„მე პილოტი ვარ, მაგრამ ყველას ბორტგამცილებელი ვგონივარ” – Wizz Air-ის პილოტი ქალის ისტორია
- 01.10.2024
მანამ, სანამ მისი მეგობრები თინეიჯერობისას ავტომობილის მართვას სწავლობდნენ, შიბანი კაურ გუპტა დაინტერესებული იყო ავიაციით, მან პილოტის ლიცენზია სულ რაღაც 17 წლის ასაკში მიიღო.
მისი სახლი აეროპორტთან ძალიან ახლოს იყო, შესაბამისად, პატარა ასაკიდან უყვარდა თვითმფრინავები - ეს იყო მისი გატაცება, რომლის შესახებაც ყველაზე ხშირად მამას ესაუბრებოდა.
„ბავშვობაში მხოლოდ თვითმფრინავებისა და ავიახაზების შესახებ ვსაუბრობდი, შესწავლილი მქონდა ყველა საჰაერო ხომალდი და ლაივერი. მამაჩემი ყოველთვის გვამხნევებდა მე და ჩემს დებს, გვეუბნებოდა, რომ აუცილებლად მივაღწევდით ყველა დასახულ მიზანს, ამან ნამდვილად შთამაგონა. მახსოვს, როცა შვიდი ან რვა წლის ვიყავი პილოტ ქალს ვესაუბრე, მასთან შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი იყო, თუმცა პილოტობა არ ყოფილა ჩემი თავდაპირველი მიზანი - თავიდან ძალიან მინდოდა, ჩემი მომავალი მედიცინასთან დამეკავშირებინა” - ამბობს ის Metro.co.uk-თან.
შიბანი, რომელიც ახლა 35 წლისაა, იხსენებს, თუ როგორ აპირებდა მედიცინაზე სწავლის გაგრძელებას, მაგრამ სწავლის დაწყებისთანავე მიხვდა, რომ ეს მისთვის სწორი გზა არ იყო. ასე რომ, 18 წლის ასაკში გადაწყვიტა, თვითმფრინავების სიყვარული კარიერად გადაექცია და დაიწყო სწავლა კომერციული პილოტის მოწმობის მისაღებად.
„18 წელი არის ყველაზე ადრეული ასაკი, როცა შეგიძლიათ მიიღოთ კომერციული ლიცენზია. პირადი ლიცენზიის მიღება ბევრად ადრე შეგიძლიათ, მაგრამ ეს მხოლოდ გასართობ მიზანს ემსახურება, ინდივიდუალური ლიცენზიით ვერ შეძლებთ საკუთარი შემოსავლის უზრუნველყოფას ამ სფეროში”- განმარტავს ის.
19 წლის ასაკში მან გაიარა ერთწლიანი კურსი, ჩააბარა გამოცდები და მიაღწია მიზანს, გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პილოტი ქალი მის პირველ სამსახურში.
„ინდოეთში გადავედი იმისთვის, რომ ოჯახთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი და იქ დაიწყო ჩემი კარიერული განვითარება კომპანია Jet Airways-ში, რომელიც დაფუძნებულია მუმბაიში. იქ ვმუშაობდი 13 წლის განმავლობაში“ - ამბობს ის.
შიბანი ამჟამად ქმართან ერთად ლონდონში ცხოვრობს და Wizz Air-ის პილოტია. მიუხედავად იმისა, რომ პილოტად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, მგზავრების უმრავლესობას ის ბორტგამცილებელი ჰგონია. შიბანი ამტკიცებს, რომ როდესაც დაქორწინდა, მისი ქმრის ოჯახს არ სჯეროდა, რომ ის მფრინავი იყო. მის დედამთილს კი ყველასთან უწევდა იმის მტკიცება, რომ შიბანი პილოტი იყო და არა - ბორტგამცილებელი.
ზოგი ვარაუდობს, რომ ის ბორტგამცილებელია, სხვები თვლიან, რომ ის ვერ იქნება საუკეთესო თავის საქმეში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია.
ერთხელ, მამაკაცმა მგზავრმა უარი თქვა თვითმფრინავში ასვლაზე მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქალი იქნებოდა პილოტი.
„მას აქამდე ნამდვილად არ უნახავს ქალი მფრინავი, რადგან არც ისე ბევრნი ვართ. პილოტების მხოლოდ 6-8% არის ქალი და მათგან მხოლოდ 3,8% არის კაპიტანი. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები იყო, როცა პირველად დავიწყე ფრენა 2007 წელს. პრობლემა მთლიანად მის სტერეოტიპულ აზროვნებასთან იყო დაკავშირებული. ხალხი თვლის, რომ პილოტობა ფიზიკური სამუშაოა და მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ ფიზიკური და შრომატევადი სამუშაოების შესრულება, რაც სრულიად არასწორია. ეს სამუშაო არ არის ფიზიკური, ის უფრო გონებრივია, ბევრი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და არის გადაუდებელი შემთხვევები, რომლებიც უნდა მოგვარდეს და ვგრძნობ, რომ ქალები განსაკუთრებით კარგად ინარჩუნებენ სიმშვიდეს ასეთ სიტუაციებში.”
შიბანმა ეს დაამტკიცა, როდესაც წარმატებით დაამშვიდა მგზავრი და დაარწმუნა, რომ აუცილებლად უნდა ემგზავრა მის რეისზე. ფრენა შეუფერხებლად წარიმართა და მგზავრმა ბოდიში მოიხადა თავისი ადრინდელი კომენტარისთვის და განაცხადა, რომ ეს იყო საუკეთესო მგზავრობა მის ცხოვრებაში.
შიბანმა იცის, რომ მუშაობს მამაკაცების მიერ დომინირებულ პროფესიაში და თავს პრივილეგირებულად თვლის.
თემები: