Good Girl — Carolina Herrera-ს ახალი სუნამო და განუყოფელი აქსესუარი
- 18.11.2016
21-ე საუკუნის მოდაში აღარ არსებობს მკვეთრი ზღვარი ქალურ და მამაკაცურ სილუეტებს შორის, ცხოვრების წესი კი „ცუდი გოგოს“ და „კარგი გოგოს“ სტერეოტიპების ნგრევას განიცდის — „კარგი გოგო“ თავისთავად „ცუდი გოგოს“ თვისებებსაც გულისხმობს. ფასეულობების ასეთი გადაფასებების დროს, ყველაზე რთული ყველა ასპექტში ზომიერების დაცვაა, ეს კი Carolina Herrera-მ წარმატებით მოახერხა ახალი სუნამოს — Good Girl-ის („კარგი გოგო“) სახით.
Good Girl-ის ინსპირაცია Herrera-ს სუნამოების სახლის კრეატიული დირექტორი — კაროლინა ჰერერა დე ბაეზია, რომელიც სუნამოს სარეკლამო კამპანიაში Victoria’s Secret-ის ერთ-ერთმა „ანგელოზმა“ — მოდელმა კარლი კლოსმა განასახიერა; სარეკლამო ფილმის ვიზუალურ მხარეზე კი მოდის სფეროში კარგად ნაცნობმა ხელოვანმა — მარიო ტესტინომ იმუშავა. სუნამოს ფილოსოფია მერლინ მონროს ცნობილი გამონათქვამია: „მიეცით ქალს კარგი ფეხსაცმელი და ის მსოფლიოს დაიპყრობს“ — სწორედ ამ ფრაზამ განაპირობა ორიგინალური შეფუთვაც — მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფორმის შექმნა, რომელიც Good Girl-ის კონცეფციას, სასურველ არომატთან ერთად, ქალის საყვარელი აქსესუარის ფუნქციასაც ანიჭებს.
Good Girl-ის კამპანია სექსუალური, ელეგანტური და ამოუცნობი ქალის (კარლი კლოსის პერსონაჟი) შესახებ გვიყვება — ის ერთგვარად ყველასთვის საოცნებო femme fatale-იცაა: მის დანახვაზე ვეღარაფერზე ფიქრობენ, მის ფეხის ნაბიჯებს კი კატასტროფა მოჰყვება — მთელი ქალაქი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით შემოსილ ტერფებს მიღმა აქვს მოქცეული.
ქალის პერსონაჟი, რომელსაც საკუთარი პიროვნების ნათელი მხარე უყვარს და ამავდროულად ბნელ მხარესაც ავლენს, Good Girl-ის პარფიუმერების გუნდმა მუქი და ღია ნოტების ნაზავით გაიაზრა: ქალის ხასიათის ორმხრივი ეფექტი ტუბეროზას და დიპტერიქსის მოხალული მარცვლების ინოვაციური კომბინაციით შეიქმნა. არომატი მთლიანობაში აღმოსავლური ყვავილების ჯგუფს შეიძლება მივაკუთნოთ, რომლის ყვავილოვან ტალღას თეთრი სამბაკის ჟასმინი და ტუბეროზა ქმნის — კაკაოს და დიპტერიქსის მოხალული მარცვლების მისტიკურ ნოტასთან შეპირისპირებით. მოკლედ, თუ ქალური, მაგრამ ამავდროულად ზომიერი, არა ვულგარული და ელეგანტური სურნელის შერჩევა გსურს, უპირატესობა სწორედ Carolina Herrera-ს Good Girl-ს უნდა მიანიჭო — მოტკბო და მწარე არომატების ნაზავს.
ბრენდმა არა მხოლოდ სუნამოს ორიგინალურ შეფუთვაზე, არამედ — დაგემოვნების განსხვავებულ კონცეფციაზეც იზრუნა: Ici Paris-მ ქართული პრესის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული პრეზეტნაცია გამართა — ხატია შამუგიამ ჟურნალისტებს არომატის არა მხოლოდ შეყნოსვის, არამედ — დაგემოვნების შესაძლებლობაც მისცა, სპეციალურად Good Girl-ის ინგრედიენტებით დამზადებული ლიქიორის სახით; ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის პატრონმა ქალბატონმა კი სუნამოსთან ერთად, Carolina Herrera-სგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო.
თემები: Ici Paris, Ici Paris Tbilisi, კაროლინა ჰერერას ახალი სუნამო, Carolina Herrera-ს ახალი სუნამო, Good Girl, Good Girl by Carolina Herrera, კარლი კლოსი, Karlie Kloss