რატომ უყვართ კატებს ლეპტოპზე ან წიგნზე მოკალათება - ამის 7 მიზეზი არსებობს
- 21.11.2026
თუ კატა მაშინვე თქვენს ლეპტოპზე ან წიგნზე მოკალათდება, როგორც კი მუშაობას ან კითხვას დაიწყებთ, ეს მხოლოდ ყურადღების მიქცევის მცდელობა არ არის. შესაძლოა, მას თქვენი სურნელი ამშვიდებდეს, სითბო იზიდავდეს ან უბრალოდ თქვენთან ახლოს ყოფნა სურდეს. აი, 7 მიზეზი, რის გამოც კატები ასე იქცევიან.
1. თქვენი სურნელი მათ თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს
კატები პატრონებს სურნელითაც ცნობენ. სწორედ ამიტომ უყვართ თქვენს ნივთებზე წოლა - ნაცნობი სუნი მათ სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას უქმნის.
ჟურნალ PLOS-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კატებს იმ ადამიანების სურნელის ამოცნობა შეუძლიათ, რომლებთან ერთადაც ცხოვრობენ. უცხო ადამიანის სუნი მათში მეტ ცნობისმოყვარეობას იწვევს, ნაცნობი სურნელი კი ჩვეულებრივ გარემოსთან ასოცირდება.
2. თქვენი ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ
როცა კატას ყურადღება უნდა, ის ამას ხშირად საკმაოდ პირდაპირ გამოხატავს - შეიძლება კლავიატურაზე დაგიჯდეთ, წიგნზე წამოგეწვეთ ან უბრალოდ მუშაობაში ხელი შეგიშალოთ.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კატები პატრონებთან ურთიერთობას ზოგჯერ საკვებსაც კი ამჯობინებენ. ამიტომ, თუ თქვენი კატა მუდმივად ცდილობს, ყურადღება მიიქციოს, შესაძლოა, უბრალოდ თქვენთან ურთიერთობა სურდეს.
3. თქვენთან ახლოს ყოფნა თავს დაცულად აგრძნობინებთ
კატები პატრონებს ხშირად ყველგან დაჰყვებიან. ეს მხოლოდ მიჩვევა არ არის - მათთვის ახლობელ ადამიანთან ყოფნა უსაფრთხოებასთან და სოციალურ კავშირთან ასოცირდება.
ვეტერინარ ჰანა ჰარტის განმარტებით, კატები ოჯახურ ჯგუფებში მჭიდრო კავშირებს ამყარებენ. ასეთ ჯგუფებში ერთმანეთთან სიახლოვე დაცვისა და უსაფრთხოების განცდას აძლიერებს. ამიტომ, როცა კატა თქვენ გვერდით ან პირდაპირ ლეპტოპზე მოკალათდება, შესაძლოა, უბრალოდ ახლოს ყოფნა უნდოდეს.
4. რაღაცის თქმა ან თქვენი ყურადღების მიქცევა სურთ
კატები საჭიროებებს მზერითაც გამოხატავენ. თუ მუშაობის დროს დაჟინებით გიყურებენ და შემდეგ ლეპტოპზე სხდებიან, შესაძლოა, მოფერება, თამაში ან საჭმელი უნდოდეთ.
ზოგჯერ კი მათ უბრალოდ რაღაც აინტერესებთ. მაგალითად, ეკრანზე მოძრავი გამოსახულება ან სინათლის ანარეკლი შეიძლება თამაშის სურვილს აღუძრავდეს.

5. თქვენთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ
კატისთვის პატრონი შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორიც ბავშვისთვის მშობელია. ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კატებსა და მათ მზრუნველ ადამიანებს შორის მიჯაჭვულობა გარკვეულწილად ბავშვებსა და მშობლებს შორის არსებულ კავშირს ჰგავს.
კვლევის შედეგებით, კატების დაახლოებით 65%-ს მზრუნველ ადამიანთან უსაფრთხო მიჯაჭვულობა აქვს. ამიტომ, როცა თქვენი კატა მუშაობის ან კითხვის დროს თქვენთან მოსვლას ცდილობს, ეს შესაძლოა თქვენს შორის არსებული ძლიერი კავშირის გამოხატულება იყოს.
6. თქვენი ნივთები მათთვის დამამშვიდებელია
როგორც ადამიანებს აქვთ საყვარელი ნივთები, რომლებიც სიმშვიდეს გვგვრის, კატებსაც შეიძლება პატრონის ნივთები ასეთივე კომფორტს უქმნიდეს.
თქვენი ტანსაცმელი, წიგნი ან ლეპტოპი ნაცნობი სურნელით არის გაჟღენთილი. ამიტომ კატამ შესაძლოა სწორედ ეს ნივთები აირჩიოს დასასვენებლად - მათთან თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს.

ვეტერინარ ეიმი უორნერის განმარტებით, თუ კატას ძილის ან დასვენების დროს პატრონთან ახლოს ყოფნა სურს, ეს მის ნდობასა და მიჯაჭვულობაზე მიანიშნებს.
7. სითბო იზიდავთ
კატებს თბილ ადგილებში მოკალათება განსაკუთრებით უყვართ. ლეპტოპი მუშაობის დროს სითბოს გამოყოფს, ამიტომ შესაძლოა, მის ზედაპირზე დაწოლა უბრალოდ იმიტომ მოსწონდეთ, რომ იქ კომფორტულად გრძნობენ თავს.
Brown Veterinary Hospital-ის განმარტებით, სითბო კატებისთვის არა მხოლოდ ფიზიკური კომფორტის, არამედ სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდის წყაროცაა. ამიტომ, როცა თქვენი კატა თბილ ლეპტოპზე მოკალათდება, შესაძლოა, მისთვის ეს უბრალოდ ყველაზე მყუდრო ადგილია.
თემები: ცხოველების სიყვარული, ცხოველები, კატა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია