LIFE

შენ ხარ შენი თავის ერთადერთი ნამდვილი მტერი!

შენ ხარ შენი თავის ერთადერთი ნამდვილი მტერი!

ჩვენ ხშირად ვეძებთ მტრებს სხვა ადამიანებში - მას, ვინც მე განმიკითხავს; მას, ვინც ხელს მიშლის; მას, ვინც მხარს არ მიჭერს. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერი, ვისაც ყველაზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ჩვენ ვართ.

ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწამიერად ხელს ვუშლით საკუთარ თავს.

როგორ? თუ საკუთარ თავზე გამუდმებით ნეგატიურ შეფასებებს ვაკეთებ, რისიც მთელი გულით მჯერა, მაშინ მე ნამდვილად ვაკავებ საკუთარ პოტენციალს. ამ მოცემულობაში, სხვებს ვაძლევ უფლებას ცუდად მომექცნენ და მჯერა, რომ ამას ვიმსახურებ... 

თუ ეს ნაცნობი განცდაა, მაშინ იცოდეთ, რომ ვერავინ შეძლებს ამაზე დიდი ზიანის მოყენებას. დაიმახსოვრეთ, რომ სხვას არავის აქვს ასეთი ძლიერი გავლენა თქვენს ცხოვრებაზე, როგორც თქვენ!

არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან სხვები.

თუ არ გჯერათ მათი, თქვენ არ მისცემთ მათ ძალას, რომ რეალურად მოგაყენონ რაიმე სახის ზიანი. თუმცა, თუ თქვენ მათ გარკვეულ დონეზე ეთანხმებით, მაშინ მათი ნათქვამი შესაძლოა რეალობად გადაიქცეს.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გულთან ახლოს ნუ მიიტანთ სხვების შეფასებებს. მაშინაც კი, თუ მათი განზრახვა დამაზიანებელია, ეს შეფასებები თუ კომენტარები, უბრალო სიტყვებად დარჩება, რომლებიც თქვენზე გავლენას ვერ მოახდენენ.

თქვენ უნდა აირჩიოთ - იქნებით საკუთარი თავის მტერი თუ მოკავშირე. არავის აქვს თქვენზე მეტი ძალა, რომელიც ცხოვრებაში ან დაგეხმარებათ ან ხელს შეგიშლით, ამიტომ კარგად დაფიქრდით ამ საკითხზე.

განავითარეთ თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ. არ არსებობს მიზეზი, იყოთ საკუთარი თავის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი. მაგრამ არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც, საკუთარი თავის ყველაზე დიდი მხარდამჭერი უნდა გახდეთ. ეს მოგცემთ ბევრად მეტ ძალას და დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ნებისმიერ ნეგატიურ სიტუაციას.

თანაგრძნობა პირველი ნაბიჯია.

ამის შემდეგ, მიეცით საკუთარ თავს უფლება დაიჭიროთ თქვენი მხარე. არ დაეთანხმოთ სხვებს - დაიცავით თავი. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უგულებელყოფთ საკუთარ შეცდომებს, მაგრამ მათი მართვა უმჯობესია თანაგრძნობით და არა ბრაზით.

აღიარეთ თქვენი ძლიერი მხარეები, ნიჭი და მიღწევები.

ჩვენ ყველამ ვიცით ჩვენი ნაკლოვანებები. შეიძლება ზედმეტად კარგადაც კი. მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ნიჭს? ჩვენს ძლიერ მხარეებს? ჩვენს მიღწევებს? ჩამოწერეთ ისინი! შეეცადეთ ყოველდღიურად გაიხსენოთ მინიმუმ ერთი დადებითი რამ საკუთარ თავზე.

იზეიმეთ თქვენი მიღწევები, როგორი მცირეც არ უნდა იყოს ეს. დაუთმეთ ამას მხოლოდ ერთი წუთი, მაგრამ გააცნობიერეთ რა გააკეთეთ და რას ნიშნავს ეს თქვენთვის.

თუ აირჩევთ იყოთ თქვენი მტერი, ამ ბრძოლას ალბათ მოიგებთ. ამის მიზეზიც მარტივია - საკუთარი თავის საბოტაჟი სხვებზე უკეთ შეგიძლიათ! მაგრამ, თუ აირჩევთ იყოთ მოკავშირე, მაშინ საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტად დაეხმარებით, ვიდრე სხვები. ასე რომ, გააკეთეთ გონივრული არჩევანი!