LIFE

ქალები 100 წლის შემდეგ!

ქალები 100 წლის შემდეგ!

ქალი იყო, არის და იქნება ყველა დროის ყველაზე აქტუალური არსება. ქალი ქმნიდა, ქმნის და შექმნის ისტორიას, იყო და იქნება მნიშვნელოვანი ამბებისა და ცვლილებების ცენტრალური ფიგურა. 

გამუდმებით ვწერთ ქალებზე პოდიუმებიდან, წარმატებულ ქალებზე, ქალებზე წარსულიდან, ქალებზე აქციებიდან, ლამაზ, მოვლილ ან უბრალოდ ქალებზე, მაგრამ იშვიათად თუ შევხვდებით ამბებს ისეთებზე, რომლებმაც იცხოვრეს დიდი ცხოვრებით. იშვიათად ვინტერესდებით თავშალიან, სოფლის ღობის მიღმა მოფუსფუსე ქალებით. 

ქალები 100 წლის შემდეგ!

აჭარის მთავრობამ, კერძოდ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, რამდენიმე საათის წინ, ფეისბუქ ფეიჯზე ძალიან საინტერესო პორტრეტები გამოაქვეყნა. პორტრეტებზე აჭარაში მცხოვრები ხანდაზმული ქალბატონები არიან ასახულნი და გარწმუნებთ, თითოეული პორტრეტი იმდენად მეტყველი და ემოციურია, გულგრილს არავის დაგტოვებთ. როგორც ირკვევა, დემოკრატიის ინსტიტუტი „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“ პროექტს ახორციელებს, რაც ითვალისწინებს ასწლოვანთა ძირითადი საჭიროებების შესწავლას და მათ გადასაჭრელად განსახორციელებელი ღონისძიებების მხარდაჭერას. ასევე, პროექტის მიზანი ხანდაზმულთა გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბებაა. ხანდაზმულთა გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“.

ქალები 100 წლის შემდეგ!

ამჟამად აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 ქალბატონი ცხოვრობს, კიდევ 8 ქალბატონს 100 წელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეუსრულდება. ჯერჯერობით, საქართველოში არ არსებობს 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა სოციალური დაცვის ეფექტური და სტრუქტურული სახელმწიფო პოლიტიკა, არ არის სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ხანდაზმულთა და მისი ოჯახის სპეციალური საჭირობების შესახებ ინფორმაცია მოგვეპოვებინა. 

პორტრეტები, რომლებზეც მაღლა ვისაუბრეთ, ორი დღის წინ, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და დემოკრატიული ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გამოიფინა. პორტრეტების ავტორი, ფოტოგრაფი მაია ზოიძეა, ხოლო თავად გამოფენა, სახელწოდებით "100 წლის შემდეგ" გაიმართა.

ქალები 100 წლის შემდეგ!

წარმოუდგენელია იმაზე ძლიერი ქალი, რომელიც საუკუნის ქარტეხილებს, ისტორიათა ცვლას უძლებს და თავად ხდება ისტორია. TREND. მოხარულია, რომ ამ ქალბატონების ხმა საზოგადოებამდე მივიდა, უსურვებს მათ ჯანმრთელობასა და მხნეობას. 



adjara.gov.ge