გულისამაჩუყებელი დრამის მთავარი გმირი ტრაგედიას გადატანილი მეთევზეა, რომელიც შემთხვევით ფარას ჩამორჩენილ პატარა პინგვინს იპოვის. ახალ მეგობარზე ზრუნვა მასში დავიწყებულ გრძნობებს აღვიძებს და ცხოვრების სიხარულს თავიდან აღმოაჩენინებს.

ფილმი მოულოდნელი სიუჟეტური შემობრუნებებით არ გამოირჩევა - ეს თბილი და ამაღელვებელი ამბავია ადამიანისა და დაუცველი არსების მეგობრობაზე. ზოგჯერ სწორედ ასეთი მარტივი ისტორიები გვეხმარება, ცხოვრებას უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ.

3. „ევა, იმშობიარე!“ (Eva, Give Birth!, 2022)



ევა ცეკვის მასწავლებელია - დამოუკიდებელი, ენამახვილი ქალი, რომელიც შვილების გარეშე ცხოვრობს და საკუთარ თავს უთმობს დროს. თუმცა, როდესაც იგებს, რომ მისი ყოფილი შეყვარებული დაქორწინდა და მამა გახდა, ცხოვრების პრიორიტეტებს გადახედვას გადაწყვეტს. ევას შვილის გაჩენა „საკუთარი თავისთვის“ სურს, ამისთვის კი შესაფერისი კანდიდატი უნდა იპოვოს.

კომედიური სერიალი ირონიით დასცინის საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს: „საათის წიკწიკს“, „კატებიან ქალს“ და სიბერეში მოვლისთვის აუცილებელ „ერთ ჭიქა წყალს“. ევა არ ემორჩილება საზოგადოებრივ ზეწოლას, უარს ეუბნება მანიპულატორებს და თავად ირჩევს, როგორ იცხოვროს. მისი მაგალითი გვახსენებს, რომ მარტოობა ყოველთვის მოწყენილობას არ ნიშნავს.

4. „ამანდა“ (Amanda, 2022)



24 წლის ამანდა მარტო ატარებს დღეებს, რადგან მეგობრების შეძენა არ შეუძლია. ყოველ შაბათს წვეულებებზე დადის, თუმცა ვერ ბედავს ვინმესთან საუბრის დაწყებას. დედა ცდილობს, ქალიშვილი უფრო კომუნიკაბელური გახადოს და ბავშვობის მეგობართან - მეზობლის ჩაკეტილ ქალიშვილ რებეკასთან - დაახლოებას ურჩევს. თუმცა ეს არც ისე მარტივია: რებეკას ღია სივრცეების ეშინია.

იტალიური დრამედია ორი გოგონას ურთიერთობაზე გვიყვება. ისინი ზრდასრულ სამყაროში საკუთარ ადგილს ჯერ კიდევ ეძებენ, მათი მეგობრობა კი ორივეს ეხმარება, საკუთარ თავში ჩაკეტილი სამყაროდან გამოსავალი იპოვოს.

5. „სუბსტანცია“ (The Substance, 2024)



ფილმის მთავარი გმირი ჰოლივუდის ასაკოვანი ვარსკვლავი ელიზაბეთ სპარკლია. პროდიუსერები მას საკუთარი ფიტნესშოუდან ათავისუფლებენ, რადგან მაყურებელს ახალი და, რაც მთავარია, ახალგაზრდა სახეები აინტერესებს. სასოწარკვეთილ ელიზაბეთს იდუმალი ორგანიზაცია უცნობ ნივთიერებას სთავაზობს, რომელიც ახალგაზრდობასა და სილამაზეს დაუბრუნებს. სანაცვლოდ, კვირაში ერთხელ ის საკუთარ ძველ სხეულს უნდა დაუბრუნდეს. ქალი შეთავაზებას თანხმდება, თუმცა ნივთიერების გამოყენებას არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება.

ბოდი-ჰორორის ჟანრის ფილმი საკუთარი თავის მიუღებლობასა და სილამაზის არარეალისტურ სტანდარტებზე გვაფიქრებს. ახალგაზრდობისა და სრულყოფილების დევნას დასასრული არ აქვს - ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც უფრო ახალგაზრდა და მიმზიდველი. ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის გზა კი საკუთარი თავის მიღებაა.

6. „იდეალური დღეები“ (Perfect Days, 2023)



ხანდაზმული დამლაგებლის, ჰირაიამას, ყოველდღიური ცხოვრება ერთფეროვანია: ის მცენარეებს უვლის, მუსიკას უსმენს, წიგნებს კითხულობს და მუშაობს. თუმცა რამდენიმე მოულოდნელი შეხვედრა მის ჩვეულ რიტმს ცვლის.

ფილმი მარტოობას განსხვავებული კუთხით გვაჩვენებს და გვაფიქრებს: ვინ თქვა, რომ მარტოობა აუცილებლად პრობლემაა? „იდეალური დღეები“ ყოველდღიურ მომენტებში სილამაზის დანახვას გვასწავლის და გვახსენებს, რომ ბედნიერება ზოგჯერ სწორედ ჩვეულებრივ წუთებში იმალება.

7. „მომთაბარეთა მიწა“ (Nomadland, 2021)



60 წლის ფერნი ქარხნის დახურვის შემდეგ სამსახურსა და შემოსავალს კარგავს. გადარჩენის მიზნით ის პატარა ფურგონში გადადის და ამერიკაში მოგზაურობას იწყებს. ასე იქცევა თანამედროვე მომთაბარედ - ადამიანად, რომელიც სეზონური სამუშაოს საძიებლად ერთი შტატიდან მეორეში გადადის.

ფილმი გვაცნობს ადამიანების სამყაროს, რომლებსაც მუდმივი სახლი და საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ. ფერნი, ისევე როგორც ათასობით სხვა იძულებითი მოგზაური, ჰარმონიას სწორედ ამ უწყვეტ მოძრაობაში პოულობს.

8. „ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“ (Everything Everywhere All at Once, 2022)



პატარა მაღაზიის მფლობელი ეველინი ირგვლივ გამეფებულ ქაოსს ვეღარ უმკლავდება. მას დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ვერ უგებს ქმარს, რთული ურთიერთობა აქვს მოზარდ ქალიშვილთან და მუდმივად უკმაყოფილო მამასთან. თუმცა ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადადის, როდესაც ეველინი მულტივერსის კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდება - სამყაროს განადგურება ყოვლისშემძლე ბოროტ არსებას ემუქრება.

აბსურდული კომედიის მიღმა ოჯახური ისტორია იმაზე გვიყვება, როგორ შეიძლება კეთილდღეობისკენ სწრაფვაში დავკარგოთ ის, რაც სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანია - ოჯახი და ახლობელი ადამიანები. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სამყაროში აღმოჩნდები; მთავარია, დააფასო ისინი, ვინც შენ გვერდით არიან.

9. „სამი ათასი წლის სურვილები“ (Three Thousand Years of Longing, 2022)



ლინგვისტი ალითეა ლექციების ჩასატარებლად სტამბოლში ჩადის. სუვენირების ერთ-ერთ მაღაზიაში ის ძველ შუშის ბოთლს ყიდულობს, რომელშიც ჯინი ცხოვრობს. ჯინი სამი სურვილის ასრულებას სთავაზობს, რათა თავისუფლება მოიპოვოს, თუმცა ალითეა სურვილების დაუფიქრებლად გამოყენებას არ აპირებს. ამის ნაცვლად, ის ჯინის ცხოვრების ისტორიით ინტერესდება და მის მონათხრობს უსმენს.

„ათას ერთი ღამის“ ზღაპრების უჩვეულო ინტერპრეტაციაა, რომელშიც ორი მარტოსული არსება ერთმანეთში პოულობს იმას, რაც აქამდე აკლდა.

10. „გულგატეხილთა გალერეა“ (The Broken Hearts Gallery, 2020)



ლუსის უცნაური ჩვევა აქვს - ყოფილი შეყვარებულებისგან დარჩენილ ნივთებს ინახავს. სიმპათიურ ნიკთან შემთხვევითი შეხვედრა კი მას იდეას აძლევს: გახსნას „გულგატეხილთა გალერეა“, სადაც ყველას შეეძლება დატოვოს ნივთი, რომელიც წარსულ ურთიერთობას ახსენებს.

მსუბუქი კომედია გვახსენებს, რომ წარსულთან მიჯაჭვულობა წინსვლაში გვიშლის ხელს. ლუსი საკუთარი იდეით ახერხებს ამ პრობლემის გადალახვას და თანდათან იცვლება. ზოგჯერ სისუსტის დასაძლევად საჭიროა, მას დამალვა კი არა, აღიარება შევწყვიტოთ.

11. „ნაბიჯ-ნაბიჯ“ (Step by Step, 2020)



ქუინის ოცნება პრესტიჟულ დიუკის კოლეჯში მოხვედრაა, თუმცა მაღალი შეფასებები ამისთვის საკმარისი არ არის. მისაღები კომისიის ყურადღების მისაქცევად გოგონა ცეკვის კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასდროს უცეკვია. პრესტიჟულ სასკოლო გუნდში მას არ იღებენ, მაგრამ ქუინი დანებებას არ აპირებს და ადგილობრივი „წარუმატებლებისგან“ ახალ გუნდს ქმნის.

ფილმი იმ ცეკვითი კომედიების ტრადიციას აგრძელებს, რომლებიც ბევრს უყვარს. ერთი შეხედვით უიღბლო მონაწილეები ქუინის ხელმძღვანელობით საკუთარ შესაძლებლობებს ავლენენ და საბოლოოდ მის საუკეთესო მეგობრებად იქცევიან.