რას აკეთებს თქვენი კატა, როცა სახლში არ ხართ? 6 რამ, რითაც მთელი დღეა დაკავებული
- 23.11.2026
სახლიდან გადიხართ, კატა კი დივანზე მოკალათებული გიყურებთ. გგონიათ, თქვენს დაბრუნებამდე მხოლოდ იძინებს და ჭამს? ცდებით! როგორც კი კარი დაიხურება, თქვენს ოთხფეხა მეგობარს საკუთარი დღის წესრიგი ეწყება.
ის ამოწმებს ყველა ოთახს, უცნაურ ხმებს უთვალთვალებს, ფანჯრიდან ქუჩას აკვირდება და, რა თქმა უნდა, თამაშისთვისაც იცლის. YourTango-ს ავტორი არიკა კროქსტონი ექვს საქმეს გამოყოფს, რომლებითაც კატები პატრონის არყოფნის დროს არიან დაკავებული.
1. სახლს დარაჯობენ
თქვენ რომ სახლში არ ხართ, კატა მაინც აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას. ოთახიდან ოთახში დადის, ათვალიერებს კუთხეებს და ყურადღებით უსმენს ყველა ხმას.
ხშირად მაღალ ადგილას მოკალათდება, საიდანაც ყველაფერი კარგად ჩანს. დივანის საზურგე, კარადა თუ ფანჯრის რაფა - მისთვის იდეალური სადამკვირვებლო პუნქტებია.
2. საეჭვო ხმებს იკვლევენ
დერეფანში რაღაც ჩამოვარდა? კარს მიღმა ხმა გაისმა? ფანჯარასთან ჩიტი მოფრინდა?
კატა ასეთ რამეს უყურადღებოდ არ დატოვებს. ყურებს დაცქვეტს, ხმაურის მიმართულებით წავა და ყველაფერს შეამოწმებს. თუ რამე ვერ დაინახა, აუცილებლად შეეცდება გაარკვიოს, რა იმალება იქ.
კატებს ხომ საკუთარი ტერიტორიის ყველა კუთხის ცოდნა უყვართ!

3. თავს იწესრიგებენ და სხვებსაც უვლიან
კატა სისუფთავეს დიდ დროს უთმობს. შეიძლება დიდხანს ილოკოს ბეწვი, თათები დაიბანოს და სხეულის ყველა ნაწილი გულდასმით გაიწმინდოს.
თუ სახლში სხვა ცხოველიც გყავთ, შესაძლოა მასაც მოუაროს. კატები ერთმანეთს ზოგჯერ მეგობრობისა და სიყვარულის ნიშნად ლოკავენ. ამ დროს ძაღლსაც კი არ დაინდობენ!
4. თამაშობენ და ზოგჯერ თქვენს ნივთებსაც ერჩიან
კატას გართობა სჭირდება. შეიძლება ბურთს დასდევდეს, სათამაშო თაგვს დაედევნოს ან მოულოდნელად ოთახში სირბილი დაიწყოს.
მაგრამ თუ მოსწყინდა, შესაძლოა თქვენი ნივთებითაც გაერთოს. დივანის კაწვრა, მაგიდიდან ნივთების ჩამოყრა და ფარდაზე აცოცება - პატრონებისთვის კარგად ნაცნობი ამბებია.
კაწვრა კატისთვის ბუნებრივი ქცევაა. ამიტომ სახლში საკაწრი დაფა აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

5. ჭამენ და წახემსებასაც არ ივიწყებენ
თქვენ სამსახურში ხართ, კატა კი თავის კვების რეჟიმს მიჰყვება. ზოგი ჯამს მაშინვე ცლის, ზოგი კი საკვებს ცოტ-ცოტას მიირთმევს და რამდენჯერმე უბრუნდება.
შეიძლება დილით დატოვებული საკვები შუადღისთვის შემოინახოს. მოკლედ, თქვენს ოთხფეხა მეგობარს არც სადილი ავიწყდება და არც წახემსება!
6. ფანჯრიდან ქუჩას აკვირდებიან და თქვენს დაბრუნებას ელოდებიან
ფანჯრის რაფა კატისთვის ნამდვილი გასართობი ადგილია. იქიდან შეუძლია უყუროს ჩიტებს, გამვლელებს, მეზობლის ძაღლს და ყველაფერს, რაც ქუჩაში ხდება.
ზოგჯერ ისეა გართული, თითქოს საინტერესო ფილმს უყურებს. მოძრავი ობიექტების თვალთვალი მის ნადირობის ინსტინქტსაც აკმაყოფილებს და მოწყენილობისგანაც იცავს.

თუმცა ფანჯარასთან ჯდომას კიდევ ერთი მიზეზი აქვს - შესაძლოა, თქვენს გამოჩენას ელოდება. როგორც კი ნაცნობ ხმას გაიგონებს, ყურადღებას მაშინვე კარისკენ გადაიტანს.
ასე რომ, სანამ თქვენ სამსახურში ხართ, თქვენი კატა სულაც არ არის უსაქმოდ. სახლს დარაჯობს, იკვლევს, თამაშობს, ჭამს და ფანჯრიდან სამყაროს აკვირდება. ერთი სიტყვით, სახლში პატარა უფროსი გყავთ, რომელიც თქვენს დაბრუნებამდე უამრავი საქმით არის დაკავებული
თემები: კატები, კატა, კატის მოყვარული
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია