LIFE

რატომ გვიზიდავს ყოფილი პარტნიორის „ასლი“? - „ნაცნობი სახის ეფექტის“ ფსიქოლოგიური ახსნა

რატომ გვიზიდავს ყოფილი პარტნიორის „ასლი“? - „ნაცნობი სახის ეფექტის“ ფსიქოლოგიური ახსნა

 

ბევრი ადამიანისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, როდესაც გულში გიფიქრიათ: „ეს ადამიანი ვიღაცას მახსენებს“ და ზოგჯერ აუხსნელი მიზიდულობაც კი გიგრძნიათ და ეს არ არის დამთხვევა, არამედ ნიმუში, რომელსაც ფსიქოლოგები „ნაცნობი სახის ეფექტს“ უწოდებენ. რა იწვევს მას და რა საფრთხეს გვიქმნის ადამიანებს?

ამოცნობა მიზიდულობის გზით

ტვინი მუდმივად მომართულია, ამოვიცნოთ საფრთხეები, ვიპოვოთ რესურსები და დავამყაროთ სოციალური კავშირები. როდესაც ვხვდებით ადამიანს, რომელსაც ყოფილის მსგავსი თვისებები აქვს, აქტიურდება ამოცნობის მექანიზმი, ჩნდება უსაფრთხოებისა და ნდობის განცდა: „მე უკვე ვიცი, როგორ დავუკავშირდე ამ ადამიანს“.

ნეირომეცნიერები ამას დოფამინის სისტემით ხსნიან, თუ წარსული ურთიერთობები ემოციურად დატვირთული იყო, ტვინი მათ ძლიერი შთაბეჭდილებების წყაროდ იმახსოვრებს და წინა გამოცდილების „ასლის“ ემოციურ რეაქციას იწვევს.

გამეორების ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიაში არსებობს „განმეორებადი სცენარის“ კონცეფცია. ადამიანები ხშირად არაცნობიერად ირჩევენ ისეთ პარტნიორებს, როგორიც ადრე ჰყავდათ.

თუ წინა ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხები გადაუჭრელი დავტოვეთ - არაღიარება, შეურაცხყოფა, კონფლიქტები - მაშინ ახალ ურთიერთობებში ვეძებთ შესაძლებლობას, „გავიმეოროთ“ სცენარი. მსგავს ადამიანთან შეხვედრა მეორე შანსს ჰგავს და სამწუხაროდ ამით ხშირად ერთსა და იმავე შეცდომებს ვიმეორებთ.

გარეგნობისა და სახის გამომეტყველების გავლენა

კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ ვენდოთ სახეებს, რომლებიც გვახსენებენ ნაცნობ ადამიანებს - მაშინაც კი, თუ ისინი ყოველთვის არ იწვევდნენ დადებით ემოციებს.

გარეგნობა უდიდეს როლს ასრულებს: მსგავსი თვალის ფორმა, ტუჩის ფორმა ან ჟესტები მოგონებების მთელ ფენას იწვევს. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ კავშირი „არსაიდან“ წარმოიშვა, მაგრამ სინამდვილეში ეს ნაცნობ ნაკვთებზე რეაქციაა.

ეს მხოლოდ გარეგნობას არ ეხება, არამედ ადამიანის საუბრის მანერას, ხმის ტონსა და სიარულს, ეს ყველაფერი კი არაცნობიერად ქმნის „ჩვენი“ ადამიანის იმიჯს.

როდის არის ეს სასარგებლო და როდის არის ხაფანგი?

ერთი მხრივ, ნაცნობი სახის ეფექტი გვეხმარება უფრო სწრაფად დავამყაროთ ურთიერთობა, ვიგრძნოთ სიახლოვე და ნდობა, მეორეს მხრივ, არსებობს რისკი, ისევ არაჯანსაღ ურთიერთობაში დავბრუნდეთ, შედეგად, იმავე მანკიერ წრეში აღმოვჩნდებით.

კიდევ რატომ არის საშიში წარსული გამოცდილების „ნაცნობ სახეზე“ პროეცირება? იმიტომ, რომ ადამიანები განსხვავებულები არიან და გარეგნული მსგავსება არ მიუთითებს მსგავს მორალურ თვისებებზე.

როგორ გავწყვიტოთ ეს ციკლი

იმისათვის, რომ ყოფილი პარტნიორების „ორეულების“ არაცნობიერად არჩევა შეწყვიტოთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი შინაგანი

კანონზომიერებები. აქ მოცემულია რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ:

გააანალიზეთ წარსული ურთიერთობები - შეეცადეთ გულწრფელად ჩაწეროთ, რა გიზიდავდათ მასში და რამ გაანადგურა თქვენი კავშირი.

გამიჯნეთ წარსული და აწმყო - ახალი ადამიანი არ არის ყოფილი პარტნიორი. მას აქვს უფლება იყოს საკუთარი თავი და არა თქვენი „ისტორიის გაგრძელება“.

მოაგვარეთ დაუმთავრებელი საქმეები - თუ ძველ ურთიერთობაში წყენა დაგრჩათ, აუცილებლად გადალახეთ ისინი.

გააფართოვეთ სოციალური წრე - როდესაც საკუთარ თავს აძლევთ შესაძლებლობას, იურთიერთოთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან, ტვინი ავითარებს ახალ საცნობარო წერტილებს.

გახსოვდეთ, მსგავს ადამიანებს ვიზიდავთ არა იმიტომ, რომ „ბედი გვეთამაშება“, არამედ იმიტომ, რომ გვაქვს შინაგანი მოთხოვნილება, დავასრულოთ ძველი სცენარები და განვიცადოთ ნაცნობი ემოციები - შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი: დავტოვოთ წარსული წარსულში, ან ავაშენოთ ახალი, უფრო ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობები.