LIFE

ბრიტანელი მილიარდერის ეტიკეტის წესები

ბრიტანელი მილიარდერის ეტიკეტის წესები

სერ დეივიდ თენგი მილიარდერია, რომელსაც ბრიტანეთში ყველაზე გავლენიანი სანაცნობო წრე ჰყავს – პოლიტიკოსები, მსახიობები, სამეფო ოჯახის წევრები და სუპერმოდელები; ის სიგარების საკუთარ ბრენდს, კერძო კლუბსა და მოდისა და ინტერიერის სფეროში მოღვაწე უამრავ ბრენდს ფლობს, ძალიან პოპულარულ რესტორან China Tang-თან ერთად. თუმცა ამ ეტაპზე მასზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ იგი ავტორია წიგნისა Rules For Modern Life („წესები თანამედროვე ცხოვრებისთვის“), სადაც თანამედროვე ცხოვრების ეტიკეტის წესებს გვაცნობს. სხვათა შორის, სერ თენგის ზოგი რჩევა უცნაურადაც კი მოგეჩვენებათ.

წარმოიდგინეთ, მდიდარი ბიზნესმენი, რომელიც მოდისა და ინტერიერის უამრავ ბრენდს ფლობს, საზაფხულო არდადეგებს კი საბერძნეთში, ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან – ქეით მოსთან, სარა ფერგიუსონთან და იორკის ჰერცოგის ქალიშვილთან ერთად ატარებს, მიიჩნევს, რომ დარჩენილი საჭმლის რესტორნიდან სახლში წაღება უხერხული სულაც არ არის; ჩანთა ბურჟუების აქსესუარია და საჭირო ნივთები აბრეშუმის ხელთათმანით უნდა ვატაროთ; თავისუფალ ჩაცმულობას კი უმეტეს შემთხვევებში ელეგანტურ სტილს ამჯობინებს – აცხადებს, რომ ჩუსტები და სანდლები მოხმარებიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ. მოკლედ, გადახედეთ მის წესებს მოდისა და ცხოვრების სტილის შესახებ:

 რჩევები მოდის შესახებ

ბრიტანელი მილიარდერის ეტიკეტის წესები

„საზოგადოება, როგორც მთლიანობა, უკეთ გამოიყურება, როდესაც ადამიანები ძალისხმევას არ იშურებენ და სათანადოდ იცვამენ ხოლმე. გაიხსენეთ კერი გრანტი ან სტიუარტ გრენგერი – ლამაზად შეკერილი კოსტიუმების დამსახურებით საოცრად ელეგანტურები იყვნენ; ან სოფი ლორენი და ინგრიდ ბერგმანი – უბრალოდ, ბრწყინავდნენ თავიანთ საღამოს კაბებში. სწორედ ესაა მოდის აღქმა და სიყვარული. უმჯობესია, ძველი, გაცვეთილი, მაგრამ ელეგანტური სამოსი გეცვას, ვიდრე უგემოვნო, ახალი კაბა. ზედმეტად გამოპრანჭული, შეღებილი და უზომოდ მაღალ ქუსლებზე შემდგარი ქალები, უბრალოდ, უნდა დააპატიმრონ“.

„არასოდეს ატაროთ საფულე შარვლის ჯიბით – თეძოს ადგილზე შარვალი ტანზე მომდგარია და საფულე უშნოდ გამოიბერება. რაც შეეხება ჩანთებს, ეს ბურჟუაზიული ჩვევაა – სამეფო ოჯახის წევრებს ყოველთვის აბრეშუმის ხელთათმანი უკავიათ, რომელსაც არასოდეს იცვამენ და სიგარეტის, ტუჩის საცხისა და სათვალის შესანახად იყენებენ. არასოდეს ატაროთ სანდლები ან ჩუსტები – როდესაც რაჯების კასტას ვსტუმრობდი, გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, უამრავი ფენისგან შემდგარი კოსტიუმებით იყვნენ შემოსილი და ძალიან ღირსეულად გამოიყურებოდნენ“.

რჩევები გართობისა და ვახშმის შესახებ

ბრიტანელი მილიარდერის ეტიკეტის წესები

„არასოდეს წახვიდეთ რესტორნიდან მიმტანებისთვის ბონუსის დატოვების გარეშე. მაშინაც კი, თუ მომსახურება არ მოგეწონათ ან პერსონალი უზრდელურად მოგექცათ. გახსოვდეთ, მიმტანების შემოსავლის უმთავრესი წყარო სწორედ ბონუსებია. ასევე, ნუ მოგერიდებათ დარჩენილი საჭმლის სახლში წაღება, ეს სირცხვილი სულაც არ არის. გახსოვდეთ: თანამედროვე სამყაროში საჭმლის გადაყრა უფრო დიდი სირცხვილია!“ 

„როდესაც სტუმრად მიდიხართ, ერთი ბოთლი ღვინის წაღება სირცხვილია, ყოველთვის ორი უნდა მიართვათ. სტუმრად მისვლა საჭირო დროს უნდა იცოდეთ – ეს თქვენს დახვეწილ მანერაზე მიუთითებს. არასოდეს დაელოდოთ, როდის მიირთმევენ ვახშამს სხვები – ერთმანეთის მოცდაში საჭმელი გაცივდება, ეს ჩვევა გადაჭარბებულად საშუალო ფენის წარმომადგენლებს ახასიათებთ და მისი ერთადერთი გამონაკლისი დედოფალთან ვახშამია“.

„ნუ მოგერიდებათ, სტუმრებს აგრძნობინოთ, რომ წასვლის დროა. რამდენადაც მასპინძელს თავაზიანობა და კარგი გამასპინძლება მოეთხოვება, იმდენადვე უზრდელობაა სტუმრების მხრიდან ზედმეტად დიდხანს დარჩენაც. როდესაც ვხედავ, რომ ჩემი სტუმრები წასვლას აღარასოდეს აპირებენ, საძინებელში გავდივარ და პიჟამას ვიცვამ, რაც მათ უხერხულ მდგომარეობაში აგდებთ და მაშინვე სახლში მიდიან“.

ბრიტანელი მილიარდერის ეტიკეტის წესები

„არასოდეს ჩართოთ მუსიკა ვახშმის დროს – ვახშამს საინტერესო საუბრები უხდება და ამაში ხელს არაფერი უნდა გიშლიდეთ. მუსიკის ფონად ჩართვა მხოლოდ იმ დროსაა დასაშვები, სანამ სტუმრები შეგროვდებიან. თუმცა, კენი ჯის (ამერიკელი საქსოფონისტი. Kenny G) სტილის „იაფფასიანი ბიჟუტერიის“ მსგავსი მუსიკა ნამდვილად უნდა იკრძალებოდეს! მიუღებელია საოპერო ამონარიდები, განსაკუთრებით სამი ტენორის კომპოზიციები. პათეტიკური „ნესუნ დორმა“ ხომ ნამდვილად უნდა აიკრძალოს!“



წყარო:&nbsp;<a href="http://www.dailymail.co.uk/femail/article-3913840/Sir-David-Tang-shares-surprising-modern-etiquette-tips.html" target="_blank">www.dailymail.co.uk</a>