დროის გასვლასთან ერთად წარსულის ზოგიერთი მოგონება, გადაუჭრელი კონფლიქტი და სინანული შეიძლება უფრო მტკივნეული გახდეს.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე უკან დარჩა და ყველაფრის გამოსწორებისთვის დრო შესაძლოა აღარ ჰქონდეს.
გერონტოლოგი მალკოლმ ჯონსონი ამ განცდას „ბიოგრაფიულ ტკივილს“ უწოდებს. ეს არის ფსიქოლოგიური და სულიერი ტანჯვა, რომელიც წარსულში განცდილ უსამართლობას, დარღვეულ დაპირებებს, საკუთარ შეცდომებსა და მოუგვარებელ ურთიერთობებს უკავშირდება.
რატომ მძაფრდება წარსულის ტკივილი?
ახალგაზრდობაში ადამიანს ხშირად აქვს განცდა, რომ წინ ბევრი დროა და ძველი წყენების მოგვარებას, ურთიერთობების გამოსწორებასა თუ დაკარგული შესაძლებლობების ანაზღაურებას მოგვიანებითაც შეძლებს.
თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს განცდა იცვლება. ადამიანი აცნობიერებს, რომ ზოგიერთი ურთიერთობის აღდგენა უკვე შეუძლებელია, ზოგიერთი კითხვა უპასუხოდ დარჩა, ხოლო წარსულის შეცვლა აღარ შეუძლია.

ძველი ტკივილი შეიძლება უკავშირდებოდეს არა მხოლოდ სხვებისგან მიღებულ წყენას, არამედ საკუთარ დანაშაულის განცდას, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გამოუყენებელ შესაძლებლობებსაც.
ტკივილი, რომელსაც ადამიანი ჩუმად ატარებს
ბიოგრაფიული ტკივილი ხშირად შეუმჩნეველია. ბევრი ხანდაზმული ადამიანი წარსულის მძიმე მოგონებებს საკუთარ თავში ინახავს და ამაზე არავის ესაუბრება.
მალკოლმ ჯონსონის მოსაზრებით, თუ ეს განცდები ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ სიმპტომებში არ ვლინდება, შესაძლოა გარშემომყოფებმა ვერც შეამჩნიონ, რომ ადამიანი შინაგანად იტანჯება.
ფსიქოლოგს ერთ-ერთი რესპონდენტი, ჯანეტი, უყვება, რომ მთელი ცხოვრება სირთულეებთან გამკლავება უწევდა და უბრალოდ სურდა ვინმესთან საუბარი - არა რჩევების მოსასმენად, არამედ იმისთვის, რომ დაგროვილი ემოციები გაეზიარებინა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამისთვის პირადი სივრცე არ ჰქონდა.
ჯონსონი მიიჩნევს, რომ ასეთ ტკივილს მხოლოდ დრო ვერ აქრობს. პირიქით, როდესაც ადამიანი წარსულს მუდმივად მარტო უბრუნდება და არ ჰყავს სანდო მსმენელი, ეს განცდები შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს.
რა შეიძლება დაეხმაროს ადამიანს?
ერთ-ერთი გამოსავალია ე.წ. ბიოგრაფიული მოსმენა - როდესაც ადამიანი საკუთარ ისტორიას სანდო მსმენელს უზიარებს და შეუძლია წარსულზე განსჯისა და კრიტიკის შიშის გარეშე ისაუბროს.

ასეთ დროს მსმენელმა არ უნდა იჩქაროს რჩევების მიცემა ან სხვისი გამოცდილების შეფასება. მთავარია, ადამიანს მოუსმინოს და მისცეს საშუალება, თავად გამოხატოს და გააანალიზოს ის, რაც წლების განმავლობაში აწუხებდა.
ასეთ საუბარს ხშირად შვება მოაქვს. წარსულის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ საკუთარ ისტორიაზე საუბარმა შეიძლება შეამსუბუქოს ის ტკივილი, რომელსაც ადამიანი წლების განმავლობაში მარტო ატარებდა.
თემები: ფსიქოლოგია, წარსული
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია