ქალების მკერდის ფორმა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სხეულის ამ ნაწილს ორ მარტივ ჯგუფად ყოფენ: „დიდი მკერდი“ და „პატარა მკერდი“, თეთრეულის კომპანიებმა სხეულის ფორმები ყურადღებით შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მსოფლიო მასშტაბით ქალებს შვიდი სახის ფორმის მკერდი აქვთ.
სწორედ ამიტომ, ბიუსტჰალტერის შერჩევა ქალისთვის ადვილი არ არის და მის მოსარგებად არა მხოლოდ შენი მკერდის ზომის ზუსტი პარამეტრები, არამედ ფორმაც კარგად უნდა შეისწავლო.
7. ზარის ფორმის
ზარის ფორმის მკერდი ყველაზე ახლოს თხელ მკერდთანაა — იმ განსხვავებით, რომ უფრო დიდია. სასურველია, ისეთი ბიუსტჰალტერი შეარჩიო, რომ თხელი დამატებითი ღრუბელიც ჰქონდეს, თუმცა „ანჟელიკას“ სტილის, გადაჭრილი ფორმის ვარიაციებს მოერიდე, რომლებიც მკერდს ყველა კუთხიდან თანაბრად მაღლა სწევენ.
6. ასიმეტრიული
ქალების უმეტესობას ასიმეტრიული მკერდი აქვს — ერთი ძუძუ მეორეზე საგრძნობლად ან ოდნავ დიდია და ფორმითაც განსხვავდება. ამაში საგანგაშო არაფერია — სპეციალური ბიუსტჰალტერები არსებობს, რომლებსაც ჩასამაგრებელი ღრუბლები მოჰყვება, ასე რომ, შედარებით პატარა ძუძუს ფორმის კორექტირება სწორედ დამატებითი ღრუბლით შეგიძლია.
5. თხელი
თხელი მკერდი უფრო მეტად მოგრძო ფორმისაა, ვიდრე განიერი და, როგორც წესი, ქვედა მხარეს ოდნავ სრულია. რამდენადაც ბევრნაირი მახასიათებელი აქვს, მისი ამოცნობა მკერდის ზომით შეგიძლია — თხელი მკერდი ხშირად ზომით პატარაა და ამ შემთხვევაში თეთრეულის მწარმოებლები ღრუბლით კონსტრუირებულ, push-up-ის სტილის ბიუსტჰალტერებს გვირჩევენ.
4. წვეთის ფორმის
წვეთის ფორმის მკერდი ოდნავ უფრო სრულია ქვედა ნაწილში, ვიდრე ზემოთ. მკერდის ეს ფორმა არა მხოლოდ ყველაზე ლამაზად ითვლება, არამედ — ბიუსტჰალტერის შერჩევის დროსაც უნივერსალურია, რადგან თითქმის ყველა ფორმა უპრობლემოდ ერგება.
3. გვერდებში გასული
თუ მკერდი შუაში დიდი სიცარიელით იყოფა, თეთრეულის მწარმოებლები „მელიის ფორმის“ — სამკუთხედი კონსტრუქციის ბიუსტჰალტერებს გვირჩევენ, რომლებსაც თხელი ღრუბელიც აქვს ჩამატებული. ასეთი ბიუსტჰალტერი დაშორებასაც ამცირებს და თან მკერდს მაღლა სწევს. როგორც წესი, გვერდებზე გასული მკერდი სხვადასხვა მხარეს მიმართულთან შედარებით, უფრო სავსეა.
2. სხვადასხვა მხარეს მიმართული
როდესაც ძუძუსთავები ან უშუალოდ მკერდი სხვადასხვა მხარესაა მიმართული, თეთრეულის კომპანიები ტოპის ფორმის ბიუსტჰალტერებს გვირჩევენ, რომლებიც მკერდს ერთმანეთისკენ მიმართავს და უფრო დასრულებულ ფორმას აძლევს.
1. მრგვალი
ასეთი მკერდი თანაბრად სავსეა როგორც ზედა, ასევე — ქვედა ნაწილში. თუ მრგვალი მკერდი გაქვს, სპეციალური ღრუბლებით („გუბკა“) კონსტრუირებული ბიუსტჰალტერის შეძენა არ გჭირდება, ბუნებრივი სილამაზით ხარ დაჯილდოებული.
დაბოლოს, ბიუსტჰალტერის შერჩევისას სამი რამ უნდა გახსოვდეს:
- ბიუსტჰალტერის ჭიქაში თავისუფალი ადგილი არ უნდა რჩებოდეს და არც ძალიან უნდა გიჭერდეს — თითქოს მკერდი საიდანღაც „გადმოსულია“
- ბრეტელები არც ძალიან უნდა გიჭერდეს და არც მხრებიდან გივარდებოდეს
- მკერდის სარტყელი იმ დონეზე უნდა იყოს მოჭერილი, რომ შეკრულ მდგომარეობაში ორი თითის შეცურება შეძლო.
თემები: მკერდი, მკერდის ფორმები
წყარო: <a href="http://www.cosmo.ph/style/what-to-wear/there-are-7-different-types-of-boobs-in-the-world-apparently-src-intl-a658-20160301">www.cosmo.ph</a>