უმცროსი შვილი ყოველთვის პატარა ბავშვად რჩება და მასზე მშობლები და ოჯახის სხვა წევრები ზრდასრულ ასაკშიც ისე ზრუნავენ თითქოს პატარა ბავშვია, შუათანა შვილი უფრო მეტად დამოუკიდებელია, ხოლო უფროსი ყველაზე ჭკვიანად მიიჩნევა. ეს სტერეოტიპული დამოკიდებულებაა, თუმცა ყოველივეში არის სიმართლის მარცვალიც.

ახალი კვლევის მიხედვით უფროსი შვილები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი სწავლასა და განათლების მიღებაზე, შედეგად კი, თავის უმცროს და-ძმებთან შედარებით უფრო ინტელექტუალები არიან და კარიერული თვალსაზრისით უფრო მეტ წარმატებას აღწევენ. მათ უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში.

მკვლევარები ამბობენ, რომ ამის მიზეზი მშობლებში და მათ დამოკიდებულებაში უნდა ვეძებოთ. ისინი პირველი შვილის შემთხვევაში განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ, რომ მან იდეალური განათლება მიიღოს, ყოველ მომდევნო შვილზე კი შედარებით ადუნებენ ყურადღებას და მათ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევენ.

პირველი შვილის შემთხვევაში მშობლები უფრო მეტად არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროცესში, უფრო მეტად მომთხოვნები არიან და უფრო სიმკაცრესაც იჩენენ როცა საქმე განათლების მიღებას ეხება. მომდევნო შვილები კი ამ მხრივ უფრო თავისუფლად ცხოვრობენ. ყოველივეს კი თავისი შედეგი აქვს. სწორედ ამის გამო უფროსი შვილები უფრო მეტად განათლებულები არიან.

სხვადასხვა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ უმცროს შვილებს უფროსებთან შედარებით დაბალი IQ აქვთ და გაცილებით ნაკლებ ფულს გამოიმუშავებენ, ადრეულ ასაკში იღებენ დაქორწინების გადაწყვეტილებას და მიდრეკილნი არიან დანაშაულის ჩადენისკენ, რადგანაც აქვთ განცდა, რომ მათ ყველაფერს აპატიებენ, რომ დანაშაულისთვის მათ არავინ დასჯის.