ვერავინ უარვყოფთ, რომ როცა საქმე მოდას და მის ტენდენციებს ეხება, არავის გამოგვდის ვიყოთ გულგრილნი. ქალების უმრავლესობას სიხარულს, ყველაზე მეტად, თვის ბოლოს, საყიდლებზე სიარული ანიჭებს. კითხვების გადაჭრასა და გამოწვევების მიღებას, რომლებსაც მოდის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში აჩენს და გვთავაზობს, ყველანი საკუთარი გარდერობის წინ ვცდილობთ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დეტალები!
თუ საკუთარ ინდივიდუალიზმზე რაიმეს თქმა შეგვიძლია, ამას ყველაზე სწორად, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალების გამოყენებით ვცდილობთ. სწორედ ეს დეტალებია ყველაზე მთავარი, ხმაურიანი და მკვეთრი. ისინი უსვამენ შესამჩნევ ხაზს ჩვენი ხასიათის თავისებურებებს, ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს, წარმოაჩენენ ჩვენს ქალურობას, დახვეწილ და განსხვავებულ გემოვნებას.
წარმოგიდგენიათ საკუთარი გარდერობი, თქვენი საუკეთესო ჩაცმულობა, თქვენი საყვარელი აქსესუარებისა და სამკაულების გარეშე? ვფიქრობ, ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი, Ketevan Saqareli-ია, ქართველი საიუველირო დიზაინერი, რომელმაც ამ სახელწოდებისვე ქართული ბრენდი შექმნა და საკმაოდ წარმატებული ნიშაც დაიკავა ქართული მოდის სამყაროში.
როცა საკუთარი შთაგონება გაძლევს ფრთების გაშლის საშუალებას, შეგიძლია, აქციო საკუთარი თავი შემოქმედად! როცა, შთაგონება, საქმის მიმართ სიყვარული და პროფესიონალიზმი ხდება შემოქმედის მთავარი მამოძრავებელი ძალა, შეგიძლია დროსა და მოდის ტენდენციებსაც გაუსწრო!
ქეთევან საქარელი ტიხრული მინანქრის სპეციალისტია, მისი საიუველირო ტექნიკაზე მუშაობა, ბრენდის შექმნის შემდეგაც გრძელდება, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ KS-ის შექმნამდე, დიზაინერი 12 წლის განმავლობაში სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობდა. მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში, თანამშრომლობდა გალერეებთან, ისეთ მსხვილ საიუველირო კომპანიებთან, როგორიც არის ზარაფხანა. ქეთევან საქარელი 2012 წლის, იაპონიაში გამართული საერთაშორისო გამოფენის გამარჯვებულიც გახლავთ მინანქრის ტექნოლოგიაში.
KS შესაძლოა ითქვას, რომ წარმატებული სტარტაპია. დიზაინერმა წელიწადნახევრის წინ, დამოუკიდებელ საქმიანობას მიჰყო ხელი, მხატვრის ამპლუადან დიზაინერის ამპლუაში სცადა საკუთარი თავი, გალერეების სფეროდან მოდის სამყაროში გადმოინაცვლა და უნდა ითქვას, რომ ეს გაბედული ნაბიჯი, საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა!
KS (Ketevan Saqareli) საიუველირო ნაწარმს ქმნის, Houndstooth-ის, Mondrian-ის, Otskheli-ს კოლექციები დიზაინერმა უკვე შექმნა. ამჟამად მეოთხე კოლექციაზე მუშაობს, როგორც თავად განმარტავს, კოლექციის შექმნას მისი ემოციური მდგომარეობა, ინსპირაცია და განწყობა განსაზღვრავს. იგი არ მიჰყვება მოდის სამყაროს მიერ დაწესებულ მკაცრ დედლაინებს და აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი ეს დამოკიდებულება განსაზღვრავს შემოქმედების განსაკუთრებულობასაც. ქეთევან საქარელი კოლექციებისა და პროდუქციის შექმნისას, უპირველესად, საკუთარ შთაგონებას მიმართავს, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ემოციურ კავშირს წარსულთან.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, მოდის სამყარო მოდის მოყვარულებს არ გვიგზავნიდა ისეთ მესიჯებს, რომლებიც აშკარად ხაზს გაუსვამდნენ 80-იანი წლების ტენდენციებს. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ 2014-2015 წლის მოდის ტენდენციები 60-იანი წლების სულით საზრდოობდა. სწორედ ამიტომ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქეთევან საქარელის პირველივე კოლექცია, რომელიც წელიწადნახევრის წინ შეიქმნა, აშკარად 80-იანი წლების ტენდენციებით გამოირჩევა. როგორც თავად ქეთევანი განმარტავს, ეს არ ყოფილა სპეციალურად გადადგმული ნაბიჯი. დიზაინერის შთაგონება, მისი ბავშვობის მოგონებები, საყვარელი და თითქოს არაფრით გამორჩეული ფაქტები, გახდა მიზეზი, ქეთევან საქარელს გაესწრო დროსთვის და თავად მოდის ტენდენციებისთვისაც!
მასიური პროდუქცია, რომელსაც KS ქმნის, გამორჩეულია, თავისი გეომეტრიული ფორმების ორიგინალურობით, ფერების თბილი, დახვეწილი შეხამებით, ზოგჯერ, მკვეთრი კონტრასტით, ძვირფასი თვლებით, რომლებიც ყოველთვის ინარჩუნებენ სისადავეს და არასოდეს ქმნიან ვულგარულობის განცდას. ბრენდის შემოქმედებითი დირექტორი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ქმნის პროდუქციას, რომელიც, როგორც ზევით აღვნიშნე, მასიურია. რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში შეიძინოს და მისი ვიზუალის ყველაზე თვალშისაცემ დეტალად აქციოს!
გარდა მასიური პროდუქციისა, დიზაინერი ექსკლუზიურ სერიასაც უშვებს (Crystals Collection), რომელიც არ მეორდება და რომელსაც მხოლოდ ქეთევანი, შემოქმედებითი ჯგუფისგან დამოუკიდბელად ქმნის. ამ ექსპერიმენტული სერიის განსაკუთრებულობა, გარდა იმისა, რომ იქმნება მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, იმაშიცაა, რომ ტიხრული მინანქრის ამ ტექნიკას არავინ არ იყენებს. ქეთევან საქარელმა მინანქარზე მუშაობის ეს ტექნიკა თავად შეიმუშავა და მიაგნო განსხვავებულ შედეგს, რომელსაც მოყინული, ოდნავ მზინვარე ფაქტურა გააჩნია. იქედან გამომდინარე, რომ დიზაინერს მარტო უწევს აღნიშნულ ექსპერიმენტულ სერიაზე მუშაობა, იქმნება შეზღუდული რაოდენობის პროდუქცია, რომელსაც როგორც თავად შემქმნელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, მისი სულისა და გულის ნაწილად იტოვებს!
KS ამჟმად თანამშრომლობს ქართული ბრენდების კონცეპტუალურ მაღაზიასთან, Dots-თან და მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთ ონლაინ მაღაზიასთანაც. გარდა ამისა, აღსანიშნვია ისიც, რომ ბრენდის მიერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გასატანადაც. უნდა ითქვას, რომ ისეთი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება, რომელიც იქმნება ტიხრული მინანქრის ტექნიკაზე დაყრდნობით, ანუ ისეთი, როგორიც KS-ია, მნიშვნელოვანი წარმატებაა არა მხოლოდ ბრენდისთვის, არამედ, ქვეყნისთვისაც.
ბრენდის მიერ შექმნილი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების მეშვეობით, ასევე, ლესელიძეზე მდებარე მაღაზიაში - Dots. როგორც მაღლა აღვნიშნე, ონლაინ მაღაზიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ, ბრენდის მომხმარებელს, საშუალება ექნება შეიძინოს სასურველი პროდუქცია უფრო ფართო მასშტაბზეც.
როცა შთაგონება გაძლებს საშუალებას, თამამად გაშალო ფრთები, იქმნება KS! საუკეთესო და განსხვავებული არჩევანი თქვენი ინდივიდუალიზმისთვის!
თემები: მოდა, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები, ქართული მოდის სახლების ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, ქართული მოდა, ქართული ბრენდი, Ketevan Saqareli
Trend.ge