რატომ არის სახიფათო გასახდომი ნემსები და ვინ უბიძგებს გოგონებს ანორექსიისკენ? – ნიკოლა მაკლინის გაფრთხილება
- 12.03.2026
ინსტაგრამზე სქროლვისას სულ უფრო ხშირად გვხვდება ფოტოები გამოკვეთილი ლავიწის ძვლებით, ზედმეტად წვრილი ხელებითა და სხეულის მუდმივი "შემოწმებით".
პოპულარული მოდელი ნიკოლა მაკლინი, რომელიც 33 წელია კვებით აშლილობას ებრძვის, საზოგადოებას აფრთხილებს: ცნობილი სახეები, რომლებიც უკიდურეს სიგამხდრეს "აშუქებენ", ახალგაზრდა გოგონებს უფსკრულისკენ უბიძგებენ.
ალგორითმი, რომელიც "გაიძულებს" არ ჭამო
ნიკოლა ყურადღებას ამახვილებს სოციალური ქსელების საშიშროებაზე. მისი თქმით, თუ ერთხელ მაინც დაინტერესდებით დიეტით, ალგორითმი ათასობით მსგავს პოსტს შემოგთავაზებთ.
"თუ მე, 44 წლის ქალს, ეს კონტენტი ასე მითრევს, წარმოიდგინეთ, რას უშვება ის ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც დღეში საშუალოდ 5 საათს ატარებენ სოციალურ ქსელებში?" - კითხულობს მოდელი.
ნიკოლა ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის სხეულის დაცინვა. არსებობენ ბუნებრივად გამხდარი ადამიანები, თუმცა პრობლემა იწყება იქ, სადაც უკიდურესი სიგამხდრე "ბრენდად" და წარმატების სიმბოლოდ იქცევა.
გასახდომი ნემსები - "ჯადოსნური" გზა თუ ჯანმრთელობის განადგურება?
მოდელმა საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა. 2021 წელს, როდესაც ის სულ რაღაც S ზომას ატარებდა, მაინც მოექცა გავლენის ქვეშ და ე.წ. "გასახდომი ნემსების" გამოყენება გადაწყვიტა.

"ინსტაგრამზე ვიპოვე გვერდი, რომელიც თავს “ონლაინ ექთანს“ უწოდებდა. მირჩიეს, მომეტყუებინა ჩემი წონა, რათა პრეპარატი გამოეწერა. ასეც მოვიქეცი.
შედეგი? საშინელი შეუძლოდ ყოფნა და ღებინება. მეგონა, ცნობილი ადამიანები თუ ამას აკეთებდნენ, ჩემთვისაც უსაფრთხო იქნებოდა, მაგრამ შევცდი."
ოზემპიკი და სილამაზის ახალი, სახიფათო ჩამონათვალი
დღეს ჰოლივუდში "ოზემპიკის" (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც წონის დასაკლებად იყენებენ) ტრენდი მძვინვარებს. კელი ოსბორნმა ამ მეთოდს "საოცრებაც" კი უწოდა და დასცინა მათ, ვინც მას აკრიტიკებს.
ნიკოლასთვის ეს საგანგაშოა: "როდესაც ძლიერ მედიკამენტებზე ისე ვსაუბრობთ, როგორც სილამაზის უბრალო პროცედურაზე, ჩვენს შვილებს საშინელ გზავნილს ვუგზავნით - თითქოს სიგამხდრე ნებისმიერ ფასად ღირს."
ციფრები, რომლებიც გვაშინებს
კვლევების მიხედვით, დღეში მხოლოდ 30-წუთიანი სქროლვაც კი ცვლის ახალგაზრდა ქალის წარმოდგენას საკუთარ სხეულზე. ნიკოლა მაკლინი, რომელმაც ანორექსიის გამო ერთ დროს 38 კილოგრამამდე დაიკლო, ამბობს, რომ კვებითი აშლილობა არა თავმოყვარეობის პრობლემა, არამედ მძიმე მენტალური დაავადებაა.
"კვებითი აშლილობები არ არის გლამურული. ეს არის სასტიკი სენი, რომელიც წლებს გართმევს. ამიტომ, როცა ვხედავ “skinny“ კონტენტს, რომელიც “ველნესად“ არის შეფუთული, ვერ ვჩუმდები."
ნიკოლა მოუწოდებს მთავრობასა და ჯანდაცვის სექტორს, გადახედონ კვებითი აშლილობის დიაგნოსტიკის მეთოდებს და ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ BMI-ს (სხეულის მასის ინდექსს), რადგან ხშირად ციფრების მიღმა დიდი ტრაგედია იმალება.
თემები: ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები