LIFE

პამელა ანდერსონის ახალი გატაცება: „მაშველის“ გარდასახვა ინტერიერის დიზაინერად

პამელა ანდერსონის ახალი გატაცება: „მაშველის“ გარდასახვა ინტერიერის დიზაინერად

ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდან — ბუნების მოყვარულ დიზაინერამდე: პამელა ანდერსონი საცხოვრებელი გარემოს მოწყობის სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს. „მალიბუს მაშველმა“ ცნობილ ბრენდთან Olive Ateliers კოლაბორაციით ავეჯისა და დეკორის ახალი ხაზი წარადგინა.

შთაგონება ბებიის ნივთებიდან და კანადური მამულიდან

კოლექცია, რომელიც 40-ზე მეტ ნივთს აერთიანებს, მთლიანად პამელას მშობლიური სახლითაა შთაგონებული. ვარსკვლავმა მალიბუს ხმაურიანი ცხოვრება კანადაში, ლედისმიტში მდებარე 0.4 ჰექტრიან მამულში გაცვალა, რომელსაც სიყვარულით „არკადიას“ უწოდებს.



„კოლექციაზე მუშაობა ჩემს სახლში მიმოფანტული დაწნული ნივთების თვალიერებით დავიწყეთ. ეს არის ნივთები, რომლებსაც წლებია თან ვატარებ, ან რომლებიც ბებიამ დამიტოვა. მათ მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტები და მოგონებები მაკავშირებს“, — ამბობს პამელა Architectural Digest-თან ინტერვიუში.

რა შედის კოლექციაში?

ანდერსონის დებიუტი ინტერიერის დიზაინში ხაზს უსვამს მის „ანალოგურ“ და ბუნებასთან ახლოს მყოფ ცხოვრების სტილს. კოლექციაში ნახავთ:

  • რატანის (დაწნულ) ავეჯს, რომელიც როგორც სახლისთვის, ისე ეზოსთვისაა განკუთვნილი;

  • მასიური ხის (ტიკის) სასადილო მაგიდას;

  • სხვადასხვა ზომის ორიგინალურ კალათებს.

 „მეორე შანსი სიყვარულისთვის“

პამელა ყოველ დილას ბუნებაში სეირნობით იწყებს, მიუხედავად იმისა, წვიმს თუ თოვს. ის იხსენებს, როგორ აგროვებს დილაობით თავის ბაღში დაზიანებულ ნარცისებს და ათავსებს მათ დიდ კალათაში:



„ეს ბებიას მაგონებს, რომელიც არაფერს აფუჭებდა და ყველაფერს მეორე შანსს აძლევდა. ვფიქრობ, ეს სახლში შემოტანილი სიყვარულის მეორე შანსს ჰგავს“.

გაქცევა მალიბუდან

როგორც ვარსკვლავმა People-თან ინტერვიუში აღიარა, კანადაში დაბრუნება მისი გადარჩენის გზა იყო. რამდენიმე წლის წინ ის თავს სევდიანად და მარტოსულად გრძნობდა, ეგონა, რომ მისი ცხოვრება „შეცდომების გროვა“ იყო.



დღეს 58 წლის პამელა ანდერსონი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება - მაკიაჟის გარეშე, ნატურალური იმიჯითა და ახალი შემოქმედებითი ენერგიით. მისი სახლი, რომელიც 25 წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო, ახლა მისი შინაგანი სიმშვიდის სიმბოლოდ იქცა.