LIFE

როგორ გავლენას ახდენს დედის მუშაობა შვილებზე - 8 ჩვევა, რომელიც მათ ზრდასრულობაშიც მიჰყვებათ

როგორ გავლენას ახდენს დედის მუშაობა შვილებზე - 8 ჩვევა, რომელიც მათ ზრდასრულობაშიც მიჰყვებათ

დედის პროფესიული საქმიანობა და ოჯახური პასუხისმგებლობები ბავშვებისთვის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია. ისინი აკვირდებიან, როგორ ანაწილებს დედა დროს, უმკლავდება დატვირთვას და აგვარებს ყოველდღიურ საკითხებს. ამ გამოცდილებამ შესაძლოა მათში რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩვევა ჩამოაყალიბოს, რომლებიც ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვებათ.

1. შრომისმოყვარეობას მნიშვნელობას ანიჭებენ

როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედა ერთდროულად მუშაობს და ოჯახზე ზრუნავს, შრომის მნიშვნელობას ყოველდღიური მაგალითით აცნობიერებს. ეს ეხმარება მას, უკეთ გაიაზროს მიზნის მისაღწევად საჭირო ძალისხმევა.

2. გეგმების ცვლილებას ადვილად ეგუებიან

მომუშავე დედების შვილები ხშირად ბავშვობიდან ეჩვევიან შეცვლილ გეგმებსა და მოულოდნელ გარემოებებს. ისინი სწავლობენ, რომ ყველა სიტუაციის გაკონტროლება შეუძლებელია, თუმცა შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ, როგორ შეხვდნენ ცვლილებებს.

3. პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას სწავლობენ

როდესაც დედა ყოველთვის ვერ ახერხებს შვილის გვერდით ყოფნას და ყველა პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას, ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა ეძლევა. ის სწავლობს გადაწყვეტილებების მიღებასა და საკუთარ თავზე ზრუნვას.

4. ოჯახთან ერთად გატარებულ დროს აფასებენ

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთად ყოფნის ხანგრძლივობა, არამედ ამ დროის შინაარსიც. მომუშავე დედები შვილებს აჩვენებენ, რომ დატვირთული დღის მიუხედავად, შესაძლებელია გულწრფელი საუბრისა და ერთმანეთისთვის ყურადღების დათმობა. სტატიაში მოხმობილი კვლევის თანახმად, შვილებთან ხარისხიანი დროის გატარება მათ განვითარებას უწყობს ხელს.

5. გადატვირთულ ადამიანებს თანაგრძნობით ეკიდებიან

ბავშვები ხედავენ, რამდენი პასუხისმგებლობის შეთავსება უწევს დედას და რამდენად რთულია ყველა საქმის დროულად შესრულება. ეს გამოცდილება მათ ეხმარება, მეტი გაგებით მოეკიდონ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი ვალდებულება აქვთ და ყველაფრის მოსწრებას ვერ ახერხებენ.

6. სხვებს საჭირო დროს მხარში უდგანან

მომუშავე დედების შვილებს ხშირად შეუძლიათ შეამჩნიონ, როდის უჭირს ადამიანს და როდის სჭირდება მხარდაჭერა, მაშინაც კი, თუ ის დახმარებას პირდაპირ არ ითხოვს. ზოგჯერ ამისთვის საკმარისია ყურადღების გამოჩენა და გვერდით ყოფნა.

7. დროის მართვა შეუძლიათ

მომუშავე დედებს ყოველდღიური საქმეების მკაცრი განრიგის მიხედვით დაგეგმვა უწევთ: ბავშვები სკოლაში დროულად უნდა მიიყვანონ, თავად სამსახურში არ დააგვიანონ და სხვა ვალდებულებებისთვისაც გამონახონ დრო. ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან დღის დაგეგმვას, დროის განაწილებასა და განრიგის დაცვას.

8. არ მიაჩნიათ, რომ ქალმა კარიერასა და ოჯახს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს

როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ დედა პროფესიულ საქმიანობასაც ეწევა და ოჯახზეც ზრუნავს, მათთვის თვალსაჩინო ხდება, რომ ამ ორი პასუხისმგებლობის შეთავსება შესაძლებელია. სტატიაში მოხმობილი კვლევის მიხედვით, მოსაზრება, თითქოს ქალს კარიერისა და ოჯახის შეთავსება არ შეუძლია, მის პროფესიულ წინსვლას აფერხებს. მომუშავე დედების შვილები კი პირადი მაგალითით ხედავენ, რომ ქალს ორივე სფეროში წარმატების მიღწევა შეუძლია.