ჯანმრთელობა

კანის 5 მთავარი მტერი ზაფხულში და როგორ დავიცვათ თავი მათგან

კანის 5 მთავარი მტერი ზაფხულში და როგორ დავიცვათ თავი მათგან

კანის დაბერება და გახუნება ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც ყველას ელის. მავნე ფაქტორები, ცხოვრების წესი და კანის სათანადო მოვლის ნაკლებობა, სეზონურობისა და ამინდის პირობების გათვალისწინებით, ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდენენ მის მდგომარეობაზე.

კანს ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან სწორედ ამ პერიოდში ხდება კანი ყველაზე დიდი ნეგატიური გავლენისა და რისკების ზემოქმედების ქვეშ. მაშ, რა ფაქტორები მოქმედებს უარყოფითად კანზე?

მზე

კანის ყველაზე აშკარა მტერი ზაფხულში მზეა, ის ღრმად აღწევს კანში, რაც იწვევს შეუქცევად შედეგებს: ამცირებს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს.

მზეზე დიდი ხნით ყოფნა იწვევს ფოტოდაბერებას, რაც არასასიამოვნო კვალს ტოვებს: პიგმენტაციას, ნაოჭებს, კანის სიმშრალეს, მზისგან გამოწვეულ ლენტიგოს, კანის კერატოზს (გასქელებას). ულტრაიისფერი სხივები ზღვის სიღრმეებამდე წყლის სისქის გავლით აღწევს, ამიტომ, ზღვაში ცურვით მათგან დამალვას ვერ შეძლებთ.

როგორ ვებრძოლოთ ფოტოდაბერებას? ზაფხულში დაცვისთვის საჭიროა მაღალი SPF დონის კრემის გამოყენება. SPF 50 ნიშნის საცხი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან 97%-ით იცავს, ხოლო SPF 100 99%-ით.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: მზისგან დამცავი საცხი არ უნდა იყოს დაკავშირებული მხოლოდ ზღვასთან და დასვენებასთან, ის ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ.

ასევე სასარგებლოა რაციონში იმ პროდუქტების ჩართვა, რომლებიც ბეტა-კაროტინს შეიცავს. ის ხელს უწყობს მელანინის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად. ასეთ პროდუქტებია: წითელი ბულგარული წიწაკა, გრეიფრუტი, სტაფილო, ისპანახი, პომიდორი, გარგარი, ქლიავი, შავი მოცხარი.

ქარი

ძლიერმა ქარმა შეიძლება დააზიანოს კანი: გამოიწვიოს სიწითლე, აქერცვლა და სიმშრალე. შედეგად, კანი დამწვარივით ხდება. მკაცრმა ამინდმა შეიძლება კანის ბუნებრივი ტენიანობა დაარღვიოს, რაც ანთებას და გაღიზიანებას იწვევს! კოსმეტოლოგები კანის ამ მდგომარეობას „ქარის დამწვრობას“ უწოდებენ. მზიან და ქარიან ამინდში განსაკუთრებით არ დაივიწყოთ ბუნებრივი შემადგენლობის დამატენიანებელი საცხები.

არასწორად შერჩეული კოსმეტიკა

კანის შემდეგი მტერი მძიმე ტექსტურებია: სქელი ტონალური კრემი, კორექტორები, ცხიმიანი პროდუქტები. ზაფხულში ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობა იზრდება, ამიტომ მდიდრულმა მკვებავმა საცხებმა შეიძლება კანზე გამონაყარი გამოიწვიოს, მაშინაც კი, თუ ის არ არის მიდრეკილი აკნესკენ. ამის ნაცვლად, უნდა გამოიყენოთ მსუბუქი დამატენიანებელი, სასურველია აირჩიოთ SPF-ის მქონე პროდუქტები, უარი თქვით „ზამთრის“ კოსმეტიკაზე. ზაფხულში ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად უმჯობესია სქელი ტონალური კრემი და კორექტორები BB ან CC კრემით ჩაანაცვლოთ.

მტვერი

ცხელი და მშრალი ამინდი ხელს უწყობს ჰაერში და ოთახში დიდი რაოდენობით მტვრის წარმოქმნას. ის გროვდება სახეზე და ახშობს ფორებს. თუ ფორები გაფართოებულია და კანზე უკვე გამონაყარია, ეს ამძიმებს სიტუაციას.
ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია ჯანსაღი ჩვევის გამომუშავება და დღის განმავლობაში სახის გასაწმენდად სპირტის გარეშე ტონერის გამოყენება, ხოლო ქუჩიდან სახლში დაბრუნებისას სახის თბილი წყლით დაბანა.

მწერის ნაკბენები

ნაკბენები იწვევს კანის გაღიზიანებას და ანთებას. თუ მწერმა გიკბინათ, მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული ადგილი არ გააღიზიანოთ, არამედ დაამუშაოთ სადეზინფექციო საშუალებით ან დამამშვიდებელი ეფექტის მქონე კრემებით.
და ბოლოს, თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიაში, არსებობს მრავალი პროცედურა, რომელიც თქვენი კანის სილამაზეს ინარჩუნებს. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ნაკლებად გაირუჯეთ და თქვენი კანი მადლიერებით გიპასუხებთ!