LIFE

„მის სრულყოფილება“: რატომ ვერ იტანდა კაროლინ ბესეტ-კენედი გვინეტ პელტროუს – სკანდალური დეტალები Calvin Klein-ის კულისებიდან

„მის სრულყოფილება“: რატომ ვერ იტანდა კაროლინ ბესეტ-კენედი გვინეტ პელტროუს – სკანდალური დეტალები Calvin Klein-ის კულისებიდან

90-იანი წლების მოდის სამყარო და ნიუ-იორკული ელიტა ორ გამორჩეულ ქალს ეკუთვნოდა: ერთ მხარეს იყო კაროლინ ბესეტი, Calvin Klein-ის პიარ-დირექტორი და მოგვიანებით ჯონ კენედი უმცროსის მეუღლე, მეორე მხარეს კი - ამავე ბრენდის მუზა და ამომავალი ვარსკვლავი, გვინეტ პელტროუ.

როგორც აღმოჩნდა, ამ ორ გოგონას შორის ურთიერთობა იდეალურისგან შორს იყო. ახალ ბიოგრაფიულ წიგნში „გვინეტი: ბიოგრაფია“, ავტორი ემი ოდელი იმ ფარულ დაპირისპირებაზე ყვება, რომელიც მოდის სახლის კედლებში წლების წინ ხდებოდა.

„პატარა მის სრულყოფილება“

კაროლინ ბესეტი, რომელიც თავად იყო სტილისა და დახვეწილობის სიმბოლო, გვინეთ პელტროუს მიმართ სიმპათიით ნამდვილად არ ყოფილა განწყობილი. წყაროების თანახმად, კაროლინს გვინეტის იმიჯი აღიზიანებდა.

„როდესაც გაზეთებში გვინეტის ფოტოები ჩნდებოდა, ბესეტი მას “პატარა მის სრულყოფილებას“ ეძახდა და მის მისამართით ხშირად უხეშ, ირონიულ შენიშვნებს არ იშურებდა,“ - ვკითხულობთ წიგნში.

პრივილეგიები და „ვერტმფრენით“ მოსული ვარსკვლავი

Calvin Klein-ის ყოფილი თანამშრომლები იხსენებენ, რომ გვინეტს მოდის სახლში განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა. მაშინ, როცა სხვა ვარსკვლავები რიგში იდგნენ, პელტროუს პირდაპირ ვერტმფრენით მოფრენა და ჩვენებაზე ყველაზე პრივილეგირებული ადგილის დაკავება შეეძლო.

თუმცა, თანამშრომელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ გვინეტი არასოდეს ყოფილა უხეში - ის უბრალოდ ძალიან ჩაკეტილი და მშვიდი იყო, რაც ბევრს ქედმაღლობაში ერეოდა.

კარიერა, რომელიც სიყვარულმა შეცვალა

კაროლინ ბესეტი Calvin Klein-ში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა და ჩვეულებრივი კონსულტანტიდან პიარ-დირექტორამდე საკუთარი ნიჭით დაწინაურდა. მან სამსახური 1996 წელს, ჯონ კენედი უმცროსზე ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, კაროლინმა კარიერა იმიტომ დათმო, რომ მთელი მისი ცხოვრება ჯონისა და მისი ჟურნალის, „George”-ის გარშემო უნდა დატრიალებულიყო.

შეგახსენებთ, რომ 90-იანი წლების ყველაზე გლამურული წყვილის - კაროლინისა და ჯონის ზღაპრული ისტორია 1999 წელს ავიაკატასტროფით ტრაგიკულად დასრულდა. მათ მიმართ ინტერესი დღემდე არ ნელდება, რასაც სერიალ „Love Story”-ს პოპულარობაც ადასტურებს.