LIFE

„მუდმივად ვცრუობდი“: რა თქვა ჰარვი ვაინშტაინმა პირველად დაპატიმრების შემდეგ და ვინ იყვნენ მისი მსხვერპლნი

„მუდმივად ვცრუობდი“: რა თქვა ჰარვი ვაინშტაინმა პირველად დაპატიმრების შემდეგ და ვინ იყვნენ მისი მსხვერპლნი

73 წლის კინოპროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს, სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი. ციხეში ყოფნისას მან ჟურნალისტებს პირველი ინტერვიუ მისცა, სადაც თავის სასამართლო საქმესა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტმა, მეირ როშანმა, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ჰარვი ვაინშტაინთან - ამერიკელ პროდიუსერთან, რომელსაც ქალებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. შეხვედრა რაიკერსის ციხეში შედგა, რომელიც ნიუ-იორკთან მდებარე კუნძულზეა და აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და საშიშ საპატიმროდ ითვლება. ვაინშტაინი ამჟამად ხელახალ გამოძიებას ელოდება;



პროცესი 2017 წლიდან გრძელდება და მას რამდენიმე ათწლეულით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რით არის ცნობილი ჰარვი ვაინშტაინი

ვაინშტაინმა კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც ძმასთან ერთად დააარსა კინოკომპანია Miramax, რომელიც მოგვიანებით ჰოლივუდის ერთ-ერთ გიგანტად იქცა. როგორც პროდიუსერი, ის მონაწილეობდა ისეთი საკულტო ფილმების შექმნაში, როგორიცაა:

  • „მაკულატურა“ (Pulp Fiction)

  • „ინგლისელი პაციენტი“

  • „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“

  • „ჩიკაგო“

  • „მოკალი ბილი“

  • „ავიატორი“

  • „მეფის სიტყვა“

  • „ცოდვის ქალაქი“

  • „ჯანგო გათავისუფლებული“ და სხვა.



მისი წარმატებული კარიერა 2017 წელს დაინგრა, მას შემდეგ, რაც The New York Times-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ მსახიობ ეშლი ჯადთან, რომელმაც პროდიუსერი ჰარასმენტში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა ბრალდებები სხვა ვარსკვლავებისგანაც, მათ შორის იყვნენ გვინეტ პელტროუ, ანჯელინა ჯოლი და უმა თურმანი.

2018 წელს იგი დააპატიმრეს მსახიობ ლუსია ევანსზე ძალადობისთვის. 2020 წელს სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 2024 წელს საქმე გადასინჯვაზე გაიგზავნა და ვაინშტაინი ახალ განაჩენს ელოდება.



სკანდალის გამო მან დაკარგა არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ოჯახიც - მეუღლე, მსახიობი ჯორჯინა ჩაპმანი, მასთან 10-წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა. ინტერვიუში ვაინშტაინმა აღნიშნა, რომ ყოფილი ცოლი მასთან არ კონტაქტობს, თუმცა შვილებს მამასთან ურთიერთობის უფლებას აძლევს.

ცხოვრება ციხეში

„დროს ძირითადად საკანში ვატარებ. ხანდახან ინვალიდის ეტლით სასეირნოდ გავდივარ, მაგრამ ეს დღეში მხოლოდ ნახევარი საათია. ზედამხედველებისა და ექთნების გარდა არავის ვეკონტაქტები. რაიკერსი ჯოჯოხეთია. ქალაქის ციხეში, სადაც ადრე ვიყავი, სხვანაირად იყო - მეგობრებს ვხვდებოდი, ტელევიზორს ერთად ვუყურებდით“.

აგრესია და თავდასხმები

„აქ ყოფნა მტკივნეულია, რადგან იზოლაციაში ვარ. სხვა პატიმრებთან ყოფნა ჩემთვის საშიშია. მუდმივად მემუქრებიან და მამცირებენ: „ვაინშტაინ, ფული მომეცი“, „ვაინშტაინ, შენი ადვოკატი მათხოვე“. ერთხელ ტელეფონზე დასარეკად რიგში ვიდექი, წინ მდგომს ვკითხე, დაამთავრა თუ არა. ის მოტრიალდა და სახეში მთელი ძალით ჩამარტყა. იატაკზე დავეცი, ყველაფერი სისხლში იყო. ზედამხედველებს არ ვუთხარი, ვინ იყო, რადგან აქაური კანონით „ჩამშვები“ ვერ ვიქნებოდი“.

ურთიერთობა ოჯახთან

„სამ საათში ერთხელ დარეკვის უფლება მაქვს. ეს ჩემი გადარჩენის გზაა. ვესაუბრები უფროს ქალიშვილს (30 წლის) და უმცროსებს (12 და 15 წლის). დანარჩენი ორი შვილი ექვსი წელია არ მელაპარაკება. ბავშვებმა ინტერნეტით ყველაფერი იციან, მაგრამ ვეუბნები, რომ არავინ გამიუპატიურებია და მათ სჯერათ ჩემი“.

სიკვდილის შიში

„აქ სიკვდილის ძალიან მეშინია. ცივი და უსულო გარემოა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი რამ გავაკეთე საზოგადოებისთვის და ახლა ჰუმანურ მოპყრობასაც არ ვიმსახურებ. მარტში 74 წლის ვხდები, არ მინდა აქ მოვკვდე“.

ვაინშტაინი საკუთარ დანაშაულზე

პროდიუსერი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ ადამიანები ფულის გამო ცრუობენ. მისი თქმით, ბევრმა ქალმა სადაზღვევო კომპანიებისგან და Disney-სგან მილიონობით დოლარი მიიღო მხოლოდ იმ ფორმის შევსებით, სადაც ეწერა, რომ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.



„ვიყავი თუ არა ზედმეტად მომაბეზრებელი ან მაცდუნებელი? კი, ეს სიმართლეა. მუდმივად ვცრუობდი, ვიყენებდი თანამშრომლებს ამ ყველაფრის დასამალად. მაგრამ ჩამიდენია თუ არა სექსუალური ძალადობა? არა, ეს არასდროს გამიკეთებია. როცა კაცი სასტუმროს ნომერში შუაღამისას გეპატიჟება, იცი, რაც გელოდება. ბევრმა მათგანმა ზუსტად იცოდა, რას მოითხოვდნენ მათგან, მოგვიანებით კი შესაძლოა ინანეს ან ფულის შოვნის შანსი დაინახეს“.

ვის არ აპატიებს არასდროს

ყველაზე მეტად ვაინშტაინი გვინეტ პელტროუმ გააწბილა.

„ის ჩემი კარგი მეგობარი იყო. მასაჟი შევთავაზე, მან მითხრა „არა“ და მეც გავჩერდი. არასდროს შევხებივარ. მან კი მედიაში დიდი ამბავი ატეხა. ადამიანმა, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ჩემს წინაშეა დავალებული თავისი კარიერით, ზურგში დანა ჩამარტყა“.

ჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლნი

გამომძიებლების თქმით, ვაინშტაინის მსხვერპლი ათობით ქალი გახდა. აი, რამდენიმე მათგანის ისტორია:

  • ანჯელინა ჯოლი: განაცხადა, რომ 1998 წელს მასთან „ცუდი გამოცდილება“ ჰქონდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, მასთან აღარასდროს ემუშავა და სხვებიც გაეფრთხილებინა.

  • გვინეტ პელტროუ: 22 წლის ასაკში ვაინშტაინმა სასტუმროს ნომერში დაიბარა და მასაჟი შესთავაზა. მსახიობი ამბობს, რომ შიშისგან პარალიზებული იყო.

  • ლეა სეიდუ: ყვება, რომ პროდიუსერი მოულოდნელად ეცა და კოცნა დაუპირა, რის გამოც ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა მოუხდა. ასევე იხსენებს მის მიზოგინიურ გამონათქვამებს.

  • კეიტ ბეკინსეილი: 17 წლის ასაკში შეხვდა ვაინშტაინს, რომელიც მას ხალათში გამოწყობილი დახვდა. წლების განმავლობაში პროდიუსერი მას შეურაცხყოფას აყენებდა იმის გამო, რომ მსახიობი მუდმივად უარს ეუბნებოდა ინტიმურ კავშირზე.

  • ევა გრინი: დედის თქმით, მსახიობი ორი წლის განმავლობაში განიცდიდა ჰარასმენტს და მუქარას, რომ ვაინშტაინი მის კარიერას დაანგრევდა.

  • კარა დელევინი: იხსენებს, როგორ დაურეკა პროდიუსერმა და დაუსვა უხერხული კითხვები მის სექსუალურ ცხოვრებაზე, მოგვიანებით კი ნომერში სხვა ქალთან ერთად ინტიმური კავშირისკენ მოუწოდებდა.

ვაინშტაინის საქმემ საფუძველი ჩაუყარა მოძრაობას #MeToo. ათასობით ქალმა მთელ მსოფლიოში დაიწყო საკუთარი ისტორიების გაზიარება.