სტილი

ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: Jewellery by MaKa

ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: Jewellery by MaKa

ყველაზე მაღალი ხარისხის ოსტატობით დამზადებული ხელნაკეთი ვისკის — Balvenie-ს რუბრიკა ამჯერად კიდევ ერთ საინტერესო ქართულ მარკას — დიზაინერ მაკა ჩხეიძის სამკაულებს გაგაცნობთ, რომელსაც Jewellery by MaKa ჰქვია.

ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: Jewellery by MaKa

მისი სამკაულები ორიგინალური ფორმებით, თუმცა პრაქტიკული თვისებებით გამოირჩევა. მიაჩნია, რომ ხელნაკეთი ტექნიკა იმ განსაკუთრებულ მაგიას ქმნის, რაც სამკაულსა და მის პატრონს მთელი ცხოვრება აკავშირებს. საყვარელი მასალა ვერცხლი და ბუნებრივი მინერალებია, რაც უამრავი ვარიაციის საშუალებას აძლევს. მოდის უამრავ მოყვარულს შორის, მისი საყურე მონაკოს პრინცესას გარდერობსაც ამშვენებს: ქართველმა მეგობარმა მას მაკას საყურე ქორწილში აჩუქა, როდესაც თურქული სერიალის გმირის — „სავაშის“ როლის შემსრულებელ მსახიობს — მურატ ილდირიმის გაჰყვა ცოლად.

ბავშვობიდან ხატავდა, თუმცა ხატვის უნარებს განსაკუთრებული ნიჭად არ მიიჩნევდა — ეგონა, პრინცესების თუ ცხოველების ხატვა ყველა ბავშვს შეეძლო. თუმცა, 11 წლის ასაკში სამხატვრო სკოლაში მისვლას უდიდეს შეცდომად მიიჩნევს: მანამდე სრული თავისუფლება ჰქონდა — ხატავდა ყველაფერს, რაც მოსწონდა, იქ კი გარკვეული პროგრამა დაუწესეს, სფეროებით დაწყებული, დოქის სილუეტებით დასრულებული. რუტინამ პროტესტის გრძნობა გაუჩინა, რამაც იმდენად იმოქმედა, რომ ბევრი წლის განმავლობაში საერთოდ აღარ დაუხატავს.

პროფესიის არჩევისას გადაწყვიტა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ფინანსების მიმართულებით ესწავლა, თუმცა 4 წლის შემდეგ ხატვა ისევ მოენატრა. სამხატვრო აკადემიაში გადასულს, პროფილის შერჩევა გაუჭირდა და ეცადა, მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ფაკულტეტი აერჩია.

ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: Jewellery by MaKa

„გარკვეულწილად ინტერიერი მაინტერესებდა. ვფიქრობ, რაღაც დონეზე ყველა ქალს აღელვებს საცხოვრებელი გარემოს მოწყობა და იქ მყუდრო სიტუაციის შექმნა. ამიტომაც, მონუმენტურ-დეკორატიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც არქიტექტურაც ისწავლებოდა და ექსტერიერის და ლანდშაფტების გაფორმებაზე ფიქრიც გვიწევდა. სამ განზომილებაში აზროვნებას გვასწავლიდნენ, რაც შემდგომ სამკაულებზე მუშაობისას ძალიან დამეხმარა.“

სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ საბოლოო პროფილზე მაინც ვერ ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ მამა — დავით ჩხეიძე წლების განმავლობაში სამკაულებზე მუშაობდა და პროფესიულ წერეებში მინანქრის თუ სხვა ტექნიკების საუკეთესო ოსტატად ითვლებოდა, საიუველირო საქმიანობაზე არასოდეს უფიქრია.

„მამა საკმაოდ კარგი მაგალითი იყო, თანაც მისი სამკაულები ძალიან მომწონდა და რამდენიმეჯერ ვთხოვე კიდეც, ჩემთვისაც გაეკეთებინა, თუმცა ამისთვის არასოდეს ეცალა. სწორედ ამ გარემოებამ გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები, სასურველი სამკაულები თავად დამემზადებინა. ხატვისგან სრულიად განსხვავდება პროცესი, როდესაც რაღაც ნივთზე ხარ შეყვარებული, ამზადებ და ერთი სული გაქვს, ატარო. სამკაულების კონკრეტულ მოდელებს წარმოვიდგენდი ხოლმე, შემდეგ კი ვფიქრობდი, შეძლებდა თუ არა მის გაკეთებას რომელიმე ხელოსანი. ამ პროცესმა ძალიან ჩამითრია, შემდეგ მეგობრებისთვისაც დავიწყე მოდელების შექმნა და მალე ამ საქმიანობამ კომერციული სახეც მიიღო.“

ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: Jewellery by MaKa

მამის სახით იმდენად კრიტიკული მასწავლებელი ჰყავდა, რომ გარკვეულ ეტაპზე იფიქრა, სამკაულების დამზადება ჩემი საქმე სულაც არ არისო. თუმცა სურდა, დაემტკიცებინა, რომ უკეთესი შედეგების მიღწევა შეეძლო. დარწმუნებული იყო, დადგებოდა დრო, როდესაც მამა შეაქებდა. „დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ საიუველირო სფეროში ასე თუ ისე შევდექი. მნიშვნელოვანია, არ ვგავდე მამას, მისი ნამუშევრების გავლენის ქვეშ არ მოვექცე. მასწავლებელი ჩვენთვის ყოველთვის მაგალითია, ამიტომაც აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ საკუთარი ხედვის განვითარებაზე ვიფიქროთ. ნივთს უნდა ეტყობოდეს, რომელი ხელოვანის დამზადებულია“.

ეკონომიკურმა განათლებამ თავისი კვალი მაინც დატოვა: „შევძელი, პატარ-პატარა დეტალებისთვის თავი მომეყარა და ჩემი საქმიანობა თავად განმეკარგა. საწყის ეტაპზე, ნამუშევრებს გალერეებში ვაბარებდი, შემდეგ სოციალური ქსელებით გამიცნეს. დღეს დამკვეთების უმეტესობა Facebook-ის საშუალებით მიკავშირდება. სეზონურად პატარ-პატარა კოლექციების გაკეთებას ვახერხებ ხოლმე, ამ ეტაპზე ისევ პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები“.

საწყის ეტაპზე აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. 5 წლის წინ მისმა ნამუშევრებმა სტრასბურგში, საქართველოს დღეებზე იმოგზაურა; 2016 წელს კი ნიუ-იორკში პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. მთელი კოლექცია რამდენიმე დღეში გაიყიდა. ბოლო პერსონალური გამოფენა 2017 წლის მაისში ჰქონდა. ბიზნესიც თანდათანობით, ლოგიკურად აეწყო და ჩამოყალიბდა.

ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: Jewellery by MaKa

„მაშინაც კი, როდესაც ვფიქრობდი, რომ მზად არ ვიყავი და ასე ვთქვათ, კულისებიდან გამოსვლას ველოდი, გავიგე, თურმე ვიღაცეებს ჩემ შესახებ სცოდნიათ — კონკრეტულ მაღაზიებში ჩემს ნამუშევრებს ითხოვდნენ. ეს კი წინსვლისთვის უდიდეს სტიმულს მაძლევდა. აუცილებელია, ხელოვანმა სხვადასხვა ფორმა ეძებოს და მუდმივი განვითარების, სიახლის შექმნის სურვილი ამოძრავებდეს.“

მიაჩნია, რომ ვერცხლი ოქროსთან შედარებით ფაქტურების მხრივ მეტი არჩევანს გვთავაზობს: „როდესაც დამკვეთები მთხოვენ, კონკრეტული სამკაული ოქროთი შევასრულო, ვუსხნი, რომ ჩემი ნამუშევრები უმეტესად მასიურია, რაც დიდი რაოდენობით ნედლეულს მოითხოვს; ამავდროულად, ვერცხლით რამდენიმე ფერის მიღება შეგიძლია — გააშავებ ან ოქროში ამოავლებ. ოქროზე მუშაობისას ფორმაშიც მეტად შეზღუდული ხარ — რამდენადაც ოქრო ძვირფასი მეტალია, მეტი ვალდებულება გაქვს, მასალა არ დაკარგო და შესაბამისად, მუშაობის პროცესში შემოქმედებითი კუთხით იზღუდები“.

ცდილობს, ქართულ ბაზარზე არსებული სამკაულების მცირე არჩევანი თანამედროვე, მრავალფეროვანი კოლექციებით შეავსოს. „მომწონს ძველი სამკაულების ყალიბებით დამზადებული მოდელები, თუმცა მათ ჩემთვის დაახლოებით ისეთივე დატვირთვა აქვთ, როგორიც ძველებურ ხალიჩებს. ხელოვანისთვის კი აუცილებელია განვითარება და ახალი ხედვა“.

ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: Jewellery by MaKa

აზროვნების არეალის გასაფართოველბად მუდმივად ეცნობა სხვა ხელოვანების ნამუშევრებს და მსოფლიო ტენდენციებს, თუმცა ტენდენციების ხათრით ფანტაზიის შეზღუდვის მომხრე არ არის. მათ მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, როდესაც საკუთარ გემოვნებას ემთხვევა: „ტენდენციებს არასოდეს ვეწყობი, თუმცა საკვებ მარაგად ყოველთვის ვიყენებ.“

უპირატესობას ძველი და ახალი, უხეში და ნაზი ფაქტურების სინთეზს ანიჭებს. ხის, ქვის და მცენარის ფაქტურის ერთმანეთთან შეხამებით ბუნებაში არარსებული კომპოზიციების შექმნა მოსწონს. ინტერესის მთავარი ობიექტი ხელნაკეთი ტექნიკაა — ამ სიამოვნებას ქარხანასთან თანამშრომლობა ვერასოდეს მიანიჭებს. „თუ გარკვეულ ეტაპზე ბიზნესისთვის სახსრები გჭირდება, რა თქმა უნდა, სრულიად დასაშვებია, რომელიმე კომპანიასთან ითანამშრომლო და მცირე დათმობებზეც წახვიდე. თუმცა ვფიქრობ, ამ კომპრომისებზე წასვლა აუცილებლად მოგიწევს და არა მგონია, ეს რომელიმე არტისტისთვის საოცნებო მდოგმარეობა იყოს; ყველას არტისტს სურს, შემოქმედება საკუთარ ხედვას ასახავდეს.“

ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: Jewellery by MaKa

ხელნაკეთი პროცესი მეტად ინტიმურია. „ხშირად შემიმჩნევია, რომ ადამიანები სხვისთვასაც საკუთარი გემოვნებით, საკუთარ ხასიათთან შესაბამისობაში არჩევდნენ. მაგალითად, მეჯვარეს მეგობრისთვის თავის გარეგნობაზე მორგებული დიზაინი დაუკვეთია. ასეთ დროს ყოველთვის ვცდილობ, ის ადამიანი შევისწავლო, ვისთვისაც სამკაული იქმნება: გავიგო, მის გარდერობში რა ფერები დომინირებს. ვერაფრით გადავიტან, ნაკეთობა, რომელსაც მიკვეთავენ, თაროზე აღმოჩნდეს, პატრონისთვის გამოუსადეგარ ნივთად იქცეს. სამკაულის ფუნქციაა, პირველ რიგში, ჩანდეს, იკაშკაშოს და მფლობელი გაახაროს. კიდევ კარგი, ჯერ-ჯერობით ინტუიციას არ მოვუტყუებივარ და დამკვეთებიც აღნიშნავენ, რომ ჩემმა რჩევამ გაამართლა.

ერთი მხრივ, როდესაც სამკაულის ჩამოსხმის, ჩასახვის მომენტიდან ხელოვანი მის პატრონზე ფიქრობს, სამკაულსა და მის მომავალ პატრონს შორის საოცარი ენერგეტიკული მუხტი იქმნება, თუმცა ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც ნივთს არავისთვის ქმნი, შემდეგ კი დევს და პატრონს ელოდება. პატრონი კი ყველას ჰყავს. ეს მდგომარეობაც საოცრად სიმბოლურია — შეიძლება ნაკეთობა 3 წლის განმავლობაში არავის მოერგოს, შემდეგ კი პატრონმა კონკიას ფეხსაცმელივით მოიზომოს და აღმოჩნდეს, რომ ზუსტად მისთვისაა“…

ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: Jewellery by MaKa

ყველაზე მაღალი ხარისხის ოსტატობით დამზადებული ხელნაკეთი ვისკი — The Balvenie 120-წელზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის. ხშირად ასოციაციურად როლს-როისთან აიგივებენ: უილიამ გრანტის საოჯახო ბიზნესის შემადგენლობაში მყოფლი ქარხანა მსოფლიოში ერთადერთია, სადაც სწორედ გრანტის პატივსაცემად შთამომავლებმა უძველესი ტრადიციების შემონახვა გადაწყვიტეს და ვისკის წარმოების სრული ციკლი შეინარჩუნეს. საკუთარი ღირებულებების გათვალისწინებით, The Balvenie იმ ქართულ ბრენდებზე ფოკუსირდა, რომლებიც ტრადიციულ ხელნაკეთ პროდუქტების ქმნიან.

ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: Jewellery by MaKa

ინტერვიუს პარტნიორი ლოკაცია: სასტუმრო „გრუვი“, რესტორანი „კიპარისი“

ხელნაკეთი ბრენდის ისტორია: Jewellery by MaKa