LIFE

30 წლის ბელა ჰადიდის ცხოვრება პოდიუმს მიღმა - ჯანმრთელობის პრობლემები, შინაგანი ბრძოლა და ოცნება, რომელიც ყველაფერს ცვლის

30 წლის ბელა ჰადიდის ცხოვრება პოდიუმს მიღმა - ჯანმრთელობის პრობლემები, შინაგანი ბრძოლა და ოცნება, რომელიც ყველაფერს ცვლის

სუპერმოდელი ბელა ჰადიდი 30 წლის გახდა. კარიერული წარმატების, საკუთარი ბრენდის შექმნისა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შემდეგ, მისი სურვილებიც შეიცვალა - ახლა მოდელს მშვიდი ცხოვრება, სიყვარული და ოჯახი სურს.

ბელა ჰადიდმა 30 წლის იუბილე ამერიკულ Harper's Bazaar-თან ვრცელი ინტერვიუთი აღნიშნა. ჟურნალის ზამთრის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მოდელმა კარიერის დასაწყისი გაიხსენა, იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელთა გადალახვაც მოუწია.

კარიერის დასაწყისში ბელა ძალიან განიცდიდა, რადგან Victoria's Secret-ის ჩვენებაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცეს. მაშინ ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ერთ დღეს ბრენდი თავად შეეხვეწებოდა ჩვენებაში მონაწილეობას. ბელას ამის არ სჯეროდა, თუმცა ეს წინასწარმეტყველება გამართლდა - წელს მოდელმა Victoria's Secret-ის ჩვენება გახსნა. ეს მისთვის განსაკუთრებული მიღწევა იყო: ბრენდის ჩვენებაში წლების განმავლობაში მონაწილეობდა, თუმცა მისი გახსნა პირველად სწორედ წელს ანდეს.

ჰადიდი აღიარებს, რომ ამ წარმატების გააზრება დღემდე უჭირს. ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობს, რომ მის ადგილას სხვა გოგონა უფრო იმსახურებდა ყოფნას.

„ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პოდიუმზე მე კი არა, ჩემი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვერსია გამოდის. საოცარია, რამდენი დრო გავიდა, მაგრამ მაინც ვერ ვიშორებ განცდას, რომ ამ წარმატებას ბოლომდე არ ვიმსახურებ. რამდენიც უნდა იშრომო, ყოველთვის გამოჩნდება სხვა გოგონა, რომელიც, შენი აზრით, უფრო ღირსეულია, უფრო ლამაზი და ამ შესაძლებლობის მისაღებად უფრო მეტი იბრძოლა“, - ამბობს ბელა.

„ეს ყოველთვის მარტივი ასატანი არ იყო“

ჰადიდის თქმით, მსგავსი განცდები მას თითქმის მთელი ცხოვრება თან სდევდა. ბავშვობიდანვე გრძნობდა, რომ მისი ემოციურობა ზოგჯერ ცხოვრებას ურთულებდა. მის გარშემო არავინ იყო ისეთი, ვისთანაც საკუთარ თავს გააიგივებდა და ვისაც მისნაირი განცდები ექნებოდა.

ახლა კი სხვაგვარად აფასებს ადამიანებთან ურთიერთობასა და სიკეთეს.

„ახლა ვხვდები, რომ გულუხვობა და ადამიანის მიმართ ყურადღებიანი დამოკიდებულება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისთვის ძვირად ღირებული საჩუქრის ყიდვა. ზოგჯერ გაცილებით მეტი სიკეთეა, ქუჩის პირას ვინმეს გვერდით ჩამოჯდე და მოუსმინო, მაშინაც კი, თუ ფული არ გაქვს, ვიდრე უბრალოდ გვერდით ჩაუარო და მისი გასაჭირი უგულებელყო“, - აღნიშნავს მოდელი.

საკუთარ ემოციურ სირთულეებთან გასამკლავებლად ბელას საკუთარ თავზე მუშაობა მოუწია. ერთ დროს მან ალტერ ეგო - ბელინდა შექმნა. ეს წარმოსახვითი მეორე პიროვნება რთულ სიტუაციებში ეხმარება და იმ ემოციებთან გამკლავებას უადვილებს, რომელთა გამოხატვაც თავად უჭირს.

„როცა რაღაც ხდება, ბელინდა ერთ პრობლემას უმკლავდება, მე კი - მეორეს. ასე, ერთად, როგორღაც ყველაფერს ვაგვარებთ. თუმცა ახლა ვხვდები, რომ, ალბათ, ფსიქოთერაპიას უნდა დავუბრუნდე“, - ამბობს ჰადიდი.

მისი თქმით, წლების განმავლობაში სწორედ ბელინდას სახით წარდგებოდა საზოგადოების წინაშე: ის გამოდიოდა პოდიუმზე, პოზირებდა დაჯილდოების ცერემონიების წითელ ხალიჩებზე და გულშემატკივრების აღფრთოვანებას იწვევდა. თუმცა წელს, Victoria's Secret-ის ჩვენებაზე, პირველად თავად გამოვიდა - საკუთარი, ნამდვილი სახით და არა იმ თავდაჯერებული სახით, რომელსაც სცენაზე გასვლისას ირგებდა.

„მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ნახევრად აკეთებს. თუ რამეს ვაკეთებ, ბოლომდე ვიხარჯები“, - ამბობს ბელა Harper's Bazaar-თან საუბრისას.

ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებსაც დღემდე ებრძვის

ფსიქოლოგიურ სირთულეებთან ერთად, ბელა ჰადიდს ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებს. მოდელს დიაგნოზირებული აქვს პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომი (POTS), პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD), ენდომეტრიოზი და ლაიმის დაავადება.

„უნდა ვაღიარო, რომ შესაძლოა, ჩემი სხეული ვეღარ უმკლავდება ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. ზოგჯერ გონება და სხეული თითქოს ერთმანეთს ვერ ეწყობა. გონება მეუბნება: „ამის გაკეთება მინდა“, სხეული კი მპასუხობს: „არა, დღეს ამის ძალა არ მაქვს“. მუდმივად დაღლილობასა და ტკივილს ვებრძვი და ვცდილობ, მაქსიმალურად გავუმკლავდე ყველაფერს“, - გულწრფელად საუბრობს მოდელი.

ახლა მას ოჯახი, სიმშვიდე და საკუთარი სახელოსნო სურს

მიუხედავად სირთულეებისა, ბელა ჰადიდმა სამოდელო კარიერაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მისი თქმით, მოდელის რანგში თითქმის ყველა დასახულ მიზანს მიაღწია, საკუთარი ბრენდი Orebella შექმნა და განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ არასდროს აკეთებს საქმეს ნახევრად - რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერს მთელი ენერგიითა და მონდომებით აკეთებს.

თუმცა ახლა მისი ოცნებები შეიცვალა. ჰადიდს სიმშვიდე, ბედნიერება და სიყვარული სურს. მომავალში საკუთარ თავს ქალაქგარეთ, სათბურიან სახლში წარმოიდგენს. იქვე სურს ჰქონდეს საკუთარი სახელოსნო, სადაც მინისა და კერამიკის დამზადებას შეძლებს.

მოდელი ასევე ოცნებობს დაქორწინებასა და დედობაზე. როგორც ჩანს, 30 წლის ასაკში, როდესაც პროფესიულ ცხოვრებაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიზანი განახორციელა, მისთვის პრიორიტეტები შეიცვალა - ახლა ყველაზე მეტად ოჯახური ბედნიერება, სიყვარული და მშვიდი ყოველდღიურობა სურს.