დეკემბერი არის დრო, შევაფასოთ და დავისახოთ მომავალი წლის მიზნები. თუ არ გსურთ, რომ თქვენი გეგმა მხოლოდ გონებაში დარჩეს, მონდომებით უნდა მიუდგეთ.
წლიური გეგმის შედგენა არც ისე მარტივია, მაგრამ თუ ზუსტად გეცოდინებათ რა გსურთ, ან რაზე ოცნებობთ, მაშინ მათი მიღწევა არც ისე ძნელი იქნება.
შეაჯამეთ გასული წელი
გააანალიზეთ გასული წელი, წარსული გამოცდილება დაგეხმარებათ გაიგოთ, სად დაუშვით შეცდომები და სად მიაღწიეთ წარმატებას.
- მიაღწიეთ თქვენს მიზნებს? თუ არა, რატომ?
- თუ ზოგიერთი მიზანი არ იქნა მიღწეული, ის კვლავ აქტუალურია?
- დაემთხვა თუ არა თქვენი მოლოდინები და რეალობა ოცნების ახდენის შემდეგ?
- რა გააკეთეთ მიზნის მისაღწევად?
- რომელი ოცნებები ახდა, რომლებიც წლიურ გეგმაში არ გქონდათ?

ჩამოწერეთ მიზნები
მას შემდეგ, რაც მიზნებს შეაჯამებთ, ჩამოთვალეთ ყველაფერი, რის მიღწევასაც მომავალში გეგმავთ.
- არ გამოიყენოთ „ფილტრი“ - ჩაწერეთ მომავალი წლის ყველა ოცნება და მიზანი, რომელიც თავში მოგივათ.
- ახალი თვალით შეხედეთ სიას და შეინახეთ ყველაფერი, რაც თქვენს ღირებულებებს შეესაბამება და ნამდვილად მიღწევადია.
დაასაბუთეთ მიზეზები
მიზნის მიღწევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ის ნამდვილად თქვენია; ხშირად ჩვენ მიზნებს სხვა ადამიანების მოლოდინების საფუძველზე ვისახავთ. მაგალითად, თქვენ გსურთ კარიერა, ხოლო თქვენი მშობლები შვილიშვილებზე ოცნებობენ.

რეალური, მიღწევადი ოცნება ისაა, რაც თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს. ამიტომ, ის თქვენს ღირებულებებსა და პრიორიტეტებს უნდა შეესაბამებოდეს და არა სხვებისას.
ფრთხილად იყავით სურვილების მიმართ
სურვილების ბუნდოვანმა ფორმულირებამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს, ამიტომ, იყავით რეალისტები: თუ თქვენ, ბრიჯიტ ჯონსის მსგავსად, ოცნებობთ ახალ წელს წონაში დაკლებაზე, კვირაში ხუთჯერ ნუ დაგეგმავთ სპორტდარბაზში სიარულს. რეალისტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და ის, რისი გაკეთებაც რეალურად შეგიძლიათ.
მიზნის მისაღწევად ხშირად ახალი ჩვევების მიღებაა საჭირო. წონის დასაკლებად, საჭიროა დიეტის შეცვლა და მეტი ვარჯიში; ურთიერთობების დასამყარებლად კი ახალი ადამიანების გაცნობა.
ახალი ჩვევები ადვილად უნდა მოერგოს თქვენს ცხოვრებას: თუ 24/7 მუშაობთ, არ გექნებათ ენერგია ყოველდღე სპორტდარბაზში სიარულისთვის ან კვირაში ოთხჯერ პაემნებზე წასასვლელად. გაითვალისწინეთ თქვენი ცხოვრების წესი და შესაბამისად დაგეგმეთ.
შექმენით გეგმა
გეგმის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ: თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს მისი მიღწევის მკაფიო გზა:
- დაყავით თქვენი ოცნება პატარა, მიღწევად ნაბიჯებად, თითოეულისთვის დააწესეთ ვადები.
- წინასწარ დაფიქრდით, რა შეიძლება შეგიშალოთ ხელი და რას გააკეთებთ, თუ ასე მოხდება.
- რეგულარულად გადახედეთ თქვენს გეგმას.

დაიწყეთ მცირედით
მაგალითად, თუ ურთიერთობაზე ოცნებობთ, აპლიკაციის ჩამოტვირთვა უკვე ნაბიჯია. მიეცით საკუთარ თავს საშუალება შეეგუოთ ცვლილებებს, დააკვირდით საკუთარ თავს და თქვენს გრძნობებს, აკონტროლეთ შფოთვის დონე და გამოიყენეთ თვითრეგულირების ტექნიკა.
იყავით უფრო კეთილი საკუთარი თავის მიმართ და იზეიმეთ ყოველი გამარჯვება, რაც არ უნდა პატარა იყოს ის. გამარჯვების გაცნობიერება და პოზიტიური განმტკიცება ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას, ხოლო გამარჯვებების ფიქრი ასტიმულირებს დოფამინის რეცეპტორებს, რითაც იზრდება მოტივაცია და მოქმედების სურვილი.

რეგულარულად გადახედეთ მიზნებს - პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს წლის განმავლობაში. მაშინაც კი, თუ ნახევარ გზაზე ხართ და მიხვდებით, რომ ეს ოცნება აღარ არის თქვენი, გაქვთ უფლება, გაუშვათ ის და უფრო მნიშვნელოვან საქმეს დაუთმოთ დრო.
თემები: ახალი წელი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია