Victoria’s Secret-ის ანგელოზის სტატუსის მოპოვება მოდელების დიდი ნაწილის ოცნებაა. ზოგიერთი პროფესიად მოდელობას სწორედ იმ მიზნით ირჩევს, რომ ერთ დღესაც „ვიქტორიას ანგელოზი“ გახდება.

Victoria’s Secret არის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა მოდის ინდუსტრიაში და იქ მოხვედრა მოდელისთვის გარანტირებულ წარმატებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობას და აღიარებას ნიშნავს. ისინი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და მოდის სახლების ინტერესის ობიექტები ხდებიან.

ეს ქალები ხდებიან ვარსკვლავები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავიანთ საკუთარ ბრენდებსაც ქმნიან. სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი და თავყანისმცემელი ჰყავთ.

გახდე „ვიქტორიას ანგელოზი“ - ეს მარტივი არ არის და მხოლოდ ვიზუალური მომხიბვლელობა არ კმარა.

ვარჯიში ყოველ დღე - ფიტნესი მოდელის სამუშაოს ნაწილი უნდა იყოს:

„ანგელოზები“ ხშირად დღეში ორჯერ დადიან სპორტდარბაზში. ვარჯიში განსაკუთრებით მკაცრდება ყოველწლიურ ჩვენებამდე რამდენიმე კვირით ადრე. სუპერმოდელ ადრიანა ლიმას სავარჯიშო გრაფიკი ძალიან დატვირთულია და მას საკმაოდ რთული მუშაობის გაწევა უწევს ამ კუთხით. „მე სპორტდარბაზში დავდივარ ყოველ დღე და თუ ვერ წავედი, აუცილებლად ვვარჯიშობ სახლში, ან ნებისმიერ ადგილას, სადაც ვარ“, - ამბობს ლიმა „ინსაიდერთან“ ინტერვიუში.

გარდა ვარჯიშისა,Victoria’s Secret-ის ანგელოზები დატვირთულები არიან გადაღებებით. სხვადასხვა ბრენდების სარეკლამო გადაღებებში მათ თითქმის ყოველ დღე უწევთ მონაწილეობის მიღება.

Victoria’s Secret-ის ანგელოზი უნდა იყოს სასურველი:

Victoria’s Secret - ეს ბიზნესია და როგორც ყველა ბრენდის, მისი მთავარი მიზანიც გაყიდვებია. ედ რაზეკმა (VS-ის დირექტორი) იცის ეს როგორ ხდება და როგორ მიაღწიოს მიზანს. ის Victoria’s Secret-ში 20 წელია მუშაობს და დარწმუნებულია, რომ ბრენდის პროდუქცია უნდა წარდგინოს სექსუალურმა, ცხელმა და ძალიან ლამაზმა ქალმა.

გარდა სექსუალურობისა, ვიქტორიას ანგელოზი უნდა იყოს სახასიათო ქალი, მის ვიზუალში მისი ხასიათი, პიროვნება და სტილი უნდა ჩანდეს.

„ვიქტორიას ანგელოზების შემხედვარე ქალებმა უნდა თქვან, მეც მსურს მათ ვგავდე, მინდა რომ მისი მსგავსი ხასიათი, თავდაჯერებულობა, ან ძალა მქონდეს“, - ამბობს ედ რაზეკი. ფაქტია, რაზეკის მიდგომა ამართლებს და მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, Victoria’s Secret მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, რომლის ყოველწლიურ ჩვენებასაც მთელი მსოფლიოს ადამიანები მოუთმენლად ელოდებიან.

დისციპლინა:

ვიქტორიას ანგელოზს მოეთხოვება არა მხოლოდ ყოველთვის ფორმაში ყოფნა, არამედ ეთიკურობა და დახვეწილი ქმედებები. მოდელები გამუდმებით მუშაობენ საკუთარ თავზე, მანერებზე. ისინი სამაგალითოები უნდა იყონ სხვა ქალებისთვის, მათგან უნდა ისწავლონ სხვებმა.

მაგ: რომი სტრიჯიდი, რომელსაც youtube-ზე საკუთარი ვლოგი აქვს ქალებს ხშირად უზიარებს რჩევებს, ასწავლის ვარჯიშს და ჯანსაღ კვებას.

ინდივიდუალიზმი და ამბიციები:

საზოგადოებაში არ უნდა მიიჩნევდნენ, რომ ვიქტორიას ანგელოზები მხოლოდ ლამაზი თოჯინები არიან. ამიტომ, მათი შერჩევისას ჟიური მათ ინტელექტუალურ მხარეს, ამბიციებსა და ინდივიდუალიზმსაც ამოწმებს.

ზოგიერთი ანგელოზი ტელეწამყვანი გახდა, მაგ: ტაირა ბენკსი, ჰაიდი კლუმი. კარლი კლოსმა საკუთარი ბრენდი შექმნა სახელად Klossy, მირანდა კერიმ წარმოებში ჩაუშვა პარფიუმერული ბრენდი Kora Organics.

ასე რომ, ანგელოზის სტანდარტი მაღალია და საკმაოდ რთული გზაა გასავლელი, მაგრამ რა თქმა უნდა, დიდი სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ყველაფერი მიიღწევა.