LIFE

როგორ დავიცვათ თავი მანიპულატორი მეგობრებისგან

როგორ დავიცვათ თავი მანიპულატორი მეგობრებისგან

მეგობრობაში მანიპულაციის ამოცნობა შეიძლება რთული იყოს. თუმცა, თუ იცით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ეჭვი რეალურად გამართლებულია. ქვემოთ მოცემულია მანიპულაციური მეგობრის დახვეწილი ნიშნები, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი მეგობრობის შეფასებაში.

 

მლიქვნელობა

კომპლიმენტს ფარული მოტივი არ აქვს, ხოლო მლიქვნელობა ყოველთვის ფასადურია, რომელსაც ადამიანი სხვა ადამიანისგან რაღაცის მისაღებად იყენებს. ექსპერტების აზრით, ეს, როგორც წესი, მანიპულირების პირველი ნაბიჯია და შეიძლება საშიში იყოს, რადგან თუ ადამიანს, რომელსაც მეგობრად მიიჩნევთ, შეუძლია თქვენი მანიპულირება, მას შეუძლია თქვენი ქმედებებისა და აზრების კონტროლიც.
მიუხედავად იმისა, რომ მეგობრისგან გულწრფელ კომპლიმენტს შეუძლია თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, არაგულწრფელმა შეიძლება დაბნეულობაც კი გამოიწვიოს.

თანაგრძნობა

თუ ახლობელი ადამიანი არ თანაგიგრძნობთ, ამან შეიძლება გულგატეხილი და ემოციურად გამოფიტული გაგხადოთ.
მანიპულატორი მეგობრები, როგორც წესი, ნაკლებად ითვალისწინებენ თქვენს გრძნობებს.

დამნაშავის განცდა

მანიპულატორი მეგობარი ხშირად გახსენებთ იმას, რაც თქვენთვის გააკეთა, რათა ზეწოლა მოახდინოს თქვენზე და მისთვის სანაცვლოდ რამე გააკეთოთ. ეს შეიძლება ასე ჟღერდეს: „შენ ჩემთან ვალში ხარ“, „მე ამას ვიმსახურებ“...
ისინი დანაშაულის გრძნობას გიღვივებენ, რათა გაკონტროლონ და მიაღწიონ თავიანთ მიზანს.

არასანდოობა

მათ სურთ ყოველთვის მათ გვერდით იყოთ და თვითონაც იგივეს გპირდებიან, მაგრამ როდესაც რეალური დახმარება გჭირდებათ, ისინი უკვალოდ ქრებიან.
თუ მეგობარი ხშირად არღვევს დაპირებებს, ამან შეიძლება იმედი გაგიცრუოთ და გაფიქრებინოთ, რომ ის არასანდო ადამიანია და პატივს არ გცემთ.

ტყუილი

მანიპულატორი მეგობრები ხშირად იყენებენ ტყუილს სხვებზე გავლენის მოხდენის ან ზეწოლის მიზნით. მათ ასევე შეიძლება მოიტყუონ, რათა სხვას გადააბრალონ დანაშაული ან თავი აარიდონ იმ შედეგებს, რაც მათ მიერ ნათქვამმა ტყუილმა გამოიწვია.

ეჭვიანობა

მანიპულატორი მეგობარი მუდმივად გეუბნებათ, რომ არ ხართ აქტიური ან არ გაქვთ ბევრი საჭირო უნარი. საბოლოოდ შეიძლება თქვენ დაუჯეროთ მას და ამან გარკვეული ნეგატიური როლი ითამაშოს თქვენს თავდაჯერებულობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

გადაჭარბებული ყურადღება

მანიპულატორმა მეგობარმა შეიძლება შეგაწუხოთ ზედმეტი ყურადღებით, საჩუქრებით, კომპლიმენტებით ან სიყვარულით. თავიდან ეს შესანიშნავია, მაგრამ ზედმეტი ყურადღება შეიძლება მალე მოსაბეზრებელი გახდეს, ან მოულოდნელად შეწყდეს, რის შედეგადაც თავს დაბნეულად იგრძნობთ.
გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს, დაკავდეთ ჰობით, ან თქვენი საყვარელი საქმიანობით, გადახედოთ თქვენს ურთიერთობებს, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი მეგობრობა ჯანსაღი და თქვენი ღირებულებების შესაბამისია.

იმედგაცრუება

მანიპულატორი მეგობრები ყოველთვის იმაზე მეტს მოითხოვენ თქვენგან, ვიდრე გასცემთ, რაც არ უნდა ეცადოთ მათ ასიამოვნოთ, არასოდეს არიან კმაყოფილები - საბოლოოდ თავს იმედგაცრუებულად გრძნობთ და თითქოს არასდროს ხართ საკმარისად კარგი, რადგან მათი მოსაწონი ვერასდროს ვერაფერი გააკეთეთ.

იმისთვის, რომ ასეთ ადამიანებზე გაიმარჯვოთ, აუცილებელია:

  • გჯეროდეთ საკუთარი თავის
  • ფოკუსირდით იმაზე, რაც თქვენ გჭირდებათ და გსურთ
  • მოერიდეთ კომუნიკაციას, როდესაც მანიპულატორ მეგობართან თავს დაცლილად იგრძნობთ
  • იცოდეთ საკუთარი ღირებულებები და მიზნები
  • შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ უნიკალური ადამიანი ხართ, აკეთებთ ყველაფერს, რაც შეგიძლიათ და ეს საკმარისია.

და ბოლოს, თუკი თქვენი მეგობარი მანიპულატორია, პირველ რიგში დააწესეთ საზღვრები: დაიცავით თქვენი პოზიცია, თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ, თუ არ დანებდებით, ისინი შეწყვეტენ თქვენზე მანიპულაციას.
გახსოვდეთ, ნამდვილი მეგობარი ისაა, ვისაც ჩვენი გულწრფელად ესმის და ვისაც უანგაროდ ვუყვარვართ.