თუ მეგობრებთან, პარტნიორთან ან კოლეგებთან საუბრის შემდეგ დანაშაულის გრძნობა გიპყრობთ და ვერ ხვდებით, რატომ ან ვის გამო ხართ ამ დღეში, TREND დაგეხმარებათ გაარკვიოთ უსიამოვნო შეგრძნების ნამდვილი მიზეზების პოვნაში.
სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ ბევრია ისეთი ადამიანი, ვისთვისაც დამნაშავე ყოველთვის სხვაა. ასეთი ადამიანების ამოცნობა მარადიული ჩივილით და სხვებზე დაბრალებით საკმაოდ ადვილია. მათ არ შეუძლიათ ჯანსაღი კომუნიკაცია და ამიტომ ცდილობენ დაუყოვნებლივ გააუფასურონ ყველას აზრი და ქცევა, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ვითომ „შემთხვევით“ ახერხებენ თანამოსაუბრის დადანაშაულებას და თვითშეფასების დაქვეითებას.
გიზიარებთ 4 ფრაზას, რომელიც ხშირად გესმით მეგობრებისგან თუ ახლობლებისგან და რომელიც დანაშაულის გრძნობას განგაცდევინებთ.
"მე შენზე გამოცდილი ვარ, გაითვალისწინე“
არსებითად, ვინც ასეთ რამეს ამბობს, თავის პოზიციას გახვევთ. ასეთი ადამიანი ტიპური მანიპულატორია, რომელიც გაიძულებთ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამება თქვენსას. შესაძლოა თქვენ ამას გრძნობთ, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევთ, ამიტომაც განიცდით დისკომფორტს.
გაითვალისწინეთ, თქვენ ხართ ზრდასრული და თვითკმარი ადამიანი, რომელსაც გააჩნია საკუთარი აზრი, აქვს უფლება მართოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც სურს.
ამ სიტუაციაში სჯობს ასე მოიქცეთ: მადლობა გადაუხადეთ ადამიანს შეშფოთებისთვის და უარი უთხრათ დახმარებაზე: "გმადლობთ, ვიფიქრებ თქვენს წინადადებაზე, მაგრამ გავაკეთებ ისე, როგორც ჩავთვლი საჭიროდ", - ეს საკმაოდ თავაზიანი, მაგრამ მტკიცე პასუხია და ამასთან, ტაქტიანი უარიც დახმარებაზე.
"შენ ცუდი იუმორის გრძნობა გაქვს"
ამ შემთხვევაში ამ ფრაზებს, როგორც წესი, წინ უძღვის პასიურ-აგრესიული განცხადება, რომელიც შემდეგ ხუმრობით იფარება. უფრო მეტიც, მანიპულატორმა იცის კონტექსტის შესახებ და ესმის, რომ შეუძლია შეურაცხგყოთ ასეთი მიმართვით; მისი მიზანია გული გატკინოთ, მაგრამ ამის გაკეთება არა პირდაპირ, არამედ ფარულად სურს. მაგალითად: „კაბის ფერი გიხდება, ზომა კი არა - ხომ არ გეწყინა? ეს ხუმრობაა!" - ამ ხერხით ის თქვენს ხარჯზე იმაღლებს თვითშეფასებას და ოსტატურად გირტყამთ მტკივნეულ ადგილას.
ასეთ განცხადებებზე შეგიძლიათ ობიექტური სიმშვიდით უპასუხოთ, თუმცა აუხსენით, რომ აღარ აპირებთ მასთან ასეთი ტონით ურთიერთობას და თუ კვლავ შეეცდება მსგავს უკბილო ხუმრობას, საერთოდ გაწყვიტეთ მასთან ურთიერთობა. შესაძლოა, თქვენი საკომუნიკაციო წრე შემცირდეს, მაგრამ უმჯობესია დაკარგოთ რამდენიმე ტოქსიკური მეგობარი, ვიდრე რეგულარულად იტანჯოთ დანაშაულის განცდით.
"გახსოვს ვინ დაგეხმარა?“
თუ ადამიანი ცდილობს შეგახსენოთ მისი პოზიტიური ქმედებები თქვენს მიმართ, სანაცვლოდ კეთილგანწყობის მოთხოვნით, გიჩნდებათ განცდა, რომ არარსებული ვალი დაგეკისრათ და თითქოს მოტყუებულიც ხართ.
თუ წინასწარ არ გქონიათ ერთმანეთისთვის ხელის გამართვის შეთანხმება, მაშინ არ გჭირდებათ მადლობა გადაიხადოთ იმისთვის, რაც არ გითხოვიათ. აუხსენით მას, რომ ამ მომენტში არ გაქვთ შესაძლებლობა სანაცვლო დახმარება გაუწიოთ, თუმცა სამომავლოდ ჯობია ასეთ ადამიანს დაუბრუნოთ ვალი და შემდეგ კი შორს დაიჭიროთ მისგან თავი.
„შეგიძლია ყველაფერი მითხრა!“
ასეთი ფრაზა შეიძლება იყოს ნამდვილი ინტერესი და მეგობრული მხარდაჭერის გამოვლინება, ოღონდ მხოლოდ მათგან, ვისთანაც დიდი ხანია მეგობრობთ, მაგრამ თუ ამას არც ისე ახლობელი ადამიანი გეუბნებათ, მაშინ ღირს დაფიქრება: იქნებ ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ ცნობისმოყვარეობით იყოს ნაკარნახები.
მაშინაც კი, თუ ძალიან ნერვიულობთ, შეეცადეთ დამშვიდდეთ და ზოგადი პასუხებით შემოიფარგლოთ, ნუ გამოამჟღავნებთ ემოციებს, ნუ შეხვალთ დეტალებში, არ აჩვენოთ შფოთვა თანამოსაუბრეს და არ გასცეთ რაიმე მინიშნება, ესაუბრეთ მხოლოდ იმაზე, რაზე საუბარიც საჯარო სივრცეშიც შეგიძლიათ, პირადი დეტალები თქვენთვის შეინახეთ.
იმისათვის, რომ ასეთმა ფრაზებმა არ დააზიანოს თქვენი თვითშეფასება, მადლობა გადაუხადეთ თანაგრძნობისთვის ადამიანებს და აგრძნობინეთ, რომ რაც არ უნდა იყოს, გაგაჩნიათ თქვენი აზრი და დანაშაულის გრძნობა, რომელსაც გარედან გინერგავენ და ცდილობენ დააზიანონ თქვენი თავდაჯერებულობა, ამასთან, მუდამ გახსოვდეთ პირადი საზღვრების დაცვა და მკაფიო, წონიანი სიტყვა „არა“.
თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია