10 მყუდრო სერიალი საშობაო განწყობით, რომლებსაც მთელი ზამთარი გამოიზოგავთ
- 24.11.2026
დეკემბერი ახლოვდება, ქალაქის ქუჩები საახალწლო განათებებით ირთვება, თუმცა სადღესასწაულო განწყობა ყოველთვის თავისით არ მოდის. წლის ბოლოს სამსახურის საქმეები, ყოველდღიური საზრუნავი და უთოვლო ზამთარიც კი ზოგჯერ გვავიწყებს, რომ ყველაზე ჯადოსნური დღეები კარს მოგვადგა.
თუ სადღესასწაულო განწყობის შექმნა გსურთ, კარგი სერიალის შერჩევით დაიწყეთ. რომანტიკული კომედიები, ოჯახური ისტორიები, იუმორით სავსე თავგადასავლები და საშობაო დეტექტივები - ამ ჩამონათვალში ყველასთვის მოიძებნება საინტერესო სანახაობა.
გთავაზობთ 10 სერიალს, რომელთა ყურებაც მთელი ზამთრის განმავლობაში მოგინდებათ.
1. „საშობაო დღეები“ (Días de Navidad, 2019)
ესპანური დრამა სამ დაზე მოგვითხრობს, რომლებიც ყოველ წელს შობას ერთად აღნიშნავენ. სერიალი მათი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს გვიჩვენებს - ბავშვობიდან სიბერემდე. წლებთან ერთად იცვლებიან თავად დები, მათი ურთიერთობები და გარემოცვაც, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება: რთულ პერიოდებში ისინი ერთმანეთს მხარში უდგანან.

ეს თბილი და ემოციური ისტორია ოჯახურ კავშირებზეა და გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა.
2. „მძულს შობა“ (I Hate Christmas / Odio il Natale, 2022)
თუ მსუბუქი რომანტიკული კომედიები გიყვართ, იტალიური სერიალი „მძულს შობა“ კარგი არჩევანია. მისი მთავარი გმირი ახალგაზრდა მედდა ჯანაა, რომელიც ოჯახს ატყუებს, თითქოს შეყვარებული ჰყავს. ახლა კი შობის ღამემდე სულ 24 დღე რჩება და მან სასწრაფოდ უნდა იპოვოს ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრებს წარუდგენს.

სერიალი ნორვეგიული ჰიტის, „სახლში შობისთვის“ იტალიური ვერსიაა. მასში შენარჩუნებულია ორიგინალის იუმორი, ხოლო ვენეციის ულამაზესი ხედები ამბავს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
3. „ადამიანი ბავშვის წინააღმდეგ“ (Man vs Baby, 2025)
თუ როუენ ატკინსის იუმორი მოგწონთ, ეს სერიალი ნამდვილად უნდა ნახოთ. მისი მთავარი გმირი ტრევორ ბინგლი, რომელიც მაყურებელმა სერიალიდან „ადამიანი ფუტკრის წინააღმდეგ“ (Man vs Bee) გაიცნო, ამჯერად სრულიად მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდება. სკოლის დარაჯს შობის წინ სპექტაკლის შემდეგ დარჩენილი ჩვილის მოვლა უწევს.

ერთი შეხედვით მარტივი საქმე მალე ნამდვილ ქაოსად იქცევა. ატკინსის მონაწილეობით შექმნილი კომედია სადღესასწაულო დღეებისთვის მსუბუქი და სახალისო სანახაობაა.
4. „დეში და ლილი“ (Dash & Lily, 2020)
რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე შობის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორია? ლილი წიგნის მაღაზიაში ბლოკნოტს ტოვებს, რომელშიც გამოცანები და დავალებებია ჩაწერილი. მას შემთხვევით დეში პოულობს - ჩაკეტილი და ცოტა ცინიკური ახალგაზრდა, რომელსაც საშობაო მხიარულება დიდად არ ხიბლავს.

ასე იწყება ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის უცნაური მიმოწერა და თავგადასავალი. ნიუ-იორკის საშობაო დეკორაციები, მსუბუქი იუმორი და ნაზი რომანტიკა სერიალს ზამთრის საღამოებისთვის იდეალურ სანახაობად აქცევს.
5. „უდანაშაულობის გამოცდა“ (Ordeal by Innocence, 2018)
თუ სადღესასწაულო დღეებშიც დაძაბული დეტექტიური ისტორიების ყურება გირჩევნიათ, აგათა კრისტის ნაწარმოების ეს ეკრანიზაცია არ გამოტოვოთ.

მოქმედება 1954 წელს, საახალწლო პერიოდში ვითარდება. არგაილების ოჯახში სახლის დიასახლისს კლავენ, დანაშაულისთვის კი მისი ნაშვილები შვილი მსჯავრდებულია. წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩნდება მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ მამაკაცს დანაშაულის ჩადენის დროს ალიბი ჰქონდა. ეჭვმიტანილთა წრე ფართოვდება და გამოძიება ოჯახის ყველა წევრს მოიცავს.
6. „საშობაო სიმღერა“ (A Christmas Carol, 2019)
ჩარლზ დიკენსის ცნობილი ნაწარმოების ეს ეკრანიზაცია კლასიკური საშობაო ამბის უფრო ბნელი და დაძაბული ვერსიაა. მთავარ როლებში გაი პირსი და ენდი სერკისი მონაწილეობენ.

სიუჟეტის ცენტრში ძუნწი და გულცივი ებენეზერ სკრუჯია, რომელსაც შობის ღამეს მოჩვენებები სტუმრობენ და საკუთარი ცხოვრების გადახედვას აიძულებენ. თუ ტრადიციული საშობაო ზღაპრების ნაცვლად უფრო მისტიკური და დრამატული ისტორია გიზიდავთ, ეს სერიალი თქვენთვისაა.
7. „ბედნიერად და მხიარულად“ (Merry Happy Whatever, 2019)
ეს კომედია ქუინების ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ოჯახის უფროსი, დონ ქუინი, დღესასწაულებზე ცდილობს, ყველაფერი მისი წესების მიხედვით წარიმართოს. თუმცა მისი გეგმები ირღვევა, როდესაც ქალიშვილი სახლში ახალ შეყვარებულთან ერთად ბრუნდება.

მამა გადაწყვეტს, ახალგაზრდა მამაკაცი კარგად შეამოწმოს და შეაფასოს, ოჯახის წევრები კი სადღესასწაულო დღეებში საკუთარ პრობლემებსა და გაუგებრობებს ებრძვიან. სერიალი ოჯახურ ურთიერთობებზე, თაობებს შორის განსხვავებებსა და საშობაო აურზაურზე იუმორით გვიყვება.
8. „სანტა კლაუსები“ (The Santa Clauses, 2022)
ოდესმე გიფიქრიათ, რა მოხდება, თუ სანტა კლაუსი პენსიაზე გასვლას გადაწყვეტს? სწორედ ამ კითხვით იწყება სერიალი, რომლის მთავარი გმირიც სანტას შემცვლელის პოვნას ცდილობს.

თუმცა იდეალური მემკვიდრის შერჩევა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებაც გიწევს. ტიმ ალენის მონაწილეობით შექმნილი სერიალი ცნობილი საშობაო ფილმების ისტორიის გაგრძელებაა. სადღესასწაულო განწყობისთვის კი 1994 წლის პირველი ფილმის ნახვაც შეგიძლიათ.
9. „მკვლელობა ფითრის ქვეშ“ (Mistletoe Murders, 2024)
საშობაო განწყობა და მკვლელობის საიდუმლოებები - ამ სერიალში ორივე ერთადაა. მთავარი გმირი ემილი ლეინი უკეთესი ცხოვრების იმედით პატარა ქალაქ ფლეტჩერს გროვში გადადის. იქ სადღესასწაულო ნივთების მაღაზიას ხსნის და შობისთვის ემზადება.

თუმცა მშვიდი ქალაქის ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც იქ მკვლელობების სერია იწყება. ემილი კი სულაც არ არის ისეთი გულუბრყვილო, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს - წარსულში მიღებული გამოცდილება მას გამოძიების დაწყებასა და სიმართლის ძიებაში ეხმარება.
10. „რა მოხდა შობას“ (ÜberWeihnachten, 2020)
ჩამონათვალს გერმანული კომედიური დრამით დავასრულებთ. მთავარი გმირი ბასტიანი წარუმატებელი მუსიკოსია, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეყვარებული დაშორდა და მუსიკალურ სცენაზეც სასურველ წარმატებას ვერ მიაღწია. იმ იმედით, რომ მშობლიურ ქალაქში დაისვენებს, შობის წინ სახლში ბრუნდება.

თუმცა იქ სიმშვიდის ნაცვლად ახალი პრობლემები ელოდება: ჩამოდის მისი ძმა ნიკლასი, რომელმაც ბასტიანს შეყვარებული წაართვა, მშობლებთან ურთიერთობაც იძაბება, ოჯახის წევრები კი რაღაც საიდუმლოს მალავენ.
სერიალი სახალისო და უხერხული სიტუაციებით გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ოჯახურმა ურთიერთობებმა ჩვენი ცხოვრება ერთდროულად გაართულოს და შეცვალოს.
თემები: სერიალი