სტილი

რანია, შარლენი და მაქსიმა - ნოემბრის 11 გამორჩეული ჩაცმულობა სამეფო ოჯახებიდან

რანია, შარლენი და მაქსიმა - ნოემბრის 11 გამორჩეული ჩაცმულობა სამეფო ოჯახებიდან

სამეფო ოჯახების წევრებს შემოდგომაზე ბევრი ოფიციალური შეხვედრა და ღონისძიება აქვთ. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ, სტუმრებს მასპინძლობენ და სახელმწიფო მიღებებს ესწრებიან. ასეთ დროს ყურადღებას ყოველთვის იქცევს მათი ჩაცმულობაც.

ამჯერად გთავაზობთ ნოემბრის ყველაზე გამორჩეულ სამოსს იორდანიის დედოფალ რანიას, მონაკოს პრინცესა შარლენისა და ნიდერლანდების დედოფალ მაქსიმას გარდერობიდან.

რანია, იორდანიის დედოფალი

One Young World-ის სამიტი კეიპტაუნში

რანიამ ნოემბერი სამხრეთ აფრიკაში ვიზიტით დაიწყო. 4 ნოემბერს ის კეიპტაუნში One Young World-ის სამიტს დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბიზნესის, პოლიტიკის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების ახალგაზრდა ლიდერები.

დედოფალს Dior-ის პერანგი და JW Anderson-ის მუქი ლურჯი შარვალი ეცვა. შარვალს წელზე განიერი ქამრის მსგავსი დეტალი ჰქონდა. ასეთი ქამრები წელს განსაკუთრებით მოდურია.

ჩაცმულობას ზურმუხტისფერი Aquazzura-ს ფეხსაცმელი, Rainbow K-ის სამაჯური, Oura Ring-ის ბეჭედი და Apple Watch ასრულებდა.

დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდი

სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას რანია დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდსაც ეწვია. იქ არქიეპისკოპოსისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა.

ამჯერად დედოფალმა ღია ფერის სამოსი აირჩია. მას Joseph-ის კრემისფერი ბლუზა ეცვა, ხელში კი Jacquemus-ის ჩანთა ეჭირა. ჩაცმულობას Dior-ის ფეხსაცმელი და Johanna Ortiz-ის ქვიშისფერი ქვედაბოლო ასრულებდა. ქვედაბოლოს თეთრი ნაქარგები ამშვენებდა.

უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი იორდანიაში

სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებული რანია იორდანიაში სტუმრებს მასპინძლობდა. 23 ნოემბერს ქვეყანას უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი მეუღლესთან, ზიროათთან ერთად ეწვია.

შეხვედრისთვის დედოფალმა შავი კაბა-პალტო ჩაიცვა და ყვავილის ფორმის ბროში გაიკეთა. მას შინდისფერი Maison Nodie-ს ჩანთა, შოკოლადისფერი Aquazzura-ს ფეხსაცმელი და Bottega Veneta-ს მზის სათვალე შეუხამა.

საზეიმო ბანკეტი ალ-ჰუსეინიას სასახლეში

ვიზიტი სასახლეში გამართული ბანკეტით დასრულდა. საღამოსთვის რანიამ გრძელი, შოკოლადისფერი კაბა აირჩია. კაბა წელის არეში გამოყვანილი იყო, მკერდთან კი გამჭვირვალე ქსოვილზე კრისტალები ჰქონდა დატანილი.

დედოფალმა კაბას ბრილიანტის სამკაულები და აღმოსავლური სტილის პატარა ჩანთა შეუხამა.

შარლენი, მონაკოს პრინცესა

გალა-კონცერტი გრიმალდის ფორუმში

შარლენი ნოემბერში ბევრ ღონისძიებას დაესწრო. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მას ათზე მეტი შეხვედრა და ღონისძიება ჰქონდა.

ერთ-ერთი მათგანი გრიმალდის ფორუმში გამართული გალა-კონცერტი იყო. პრინცესას Ralph Lauren-ის შავი კაბა ეცვა, რომელიც სმოკინგს ჰგავდა. მას თეთრი პერანგი და ბრილიანტის საყურეები შეუხამა. შავი და თეთრი ფერების ეს კომბინაცია ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა.

წითელი ჯვრის წევრებთან შეხვედრა

მოგვიანებით შარლენი მონაკოს წითელი ჯვრის წევრებს შეხვდა და ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად მათ საჩუქრები გადასცა.

ამ შეხვედრისთვის პრინცესამ Sportmax-ის შოკოლადისფერი ჟილეტი, იმავე ფერის მაღალყელიანი ზედა და ვიწრო შარვალი ჩაიცვა. წელზე ოქროსფერი ბალთით გაფორმებული ქამარი გაიკეთა. ჩაცმულობას მარგალიტის საყურეები და ბრილიანტის ბეჭედი ასრულებდა.

მონაკოს ეროვნული დღე

მონაკოს ეროვნული დღის აღსანიშნავად შარლენი ქალიშვილ გაბრიელასთან ერთად ერთნაირი სტილის სამოსში გამოჩნდა. ორივეს Elie Saab-ის რძისფერი კაბა ეცვა, რომელიც ნაქარგებითა და დეკორატიული დეტალებით იყო გაფორმებული.

გაბრიელამ კაბას იმავე ფერის ბალეტკები შეუხამა. შარლენმა კი ოქროსფერი საყურეები და ყვავილებით გაფორმებული თმის აქსესუარი აირჩია.

საზეიმო საღამო ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად

დღესასწაული გრიმალდის ფორუმში გამართული საღამოთი დასრულდა. ღონისძიებას მონაკოს სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის პრინცესა კაროლინა.

შარლენმა კვლავ Elie Saab-ის კაბა აირჩია. მას ტანზე მომდგარი, გრძელი კაბა ეცვა, რომელიც მთლიანად ბრჭყვიალა დეტალებითა და კრისტალებით იყო გაფორმებული. კაბა სპეციალურად მისთვის შეიქმნა და ბრენდის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი მოდელის მიხედვით დამზადდა.

მაქსიმა, ნიდერლანდების დედოფალი

ვიზიტი განაში

მაქსიმამ ნოემბერი განაში ვიზიტით დაიწყო. ის ქვეყანაში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის რანგში ჩავიდა. დედოფალი შეხვდა ქვეყნის ხელმძღვანელობას, ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრებზე მოსახლეობის კეთილდღეობასა და ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

განაში ძალიან ცხელოდა, ამიტომ მაქსიმამ შედარებით თავისუფალი სამოსი აირჩია. მას ჯინსის ქვედაბოლო და ინდური ბრენდის Chorus-ის თეთრი ბლუზა ეცვა. ბლუზას მხრებსა და ქვედა ნაწილში ამოჭრილი დეტალები ჰქონდა.

ჩაცმულობას შავი ბალეტკები, გამორჩეული ბალთით გაფორმებული ქამარი და მზის სათვალე ასრულებდა.

თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Cooking from the Fridge

განიდან დაბრუნების შემდეგ მაქსიმა ჩვეულ, ელეგანტურ სტილს დაუბრუნდა. მან მაასტრიხტის ბონეფანტენის მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Cooking from the Fridge გახსნა.

დედოფალს ბელგიური ბრენდის Maison Natan-ის ცისფერი კაბა და მოსასხამი ეცვა. მას იმავე ფერის თავსაბურავიც ეხურა. ჩაცმულობას ბეჟი Gianvito Rossi-ს ფეხსაცმელი, Elie Saab-ის ჩანთა და ღია ფერის ხელთათმანები ავსებდა.

ხელთათმანები ამ სეზონზე განსაკუთრებით მოდურია. ისინი ჩაცმულობას უფრო დახვეწილ იერს აძლევს.

ეროვნული მდგრადობის სამიტი ამსტერდამში

ნოემბრის ბოლოს მაქსიმა ამსტერდამში გამართულ ეროვნულ მდგრადობის სამიტს დაესწრო. ის ბიზნესის, მეცნიერებისა და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ნიდერლანდების განვითარების საკითხები განიხილეს.

ოფიციალური ღონისძიებისთვის დედოფალმა საკმაოდ გამორჩეული სამოსი აირჩია. მას Maison Natan-ის კაბა ეცვა, რომლის ქვედა ნაწილიც ფერადი უჯრედებით იყო გაფორმებული. კაბას პარიზული ბრენდის ba&sh-ის განიერი ზამშის ქამარი, Hermès-ის ჩანთა და Gianvito Rossi-ს ფეხსაცმელი შეუხამა. ჩაცმულობას შინდისფერი, გრძელი მოსასხამი ასრულებდა.

მაქსიმას ჩაცმულობა კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ფერადი, უჯრედებიანი სამოსის შეხამება სხვა ნივთებთან. საკმარისია, ქსოვილის ნახატიდან ერთი ფერი შეარჩიოთ და დანარჩენი აქსესუარებიც მას შეუხამოთ.