ბარონესას იდუმალი სიკვდილი, რომელიც 40 წელზე მეტია კითხვებს აჩენს - რა შეემთხვა როტშილდების ოჯახის ყოფილ რძალს იტალიის მთებში?
- 21.11.2026
1980 წლის ნოემბერში იტალიის სიბილინის მთებში ორი ქალის კვალი გაქრა. რამდენიმე კვირის შემდეგ მათი ავტომობილი იპოვეს, თუმცა სალონში არც ერთი მათგანი არ იყო. მოგვიანებით მონადირემ ქალების ცხედრებს მიაგნო, მაგრამ გამოძიებამ ვერ გასცა პასუხი მთავარ კითხვებზე: რატომ გაემგზავრნენ ისინი ღამით, მოახლოებული ქარბუქის მიუხედავად, მთებში და როგორ შეძლეს, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გადარჩენა? ერთ-ერთი დაღუპული ჟანეტ მეი იყო - როტშილდების ოჯახის ყოფილი რძალი, რომელიც წარსულში ბარონ ეველინ დე როტშილდზე იყო დაქორწინებული.

ამ საქმემ წლების განმავლობაში არაერთი ვერსია გააჩინა. ჟურნალისტები შესაძლო გატაცებაზე, მაფიასთან კავშირებსა და ვატიკანის ფინანსურ მაქინაციებზეც კი საუბრობდნენ. თუმცა, მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული გამოძიებისა, ჟანეტისა და მისი მეგობრის, გაბრიელა გერენის, სიკვდილის საიდუმლო დღემდე ბოლომდე ამოხსნილი არ არის.
პროვინციელი გოგონადან ბარონესამდე
ჟანეტ ბიშოპი 1940 წლის იანვარში, ინგლისის საგრაფო კენტის პატარა სოფელში დაიბადა. მამა ადრეულ ასაკში დაკარგა - სამეფო საჰაერო ძალების სერჟანტი ბომბის გაუვნებელყოფის დროს დაიღუპა.
ჟანეტის ბავშვობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. გავრცელებული ცნობებით, გარკვეული პერიოდი მონასტერთან არსებულ გარემოში ცხოვრობდა, მოზარდობაში ბალეტით დაინტერესდა, 16 წლის ასაკში კი სამოდელო კარიერა დაიწყო. მისი გარეგნობა ტელევიზიის წარმომადგენლებსაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: მალე გოგონა ITV-ის გასართობი გადაცემის, Spot the Tune-ის წამყვანი გახდა.
მისი ცხოვრება 1966 წლის 30 სექტემბერს რადიკალურად შეიცვალა – 26 წლის ასაკში ჟანეტი ბარონ ეველინ დე როტშილდზე დაქორწინდა. ასე აღმოჩნდა ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი საბანკო დინასტიის გარემოცვაში.

ჟანეტმა შეძლო, მაღალი საზოგადოების ცხოვრებას სწრაფად შეგუებოდა. მოგზაურობდა, მდიდრულ მიღებებს ესწრებოდა და ისეთ ცნობილ ადამიანებთან ერთად იჯდა სადილზე, როგორებიც იმელდა მარკოსი და ჰენრი ფორდ II იყვნენ. დაინტერესდა ინტერიერის დიზაინითა და ანტიკვარიატის შეგროვებით, ხოლო ტელევიზიასა და მოდელობას თავი დაანება.
სწორედ როტშილდების სახლში გაიცნო გაბრიელა გერენი, რომელიც ოჯახის სამზარეულოში მუშაობდა. მიუხედავად მათი განსხვავებული სოციალური მდგომარეობისა, ქალებს ახლო მეგობრობა ჩამოუყალიბდათ. ეს ურთიერთობა ჟანეტის ქორწინების დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.

ჟანეტი და ეველინ დე როტშილდი 1971 წელს განქორწინდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა ბარონესამ კომპენსაციის სახით 25 000 ფუნტი სტერლინგი და ლონდონის ჩელსის რაიონში მდებარე სახლი მიიღო. შეთანხმება არ გაუსაჩივრებია.
1975 წელს ჟანეტი სტივენ მეის შეხვდა, რომელიც მოგვიანებით უნივერმაღების ქსელ John Lewis-ში პერსონალის დირექტორი გახდა. დაქორწინების შემდეგ ქალმა კვლავ გააგრძელა ინტერიერის დიზაინსა და ანტიკვარიატთან დაკავშირებული საქმიანობა.
მოგზაურობა, რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა
ჟანეტსა და სტივენს იტალია შეუყვარდათ. ერთ-ერთი მოგზაურობისას ისინი სარნანოს მახლობლად, სიბილინის მთებთან მდებარე 300 წელზე მეტი ხნის ფერმერულ სახლს გადააწყდნენ და მისი შეძენა გადაწყვიტეს.
ჟანეტი სახლის აღდგენით იმდენად დაინტერესდა, რომ პროექტის ხელმძღვანელობა თავად იკისრა. აკონტროლებდა სარემონტო სამუშაოებს და ცდილობდა, ძველი შენობა ოჯახურ საცხოვრებლად ექცია.

1980 წლის 29 ნოემბერს ის სარნანოში მორიგი ვიზიტით ჩავიდა. თან გაბრიელა გერენი ახლდა. ქალები მშენებლობის ხელმძღვანელს, ნაცარენო ვენანცის შეხვდნენ და უთხრეს, რომ მოგვიანებით მთებში აპირებდნენ წასვლას.
ვენანციმ ისინი გააფრთხილა, რომ ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო გზაში გასვლა სახიფათო იყო, თუმცა ქალებმა გადაწყვეტილება არ შეცვალეს.
„მაშინ ძალიან ფრთხილად იყავით“, – ეს იყო გაფრთხილება, რომლითაც მან ისინი გააცილა.
ჟანეტი საჭეს მიუჯდა, გაბრიელა კი მგზავრის სავარძელზე დაჯდა. ავტომობილი ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ისინი ცოცხლები ნახეს.
ავტომობილი იპოვეს, ქალები - ვერა
მომდევნო დილით, როდესაც ვენანციმ სასტუმროში ქალები ვეღარ იპოვა, პოლიციას მათი გაუჩინარების შესახებ შეატყობინა. სამძებრო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა მთებში დიდთოვლობა გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ მაშველებმა თოვლიდან გამოჩრილი ავტომობილი შენიშნეს. ეს ჟანეტის შავი Peugeot იყო. თუმცა მანქანაში არც ქალები აღმოჩნდნენ და არც მათ კვალს ჩანდა.

გაუჩინარების ისტორია კიდევ უფრო გაუგებარი გახდა: თუ ქალები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და გადარჩენა შეძლეს, რატომ არავის დაუკავშირდნენ?
1982 წლის 27 იანვარს, ავტომობილის აღმოჩენის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მონადირემ ორი ქალის ჩონჩხის ნეშტი იპოვა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ისინი ჟანეტ მეისა და გაბრიელა გერენს ეკუთვნოდა.
ორი გაჩერებული საათი და ერთი აუხსნელი დეტალი
ექსპერტიზამ ქალების ნეშტებზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნები ვერ გამოავლინა. თუმცა კვლევის შედეგად გაჩნდა ვარაუდი, რომ გაუჩინარების შემდეგ ისინი შესაძლოა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ცოცხლები ყოფილიყვნენ.
ეს გარემოება განსაკუთრებით უცნაურად გამოიყურებოდა: იმ პერიოდში სიბილინის მთებში სამ მეტრამდე სიმაღლის თოვლი იდო, ძლიერი ქარი ქროდა, ღამით კი ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემოდა. ამასთან, ავტომობილის აღმოჩენის ადგილიდან ნეშტებამდე მანძილი დაახლოებით ხუთი კილომეტრი იყო. გამოდის, ქალებს რთულ პირობებში ფეხით გადაადგილებაც უნდა მოეხერხებინათ.

გამოძიებისთვის კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი ქალების მაჯის საათები გახდა. ორივე საათი 17:52-ზე გაჩერდა, თუმცა სხვადასხვა დღეს - მათ გაჩერებას შორის ერთი კვირა იყო სხვაობა. ამან გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი საათის მექანიზმი განზრახ შეეცვალათ.
გამომძიებლებს პასუხი არც მთავარ კითხვაზე ჰქონდათ: რატომ წავიდნენ ქალები მთებში იმ ღამეს, როდესაც ამინდი მკვეთრად უარესდებოდა?
ადგილობრივების თქმით, კარგ ამინდში ამ მარშრუტით მგზავრობა შესაძლებელი იყო, მაგრამ სიბნელეში, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის დროს იქ წასვლა სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილება იქნებოდა. ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ ქალებს მგზავრობის სხვა, უცნობი მიზეზი ჰქონდათ.
იდუმალი შეტყობინება და Christie’s-ის ძარცვა
გამოძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალად სასტუმროში ჟანეტის სახელზე გაგზავნილი უცნაური დეპეშა იქცა. მასში მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა: „მე შენ გელოდები“. გამომგზავნად მითითებული იყო ვინმე როლანდი.
პოლიციამ მისი რომაული მისამართის დადგენის შემდეგ ეს სახელი ლონდონის ცნობილ აუქციონის სახლ Christie’s-ში მომხდარ ძარცვას დაუკავშირა. ძარცვა ქალების გაუჩინარების მეორე დღეს, ნავონას მოედანზე მდებარე აუქციონის სახლიდან განხორციელდა.
ჟანეტი Christie’s-ის აუქციონებს ხშირად ესწრებოდა და ხელოვნების კოლექციონერების წრეში ბევრი ნაცნობი ჰყავდა. თუმცა გამოძიებამ ვერ დაადგინა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი ძარცვასთან.
მოგვიანებით საქმით Sunday Times-ის ჟურნალისტები გიტე სერენი და დალბერტ ჰალენშტაინი დაინტერესდნენ. თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ მათ წამოაყენეს ვერსია, რომ ჟანეტი და გაბრიელა შესაძლოა წინასწარ დაგეგმილი გატაცების მსხვერპლები გამხდარიყვნენ.
ჟურნალისტების ვარაუდით, ჟანეტი უცნობ მყიდველთან ძვირფასი თუთუნის კოლოფის გაყიდვაზე შეთანხმდა და შეხვედრა მთაში დაუნიშნეს. მათი ვერსიით, სწორედ იქ შეიძლებოდა ქალების გატაცება.
თუმცა ამ მოსაზრებას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ჰქონდა: როტშილდების წარმომადგენლების განცხადებით, ოჯახს გამოსასყიდის მოთხოვნა არასოდეს მიუღია. ჟურნალისტები ამ განცხადებას ეჭვით შეხვდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ასეთ გავლენიან ოჯახს შესაძლოა მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გაემჟღავნებინა.
მაფია, მოპარული ნივთები და ვატიკანის ბანკირი
1983 წლის იანვარში იტალიის სამართალდამცველები კვლავ დაუბრუნდნენ Christie’s-ის ძარცვის ვერსიას. მოწმეების ხელახალი დაკითხვისას გაირკვა, რომ ქალები საბედისწერო მგზავრობამდე ცოტა ხნით ადრე უცნობ მამაკაცს ესაუბრებოდნენ.
გამოძიება ლონდონშიც გაგრძელდა. რამდენიმე თვით ადრე ჰოლანდ-პარკის ბინაში მოკლული იყო იტალიელი კონტრაბანდისტი და ანტიკვარიატის მოვაჭრე სერჯიო ვაკარი. მისი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ Christie’s-იდან მოპარული ნივთების ფოტოები აღმოაჩინა.
უფრო უცნაური კი ის იყო, რომ ვაკარის პირად ჩანაწერებში ჟანეტის სახელიც ფიგურირებდა. ამ გარემოებამ გააჩინა ეჭვი, რომ ყოფილი ბარონესა შესაძლოა იმ ადამიანებთან ყოფილიყო დაკავშირებული, რომლებიც აუქციონის სახლიდან მოპარული ნივთებით ვაჭრობდნენ. გაჩნდა ვარაუდიც, რომ მან შესაძლოა ისეთი ინფორმაცია იცოდა, რომლის გამჟღავნებაც ვიღაცას არ სურდა.
ვაკარის კვალმა გამომძიებლები კიდევ უფრო გავლენიან ფიგურასთან მიიყვანა – იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ბანკის, Banco Ambrosiano-ს ხელმძღვანელ რობერტო კალვისთან. ის ვატიკანთან სიახლოვის გამო „ღმერთის ბანკირის“ სახელითაც იყო ცნობილი.
კალვი ლონდონში, ბლექფრაიარსის ხიდზე, ჩამომხრჩვალი იპოვეს. მისი სიკვდილი მაფიასთან და ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებულ მრავალ კითხვას აჩენდა. Banco Ambrosiano გაკოტრებული იყო, ხოლო გამოძიების ფარგლებში ბანკის მაფიის ფულის გათეთრებაში შესაძლო მონაწილეობაზეც საუბრობდნენ.
ერთ-ერთი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კალვის ვატიკანის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებით აშანტაჟებდა. მის ხელთ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი მიმოწერაც იყო.
ამ გარემოებებმა წარმოშვა კიდევ უფრო ფართო შეთქმულების თეორიები: ხომ არ უკავშირდებოდა ჟანეტის, ვაკარისა და კალვის სიკვდილი ერთმანეთს? ხომ არ იდგა მათ უკან ერთი და იგივე დამკვეთი - მაფია, ვატიკანი ან სხვა გავლენიანი ორგანიზაცია?
ეს ვერსიები დღემდე მხოლოდ ვარაუდებად რჩება. იტალიის სამართალდამცველებმა ჟანეტის მკვლელობის დამტკიცება ვერ შეძლეს და 1989 წლის ბოლოს საქმე გაუხსნელ დანაშაულთა არქივში გადაიტანეს.
ახალი ჩვენება 33 წლის შემდეგ
საქმეში ახალი მოულოდნელი ფიგურა 2013 წელს გამოჩნდა. ფოტოგრაფმა მარკო აჩეტიმ განაცხადა, რომ პასუხისმგებელი იყო 1983 წელს ვატიკანში მცხოვრები 15 წლის ემანუელა ორლანდის გაუჩინარებაზე. გოგონა პაპის თანამშრომლის შვილი იყო, მისი გაუჩინარება კი საერთაშორისო მასშტაბის საქმედ იქცა.
აჩეტი პროკურორებთან საუბრისას ჟანეტ მეის სახელზეც ალაპარაკდა. მისი მტკიცებით, კრიმინალური დაჯგუფება ეძებდა გავლენიან ქალებს, რომლებსაც იტალიურ დიპლომატიურ წრეებსა და ვატიკანთან ჰქონდათ კავშირი. ჟანეტი მათთვის საინტერესო იყო როტშილდების ოჯახის სავარაუდო ფინანსური ურთიერთობების გამო წმინდა საყდართან.
ამასთან, აჩეტი ამტკიცებდა, რომ ჟანეტის გაუჩინარება მის დაჯგუფებასთან დაკავშირებული არ ყოფილა და ქალის დაღუპვის დეტალები არ იცოდა.
მისი მონათხრობის სანდოობა ეჭვს იწვევდა, თუმცა ჟურნალისტებმა კიდევ ერთი უცნაური გარემოება აღმოაჩინეს: ადვოკატი ჯენარო ეჯიდიო, რომელიც ორლანდის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენდა, მანამდე როტშილდების ოჯახისთვისაც მუშაობდა, როდესაც ისინი ჟანეტის გაუჩინარებას კერძო წესით იძიებდნენ.
ეს გარემოება, ცხადია, თავისთავად არაფერს ამტკიცებდა, თუმცა კიდევ უფრო გაამძაფრა კითხვები ორ გახმაურებულ საქმეს შორის შესაძლო კავშირის შესახებ.

40 წლის შემდეგაც პასუხები არ არსებობს
2024 წლის ბოლოს იტალიელმა გამომძიებლებმა ჟანეტისა და გაბრიელას საქმეზე მუშაობა კვლავ განაახლეს. მათ სარნანოს ათზე მეტი მცხოვრები დაკითხეს. მოწმეების უმეტესობა უკვე ხანდაზმული იყო, თუმცა ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის წინანდელი ტრაგედიის გახსენებას დათანხმდა.
ერთ-ერთმა მათგანმა The Telegraph-თან საუბრისას განაცხადა, რომ ადგილობრივებს არ სჯეროდათ, ქალების სიკვდილი ჩვეულებრივი უბედური შემთხვევის შედეგი ყოფილიყო.
ჟანეტის მეორე ქმარი, სტივენ მეი, რომელიც ახლა ლონდონში ცხოვრობს და თითქმის 90 წლისაა, ამ ამბის გარშემო გავრცელებულ ახალ ვერსიებს უკვე აღარ ინტერესდება. Daily Mail-ის ჟურნალისტმა რიჩარდ კეიმ მასთან კომენტარის ჩაწერა სცადა, თუმცა მეიმ საუბარი არ ისურვა და უთხრა, რომ ჩოგბურთის გაკვეთილზე ეჩქარებოდა.
მოგვიანებით ჟურნალისტს სტივენთან დაახლოებული წყაროები დაუკავშირდნენ. მათი თქმით, მეი ჟანეტის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ხმებს „სასაცილოსა“ და „სრულ სისულელეს“ უწოდებს.
შესაძლოა, სტივენმა უბრალოდ გადაწყვიტა, წარსულს აღარ დაბრუნებოდა. შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გამოძიებასა და ჟურნალისტებთან თანამშრომლობის შემდეგ ამ ამბავზე საუბრის სურვილი დაკარგა. ან იქნებ იცის ისეთი რამ, რის შესახებაც საჯაროდ საუბარი აღარ სურს.
ამის გარკვევა, ალბათ, შეუძლებელი იქნება. ფაქტი კი ისაა, რომ ჟანეტ მეისა და გაბრიელა გერენის უკანასკნელი მგზავრობის გარემოებები დღემდე ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს.
თემები: ცნობილი ადამიანები, ისტორია