ის, თუ სად ირჩევს თქვენი კატა ღამით ძილს, აჩვენებს, თუ რას ნიშნავთ მისთვის
- 06.11.2026
კატებს ხშირად უცნაურ პოზებში, მშვიდად მძინარეებს ვხედავთ. თუმცა დაფიქრებულხართ, რატომ ირჩევენ დასაძინებლად კონკრეტულ ადგილებს?
კატები ინსტინქტურად ცდილობენ, ძილის დროს თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ამიტომ დასასვენებლად ისეთ ადგილს არჩევენ, სადაც საფრთხეს არ ელიან. ისიც კი, თუ სად იძინებს თქვენი კატა - თქვენს გვერდით, საწოლის ბოლოში თუ სულ სხვა ოთახში - გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მის განწყობასა და თქვენთან ურთიერთობაზე.
რას ნიშნავს, თუ კატა ღამით კონკრეტულ ადგილას იძინებს?
თქვენს მკერდზე ან მუცელზე
ზოგჯერ შეიძლება შემაწუხებელიც იყოს, როცა კატა მკერდზე ან მუცელზე გვაწვება დასაძინებლად. განსაკუთრებით მაშინ, თუ თათებით ზელას იწყებს და ბრჭყალებით გვკაწრავს.

თუმცა ეს ხშირად ნდობისა და ძლიერი მიჯაჭვულობის ნიშანია. კატა თქვენს სხეულთან ახლოს ყოფნით სითბოსა და გულისცემას გრძნობს, რაც ამშვიდებს. ეს შეგრძნება დედა კატის გულისცემასაც აგონებს, ამიტომ თქვენს გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
თქვენს თავთან ან ბალიშზე
თუ კატას თქვენს თავთან ან ბალიშზე სძინავს, ესეც ნდობას უკავშირდება. თუმცა მას თქვენი სურნელიც იზიდავს.
ვეტერინარ ვაილანი სუნგის განმარტებით, ადამიანის თავის არეში არსებული საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლები ინდივიდუალურ სურნელს ქმნის. კატას შესაძლოა სწორედ ეს სურნელი მოსწონდეს, რადგან მას უსაფრთხოებისა და კუთვნილების განცდას უქმნის.

გარდა ამისა, ძილის დროს თავი თითქმის უძრავად რჩება, რაც კატისთვის მოსახერხებელი ადგილია. თქვენს სახესთან ასე ახლოს დაძინება კი იმასაც ნიშნავს, რომ თქვენთან თავს მშვიდად გრძნობს.
საწოლის ბოლოში
ეს ადგილი ხშირად მოსახერხებელია როგორც პატრონისთვის, ისე კატისთვის. ადამიანს მშვიდად ძილის საშუალებას აძლევს, კატას კი საჭიროების შემთხვევაში ადგომისა და წასვლის შესაძლებლობას უტოვებს.

თუ კატა საწოლის ბოლოში იძინებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენთან ახლოს ყოფნა სურს, თუმცა პირადი სივრცის შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ასე თავს უფრო თავისუფლად გრძნობდეს და საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლოს ადგილის დატოვება.
სხვა ოთახში
თუ კატა ღამით სხვა ოთახში იძინებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნაკლებად უყვარხართ ან არ გენდობათ.
კატებს ადამიანებისგან განსხვავებული ძილისა და სიფხიზლის რეჟიმი აქვთ. ისინი განსაკუთრებით აქტიურები არიან საღამოსა და დილით ადრე, ამიტომ შესაძლოა ღამით თავისუფლად გადაადგილება და სხვადასხვა ადგილას დასვენება ურჩევნოდეთ.

გარდა ამისა, ზოგიერთ კატას პატრონთან ერთად ძილი უბრალოდ არაკომფორტულად მიაჩნია. შესაძლოა, ადამიანს ძილში ბევრი მოძრაობა სჩვევია, ხვრინავს ან კატისთვის საწოლში ზედმეტად ცხელა. ასეთ შემთხვევაში ცალკე ოთახში დაძინება მისთვის უფრო მოსახერხებელია.
ამიტომ, თუ თქვენი კატა თქვენთან ერთად არ იძინებს, ეს მის სიყვარულსა და ნდობაზე უარყოფითად არ მეტყველებს.
თემები: კატები