LIFE

მოლოდინი და რეალობა: 2025/26 წლების 9 სერიალი, რომელმაც მაყურებელს იმედები გაუცრუა

მოლოდინი და რეალობა: 2025/26 წლების 9 სერიალი, რომელმაც მაყურებელს იმედები გაუცრუა

ყოველთვიურად ეკრანებზე ათობით ახალი პროექტი გამოდის. ზოგიერთი მათგანი შეუმჩნეველი რჩება, ზოგი კი მომენტალურად ხდება განხილვის მთავარი თემა. როგორც წესი, წარმატების ფორმულა მარტივია: აგრესიული რეკლამა და ვარსკვლავური ქასთი. თუმცა, 2025-2026 წლებმა დაგვანახა, რომ ზოგჯერ ლეგენდარული მსახიობები და რეჟისორებიც კი ვერ შველიან პროექტს, თუ მას "სულიერება" აკლია.

კრიტიკოსების აზრით, მთავარი პრობლემა „რაოდენობის დევნაა“. სტრიმინგ პლატფორმები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი კონტენტი გამოუშვან მოკლე დროში, რის შედეგადაც ვიღებთ ერთფეროვან ისტორიებს, მოსაწყენ პერსონაჟებსა და აზრს მოკლებულ სიუჟეტებს.

წარმოგიდგენთ იმ სერიალების სიას, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბოლოოდ წლის იმედგაცრუებად იქცნენ:

1. „ნულოვანი დღე“ (Zero Day)

მიუხედავად იმისა, რომ მთავარ როლს კინოს ლეგენდა რობერტ დე ნირო ასრულებს, სერიალი გასაკვირად მოსაწყენი და უსიცოცხლო აღმოჩნდა. კიბერშეტევების თემატიკა და პოლიტიკური თრილერის ჟანრი დაძაბულობას გვპირდებოდა, თუმცა კრიტიკოსების თქმით, შოუს აკლია დინამიკა, სიღრმე და, სამწუხაროდ, აზრიც.

2. „უკანასკნელი ზღვარი“ (The Last Frontier)

ალასკის ყინვებში ავიაკატასტროფის შემდეგ გაქცეული პატიმრებისა და ფედერალური აგენტების დაპირისპირება - ერთი შეხედვით იდეალური რეცეპტია ექშენისთვის. რეალობა? - 10 ეპიზოდად გაწელილი სერიალი ზედმეტად ჩახლართული სიუჟეტით. Apple TV+-მა პროექტი პირველივე სეზონის შემდეგ დახურა, რადგან მაყურებლის ინტერესი ნულამდე დაეცა.

3. „მონსტრი: ედ გეინის ისტორია“ (Monster: The Story of Ed Gein)

რაიან მერფის ანთოლოგიის პირველმა ორმა სეზონმა (დამერი და ძმები მენენდესები) ფურორი მოახდინა. როდესაც ცნობილი გახდა, რომ მანიაკ ედ გეინს ჩარლი ჰანემი ითამაშებდა, მოლოდინი ძალიან დიდი აღმოჩნდა. თუმცა, მესამე სეზონმა ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მიიღო. კრიტიკოსებმა რეჟისორი მკვლელის სახის „გათეთრების“ უშედეგო მცდელობაში დაადანაშაულეს.

4. „პულსი“ (Pulse)

Netflix-ის პირველი სერიალი ექიმებზე კრახით დასრულდა. სამედიცინო დრამების კლასიკური ფორმულა აქ სექსუალური შევიწროების სკანდალებითა და გაუთავებელი კონფლიქტებით ჩაანაცვლეს. თუ „გრეის ანატომიაში“ ინტრიგები გითრევს, „პულსში“ პერსონაჟების ქცევა მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს.

5. „ყველაფერი სამართლიანია“ (All’s Fair)

2025 წელი რაიან მერფისთვის წარუმატებელი გამოდგა. მან ფსონი კვლავ ხმამაღალ სახელებზე დადო: კიმ კარდაშიანი, სარა პოლსონი და ნიისი ნეშ-ბეტსი. სამწუხაროდ, ვარსკვლავურმა ქასთმა ვერ გადაარჩინა სუსტი სცენარი. სერიალი გასული წლის ყველაზე ცუდი შოუების რეიტინგებში მოხვდა.

6. „საშიში რიცხვები“ (Department Q / Dangerous Numbers)

ახალგაზრდა ვარსკვლავის ლეო ვუდჰოლის გამოჩენა შპიონაჟურ თრილერში -  მოლოდინი მართლაც დიდი იყო. კემბრიჯის ასპირანტი მათემატიკურ აღმოჩენას აკეთებს, რაც საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს. თუმცა, მაყურებელმა სერიალი დაახასიათა როგორც „ზედმეტად ჩახლართული“ და მოსაწყენი მეორეხარისხოვანი პერსონაჟებით.

7. „მოტაცებული გოგონა“ (The Girl Who Was Taken)

მძიმე სიუჟეტი ტყუპი დების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი მრავალწლიანი ტყვეობიდან თავისუფლდება. რეალურად, ეს ისტორია ერთ კარგ მხატვრულ ფილმად უფრო გამოდგებოდა. სერიალის ფორმატმა გამოიწვია ის, რომ სიუჟეტი უაზროდ გაიწელა, რამაც მაყურებელს ყურების სურვილი დაუკარგა.

8. „შვიდი ციფერბლატის საიდუმლო“ (The Seven Dials Mystery)

აგათა კრისტის ეკრანიზაცია და ჰელენა ბონემ კარტერი - ერთი შეხედვით, წარმატება გარანტირებული იყო. 1925 წლის მკვლელობის ისტორია ინტრიგას ბოლომდე ვერ ინარჩუნებს. კრიტიკოსების აზრით, სერიალი „ერთჯერადი“ აღმოჩნდა და კრისტის სხვა გენიალურ ადაპტაციებს ვერც კი შეედრება.

9. „უკანასკნელი ათვლა“ (The Final Countdown)

პირველი სეზონის დინამიურობის მიუხედავად, ყოველი მომდევნო ეპიზოდი უფრო და უფრო უფერული ხდებოდა. პერსონაჟები არ იწვევენ სიმპათიას, სიუჟეტური ხაზი კი იმდენად ბუნდოვანია, რომ მაყურებლისთვის რთულია ეკრანთან ყურადღების შენარჩუნება.