LIFE

5 სერიალი, რომელთა ფინალმაც მაყურებელი იმედგაცრუებული დატოვა

5 სერიალი, რომელთა ფინალმაც მაყურებელი იმედგაცრუებული დატოვა

სერიალის ყურებას ზოგჯერ წლებს ვუთმობთ. გვიყვარდება პერსონაჟები, ვადევნებთ თვალს მათ ისტორიებს და მოუთმენლად ველოდებით, როგორ დასრულდება ყველაფერი. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბოლო ეპიზოდი ყველა მოლოდინს გვიცრუებს. სერიალი, რომელიც წლების განმავლობაში გვაინტერესებდა, ისეთი დასასრულით სრულდება, რომ მაყურებელს უკმაყოფილების გრძნობა რჩება.

ამერიკული გამოცემა Collider-ის ერთ-ერთი კინოკრიტიკოსის აზრით, ცუდმა ფინალმა შეიძლება მთელი სერიალის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს. მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ საყვარელი ისტორიის ყურებაში დახარჯული დრო აღარ ღირდა.

გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს

1. „დექსტერი“ - სერიული მკვლელი, რომელიც მეტყევე გახდა

რვა სეზონის განმავლობაში მაყურებელი დექსტერ მორგანის ცხოვრებას ადევნებდა თვალს. ის სერიული მკვლელია, თუმცა საკუთარი წესებით მოქმედებს: კლავს მხოლოდ მათ, ვისაც დამნაშავედ მიიჩნევს. ჭკვიანი, ცივი გონების მქონე და საიდუმლოებით მოცული დექსტერი სერიალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი გახდა.

მაგრამ მისი ისტორიის დასასრული ბევრისთვის მოულოდნელი და იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. დექსტერმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, შვილი მიატოვა და ტყეში წავიდა, სადაც მეტყევედ დაიწყო მუშაობა.

მაყურებლისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მის სახიფათო ცხოვრებას ადევნებდა თვალს, ასეთი დასასრული საკმაოდ უცნაური იყო. პერსონაჟი, რომლის ცხოვრებაც მკვლელობებსა და საიდუმლოებებს უკავშირდებოდა, მოულოდნელად ტყეში განმარტოვდა.

მოგვიანებით გამოსულმა გაგრძელებამ, „დექსტერი: ახალი სისხლი“, უკმაყოფილება ბოლომდე ვერ გააქრო. მაყურებლის ნაწილს არ მოეწონა, რომ დექსტერი, რომელიც ყოველთვის ფრთხილად და გათვლებით მოქმედებდა, შეცდომებს უშვებდა.

როგორი უნდა ყოფილიყო ფინალი? კრიტიკოსების აზრით, დექსტერს თავისი საქციელისთვის პასუხი უნდა ეგო ან საბოლოოდ მიეღო საკუთარი ბნელი ბუნება. ორივე ვარიანტი უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ვიდრე მეტყევედ ქცევა.

2. „სამეფო კარის თამაშები“ - ფინალი, რომელმაც მაყურებელი გააღიზიანა

„სამეფო კარის თამაშები“ წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი იყო. მაყურებელი თვალს ადევნებდა ძალაუფლებისთვის ბრძოლას, ინტრიგებს, მოულოდნელ სიკვდილსა და პერსონაჟების რთულ ურთიერთობებს. ამიტომ ბოლო სეზონისგან ბევრი რამ იყო მოსალოდნელი.

თუმცა ფინალმა მაყურებლის დიდი ნაწილი იმედგაცრუებული დატოვა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბოლო სეზონში მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. დეინერის ტარგარიენი, რომელიც ხალხის განმათავისუფლებლად იყო წარმოდგენილი, რამდენიმე ეპიზოდში დაუნდობელ მმართველად იქცა. მაყურებლის აზრით, მისი ასეთი ცვლილება სათანადოდ არ იყო ნაჩვენები.

უკმაყოფილება გამოიწვია ჯეიმისა და სერსეი ლანისტერების ბედმაც. მათი ისტორია ისე დასრულდა, რომ ბევრმა მაყურებელმა ეს ფინალი პერსონაჟების განვითარებას შეუსაბამოდ მიიჩნია.

განსაკუთრებით ბევრი კითხვა გაჩნდა ბრან სტარკის გამეფების შემდეგ. სერიალის დიდი ნაწილის განმავლობაში ის მოვლენების ცენტრში არ ყოფილა, ბოლოს კი მოულოდნელად შვიდი სამეფოს მმართველი გახდა.

როგორი უნდა ყოფილიყო ფინალი? კრიტიკოსების აზრით, ბოლო სეზონს მეტი დრო და ეპიზოდი სჭირდებოდა. პერსონაჟების ცვლილებები უფრო თანმიმდევრულად უნდა ეჩვენებინათ, ხოლო მთავარი ამბები დამაჯერებლად დაესრულებინათ.

3. „უცნაური ამბები“ - ფინალი, რომელმაც კითხვები უპასუხოდ დატოვა

80-იანი წლების ატმოსფერო, საიდუმლოებით მოცული ქალაქი, ბავშვების მეგობრობა და პარალელური სამყარო - „უცნაურმა ამბებმა“ თავიდანვე უამრავი მაყურებელი მიიზიდა.

თუმცა გამოცემის შეფასებით, სერიალის დასასრულმა მოლოდინი ვერ გაამართლა.

კრიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ისაა, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მოსალოდნელზე სწრაფად დასრულდა. ამის საპირისპიროდ, პერსონაჟების ხანგრძლივ საუბრებსა და ემოციურ მონოლოგებს დიდი დრო დაეთმო.

კითხვები გაჩნდა მთავარი ბოროტმოქმედის, ვეკნას ისტორიასთან დაკავშირებითაც. მაყურებელს მისი წარსულისა და მიზნების უკეთ გასაგებად დამატებითი ინფორმაცია სჭირდებოდა. ზოგი მნიშვნელოვანი დეტალი კი თეატრალურ სპექტაკლში იყო მოთხრობილი და შესაძლოა, სერიალის ყველა მაყურებელმა ამის შესახებ არც იცოდა.

შედეგად, ზოგიერთს დარჩა განცდა, რომ ასეთი მასშტაბის ისტორია უფრო დამაჯერებელ დასასრულს იმსახურებდა.

როგორი უნდა ყოფილიყო ფინალი? კრიტიკოსების აზრით, სერიალს ნაკლები გაწელილი საუბარი და მეტი მოქმედება სჭირდებოდა. ამასთან, ვეკნას ისტორია ბოლომდე და გასაგებად უნდა აეხსნათ.

4. „დაკარგულები“ - საიდუმლოებები, რომლებზეც პასუხებს მაყურებელი წლების განმავლობაში ელოდა

ექვსი სეზონის განმავლობაში „დაკარგულები“ მაყურებელს უამრავ კითხვას უჩენდა. რა მოხდა სინამდვილეში კუნძულზე? რატომ აღმოჩნდნენ იქ ეს ადამიანები? რა იმალებოდა მათ გარშემო არსებულ საიდუმლოებებში?

სერიალის ფინალს განსაკუთრებული მოლოდინით ელოდნენ, თუმცა ყველა პასუხი ვერ მიიღეს.

ბოლო ეპიზოდში მთავარი ყურადღება პერსონაჟების ურთიერთობებსა და ემოციებს დაეთმო. კუნძულის ბევრი საიდუმლო კი ისე არ აიხსნა, როგორც მაყურებელს სურდა.

ზოგიერთმა მაყურებელმა ფინალი ისე გაიგო, თითქოს გმირები მთელი ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილები იყვნენ. სინამდვილეში, ეს ასე არ ყოფილა: კუნძულზე მომხდარი მოვლენები რეალური იყო, ხოლო ეკლესიის სცენები სიკვდილის შემდეგ არსებულ სივრცეს ასახავდა.

სერიალის შემქმნელები ფინალს იცავდნენ და ამბობდნენ, რომ დასასრული თავიდანვე ასე ჰქონდათ ჩაფიქრებული. თუმცა მაყურებლის ნაწილისთვის ემოციური შეხვედრები საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ კუნძულის საიდუმლოებებზე მეტი პასუხი სურდათ.

როგორი უნდა ყოფილიყო ფინალი? ყველა საიდუმლოს ახსნა აუცილებელი არ იყო, მაგრამ მაყურებელს მეტი ინფორმაცია უნდა მიეღო. ექვსი სეზონის შემდეგ ბევრს არ სურდა დარჩენოდა განცდა, რომ მთავარ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

5. „როგორ შევხვდი დედათქვენს“ - ცხრა წლიანი ლოდინი, რომელიც სხვაგვარად დასრულდა

ცხრა წლის განმავლობაში მაყურებელი ერთ კითხვაზე პასუხს ელოდა: ვინ იყო ქალი, რომელიც ტედ მოსბის შვილების დედა უნდა გამხდარიყო?

სერიალის მთავარი ამბავიც სწორედ ამ საიდუმლოს გარშემო ვითარდებოდა. ტედი შვილებს უყვებოდა, როგორ გაიცნო მეგობრები, როგორ შეუყვარდა სხვადასხვა ქალი და როგორ მივიდა იმ ადამიანამდე, რომელთანაც ოჯახის შექმნა სურდა.

როცა ტედი ტრეისის შეხვდა, მაყურებლის დიდ ნაწილს ეგონა, რომ ხანგრძლივი ლოდინი დასრულდა და გმირმა საბოლოოდ იპოვა თავისი ბედნიერება. მაგრამ ფინალში ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.

ირკვევა, რომ ტრეისი ავადმყოფობით გარდაიცვალა, ტედი კი წლების შემდეგ ისევ რობინთან ბრუნდება. შვილები მამას სწორედ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას ურჩევენ.

ამ დასასრულმა ბევრი მაყურებელი გააღიზიანა. მათი აზრით, სერიალი წლების განმავლობაში აჩვენებდა, რატომ არ იყვნენ ტედი და რობინი ერთმანეთისთვის შესაფერისი წყვილი. ამასთან, ბარნისა და რობინის ქორწინებაც ძალიან მალე დასრულდა.

საინტერესოა, რომ სერიალს ალტერნატიული ფინალიც აქვს. DVD-გამოცემაში შესული ვერსიით, ტრეისი ცოცხალი რჩება და ტედი მასთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.

როგორი უნდა ყოფილიყო ფინალი? მაყურებლის ნაწილის აზრით, ტედსა და ტრეისის ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონოდათ. ცხრა წლის განმავლობაში სწორედ მათი შეხვედრის მოლოდინში იყვნენ და არა იმის გასაგებად, რომ ტედი საბოლოოდ ძველ სიყვარულს დაუბრუნდებოდა.

რატომ გვამახსოვრდება ცუდი ფინალი ასე დიდხანს?

ამ ხუთ სერიალს ერთი რამ აერთიანებს: მაყურებელმა მათ პერსონაჟებსა და ისტორიებს წლები დაუთმო და ამიტომ დასასრულისგანაც ბევრს ელოდა.

კარგი ფინალი მხოლოდ სიუჟეტის დასრულება არ არის. მან მაყურებელს უნდა აგრძნობინოს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ნანახი ისტორია ღირდა.

როცა საყვარელი პერსონაჟების ამბავი მოულოდნელად ან დაუჯერებლად სრულდება, იმედგაცრუება მხოლოდ ბოლო ეპიზოდს აღარ ეხება. ზოგჯერ ამის შემდეგ მაყურებელს მთელი სერიალის მიმართაც ეცვლება დამოკიდებულება.