მეცნიერები კვლევებს არაერთ საინტერესო საკითხზე ატარებენ და ზოგჯერ უჩვეულო, დამაფიქრებელ შედეგებს იღებენ. ხშირ შემთხვევაში, მეცნიერები კვლევებით ამყარებენ და ადასტურებენ იმ ფაქტებს, რაც ისედაც ვიცით, ზოგჯერ კი, საყოველთაო აზრისგან აბსოლუტურად საპირისპირო მოსაზრებებს გვიმტკიცებენ.

„ტრენდის“ მკითხველს ხშირად ვაცნობთ ამა თუ იმ კვლევის დასკვნას და ამჯერადაც, კიდევ ერთ კვლევაზე გვინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება.

2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ ქალს ბევრი შვილი ჰყავს, ის დიდხანს ინარჩუნებს ახალგზარდულ იერს და მრავალშვილიანობა ხელს უშლის დაბერების პროცესს. კვლევა Simon Fraser-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს და აჩვენეს, რომ შვილების რაოდენობა გავლენას ახდენს დაბერების პროცესზე.

რაც უფრო მეტი შვილი ჰყავს ქალს, მით უფრო ფერხდება დაბერების პროცესი, ეს კი იმიტომ ხდება, რომ რაც უფრო მეტ შვილს გააჩენს ქალი, მით უფრო იზრდება ტელომერის რაოდენობა.

ალბათ იკითხავთ, რა არის ტელომერი? - ეს ადამიანის გენეტიკურ მასალაში არსებული მცირე ფრაგმენტებია, რომელიც პასუხისმგებელია დაბერების პროცესზე. შვილის გაჩენა კი გენეტიკურ მასალაში ტელომერების რაოდენობას ზრდის, რაც დაბერების პროცესს აფერხებს.

მკვლევარები არაფერს ამბობენ, იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენს ბევრი შვილი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, თუმცა ამტკიცებენ ბევრი შვილი დიდხანს შენარჩუნებულ ახალგაზრდულ იერს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, ბევრი შვილი უფრო მეტ სტრესთან, ნაკლებ ფულთან, ნაკლებ ძილთან და საკუთარი თავისთვის ნაკლებ დროსთანაა დაკავშირებული და შესაძლოა, ამან გაფიქრებინოთ, რომ პირიქით, ყოველივე თქვენს ნაადრევ დაბერებას შეუწყობს ხელს, მაგრამ როგორც ვნახე, ასე არ არის და მკვლევარები საპირისპიროს გვიმტკიცებენ.