„სიყვარული და სიმშვიდე მინდა“ - ირინა შეიკმა პირად ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა
- 19.09.2026
სუპერმოდელი ირინა შეიკი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს, თუმცა „Vogue Arabia“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამ თემასაც შეეხო.
40 წლის მოდელმა თქვა, რომ ახლა საკუთარ ცხოვრებაში მშვიდად და ბედნიერად არის, თუმცა სიყვარულის იმედი არ დაუკარგავს და მზად არის, მის ცხოვრებაში „სიყვარული და სიმშვიდე“ შემოიტანოს ადამიანისთვის.
შეიკმა ინტერვიუში გაიხსენა ბავშვობა რუსეთის პატარა ქალაქში, ყაზახეთის საზღვართან. მისი მამა ქვანახშირის მაღაროელი იყო, დედა კი საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. როდესაც ირინა 14 წლის იყო, მამა ფილტვის დაავადებით გარდაიცვალა და დედამ ორი ქალიშვილი მარტო გაზარდა.
„ჩემი ბავშვობა ძალიან მარტივი იყო. ჩვეულებრივი, ყოველდღიური სოფლის ცხოვრება. ბაღში ვმუშაობდით, ბოსტნეულსა და კარტოფილს ვზრდიდით. მანქანა არ გვყავდა. მოდის ჟურნალებიც კი არ გვქონდა. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მოდა და სამოდელო სამყარო არსებობდა“, - იხსენებს მოდელი.

პარიზში რთული დასაწყისი
ირინა ჯერ კიდევ მარკეტინგის სტუდენტი იყო, როდესაც ქუჩაში სამოდელო აგენტმა გია ჯიქიძემ შეამჩნია. სწორედ მას უკავშირდება ნატალია ვოდიანოვას აღმოჩენაც.
19 წლის ასაკში შეიკი პარიზში გადავიდა, თუმცა წარმატება მაშინვე არ მოსულა. ის კასტინგიდან კასტინგზე დადიოდა, სხვა მოდელებთან ერთად ცხოვრობდა და ინგლისურად თითქმის ვერ საუბრობდა.
„დიდი მკერდი მქონდა, უფრო მუქი კანი და დიდი ტუჩები. არავის ვუნდოდი, რადგან ძალიან განსხვავებული ვიყავი - ყველა მოდელი ძალიან გამხდარი, ქერა და მაღალი იყო“, - ამბობს ირინა.
მოდელი მოგვიანებით ესპანეთში გადავიდა, სადაც მისი გარეგნობა ადგილობრივ ბაზარს უფრო შეესაბამებოდა, გერმანიაში კი კატალოგებისთვის მუშაობდა. იმ პერიოდში მისი მთავარი მიზანი კარიერული აღიარება კი არა, ოჯახის დახმარება იყო.
„უბრალოდ გადარჩენას და ოჯახის დახმარებას ვცდილობდი. იქნებ დედისთვის ახალი დივანიც მეყიდა“, - იხსენებს შეიკი.
როგორ შეიცვალა მისი კარიერა
2011 წელს ირინა შეიკი „Sports Illustrated“-ის გარეკანზე გამოჩნდა და პირველი რუსი მოდელი გახდა, რომელმაც გამოცემის ამ ნომრის გარეკანი დაიკავა. ამ წარმატების შემდეგ მისი კარიერა სწრაფად განვითარდა.
თუმცა შეიკმა მალევე გააცნობიერა, რომ მხოლოდ სექსუალურ და კომერციულ მოდელად დარჩენა არ სურდა. მან საკუთარი იმიჯის შეცვლა დაიწყო და მაღალი მოდის სამყაროში დამკვიდრებას შეეცადა.
ამ გზაზე მნიშვნელოვანი როლი რიკარდო ტიშიმ ითამაშა, რომელიც იმ დროს Givenchy-ს კრეატიული დირექტორი იყო. სწორედ მან დაინახა შეიკში უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ კომერციული მოდელის იმიჯი.

„რიკარდოსგან ვისწავლე, რომ ყოველთვის უნდა გქონდეს სტრატეგია და დაგეგმო, სად გინდა მოხვდე“, - ამბობს მოდელი.
მიუხედავად იმისა, რომ ირინა შეიკი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია, ის კვლავ დადის კასტინგებზე და მზად არის, რიგში სხვა, ბევრად ახალგაზრდა მოდელებთან ერთად დადგეს. მაგალითად, როდესაც იოჯი იამამოტოს ჩვენებაზე მოხვედრა მოინდომა, სააგენტომ გააფრთხილა, რომ კასტინგზე რიგში დგომა მოუწევდა. შეიკი მაინც მივიდა და საბოლოოდ ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო.
„40 ახალი აყვავების პერიოდია“
იანვარში ირინა 40 წლის გახდა. ასაკთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღებას ის იუმორით უყურებს და ამბობს, რომ ქალებისთვის 40-იანი წლები ცხოვრების ახალი დასაწყისია.
„მაქვს ნაოჭები და ცელულიტი და, დამიჯერეთ, როცა კამერის წინ არ ვარ, ჩვეულებრივი გოგო და ქალი ვარ, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს. მიყვარს ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი“, - ამბობს ის.
შეიკის თქმით, ახალგაზრდობაში საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით ბევრს ღელავდა, რადგან მოდის ინდუსტრია მისგან გამხდარ სხეულს, პატარა მკერდსა და ნაკლებად სექსუალურ იერს ითხოვდა. ახლა კი ყველა ნაოჭის მიღებას და საკუთარი გარეგნობის დაფასებას სწავლობს.
როგორი მამაკაცი სურს ირინა შეიკს?
ინტერვიუს ყველაზე პირად ნაწილში მოდელმა სიყვარულზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად ბედნიერია, როგორც დედა, ქალიშვილი და და, თუმცა სიყვარულის სჯერა და ფიქრობს, რომ ცხოვრებაში შესაფერის ადამიანს აუცილებლად შეხვდება.

შეიკი ამბობს, რომ დედა ხუმრობით ეუბნება, შესაძლოა მისი მომავალი პარტნიორი ის ტექნიკოსი აღმოჩნდეს, რომელიც ტელევიზორის შესაკეთებლად მივა, რადგან თავად იშვიათად გადის სახლიდან და საკმაოდ მორცხვია.
„ვუთხარი: თუ კარგი ადამიანია, გავყვები-მეთქი. თუ სადმე არსებობს მამაკაცი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სიყვარულსა და სიმშვიდეს შემოიტანს, მე მას მივიღებ. მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე არ ვაპირებ რაიმე სიგიჟეს შევეგუო“, - განაცხადა ირინა შეიკმა.
მოდელმა ასევე ისაუბრა 9 წლის ქალიშვილ ლეა დე სეინზე, რომელსაც ყოფილ პარტნიორთან, მსახიობ ბრედლი კუპერთან ერთად ზრდის. შეიკის თქმით, დედობა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევაა.
„მე იდეალური დედა არ ვარ და ზოგჯერ ამას ლეაც მეუბნება“, - იხუმრა მან.
შეიკის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, ქალიშვილმა იცოდეს, რომ შესაძლებელია ერთდროულად იყო დედა, გქონდეს კარიერა და საკუთარი თავის მიმართ ძლიერი დამოკიდებულება შეინარჩუნო.
თემები: მოდა, ირინა შეიკი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია