LIFE

პრინცი ენდრიუ კარლს და სამეფო ოჯახის პრობლემებს გაექცა - ყოფილი ჰერცოგი საფრანგეთში შენიშნეს

პრინცი ენდრიუ კარლს და სამეფო ოჯახის პრობლემებს გაექცა - ყოფილი ჰერცოგი საფრანგეთში შენიშნეს

სამეფო ოჯახში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორმა დიდი ბრიტანეთი დატოვა და დასასვენებლად საფრანგეთს მიაშურა.

ყოფილი პრინცი კანისა და ნიცის კურორტებზე შენიშნეს, სადაც ის ორ ქალთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, ენდრიუს ზაფხული შოტლანდიაში, ბალმორალის რეზიდენციაში უნდა გაეტარებინა. იქ ის უფროსმა ძმამ, მეფე ჩარლზ III-მ მიიწვია. თუმცა, The Sun-ის წყაროების ცნობით, ყოფილმა იორკის ჰერცოგმა მიწვევა არ მიიღო. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სამეფო ოჯახში თავს „გარიყულად“ გრძნობს.

ამის ნაცვლად ენდრიუმ საფრანგეთში გამგზავრება გადაწყვიტა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის შესაძლოა ამ რეგიონში უძრავი ქონების შეძენასაც განიხილავდეს.

მეფე ჩარლზმა ძმის გადაწყვეტილების შესახებ იცის და, როგორც ირკვევა, მის გადაადგილებას ხელს არ უშლის. მიუხედავად ენდრიუს გარშემო მიმდინარე გამოძიებისა, მას ქვეყნის დატოვებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა კვლავ აქვს.

რატომ გაურბის ენდრიუ ახალ საცხოვრებელს?

ენდრიუს საფრანგეთში გაქცევის სურვილი სამეფო ოჯახში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე არც ისე მოულოდნელად გამოიყურება.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ყოფილი პრინცი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა სანდრინგემის ტერიტორიაზე მდებარე დროებითი საცხოვრებლიდან გადასვლაზე და სასახლეს არაერთ პირობას უყენებდა.

ენდრიუ წარსულში სამეფო ლოჯში ცხოვრობდა, თუმცა შარშან ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალის ახალი ტალღის შემდეგ ჩარლზ III-მ მას ეს შესაძლებლობა ჩამოართვა. საბოლოოდ ყოფილი პრინცი სანდრინგემის მამულში მდებარე ვუდ-ფარმში გადაიყვანეს.

თუმცა ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალი იყო. მისი საბოლოო საცხოვრებელი მარშ-ფარმი უნდა გამხდარიყო.

პრობლემა ის არის, რომ ენდრიუ ახალ სახლში გადასვლას არ ჩქარობს.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ყოფილი ჰერცოგი სასახლეს მუდმივად ახალ მოთხოვნებს უყენებს. მათ შორის, ის ითხოვს, რომ სამეფო ლოჯიდან ახალ სახლში მისი პირადი ნივთები გადაიტანონ - ფარდებიც კი.

ეს მოთხოვნა განსაკუთრებით აღიზიანებს ჩარლზს, რადგან მეფემ მარშ-ფარმში ახალი ფარდების შეძენაზე უკვე მნიშვნელოვანი თანხა დახარჯა.

ენდრიუ ასევე ითხოვს სამეფო ლოჯიდან ხელოვნების ნიმუშების გადატანას. პრობლემა ისაა, რომ მათი ნაწილი მარშ-ფარმისთვის ზედმეტად დიდია. მიუხედავად ამისა, ყოფილი პრინცი მათი გადატანის მოთხოვნაზე უარს არ ამბობს.

ამ ყველაფერს სამეფო ოჯახისთვის საკმაოდ სოლიდური ხარჯები მოაქვს - სპეციალიზებული გადამტანი კომპანიის ერთი გამოძახება დაახლოებით 15 ათასი ფუნტი სტერლინგი ჯდება.

„მარშ-ფარმში ელექტროგაყვანილობის შეცვლა და შელესვის სამუშაოებიც გახდა საჭირო. მეფე გაბრაზებულია, რადგან არ სურს იმაზე მეტი გადაიხადოს, ვიდრე უკვე გადაიხადა“, - ამბობს გამოცემის წყარო.

მისივე თქმით, ენდრიუს გადასვლის პროცესი „მტკივნეულად ნელა“ მიმდინარეობს.

ჩარლზს ძმის საცხოვრებელი სტუმრებისთვის სჭირდება

სამეფო ოჯახისთვის პრობლემა მხოლოდ ხარჯები არ არის.

ვუდ-ფარმი, სადაც ამჟამად ენდრიუ ცხოვრობს, სანდრინგემის ტერიტორიაზე მდებარეობს - ეს კი ჩარლზ III-ის ერთ-ერთი საყვარელი რეზიდენციაა. მეფე იქ ხშირად ისვენებს და მეგობრებს, ნათესავებსა და სხვადასხვა დელეგაციას მასპინძლობს.

ამიტომ სამეფო ოჯახის წყაროები აცხადებენ, რომ ჩარლზს სურს, ვუდ-ფარმი კვლავ სტუმრების განსათავსებლად გამოიყენოს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ენდრიუს უკვე გააფრთხილეს კიდეც, რომ თუ უფრო ფრთხილად არ იქნება, შესაძლოა ერთ დღეს საცხოვრებლის ნაცვლად პერსონალისთვის განკუთვნილ ტრაილერში მოუწიოს ღამის გათევა.

საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული ტრაილერი სწორედ იმ თანხებიდან არის დაფინანსებული, რომელსაც ჩარლზი ენდრიუს საცხოვრებელ ხარჯებს უხდის.

ვარაუდობენ, რომ იქ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უნდა განთავსდნენ, რადგან ნორფოლკის მთავარ სახლში მათთვის საკმარისი ადგილი არ არის.

შესაძლოა, სწორედ ამ ყველაფერმა უბიძგა ყოფილ ჰერცოგს საფრანგეთში გამგზავრებისკენ - იმისთვის, რომ გარკვეული დროით მაინც თავი აარიდოს იმ პირობებს, რომლებსაც სამეფო ოჯახი მას უყენებს.

ენდრიუს სკანდალები კვლავ არ დასრულებულა

ენდრიუს გარშემო სკანდალი განსაკუთრებით გამწვავდა 2025 წლის შემოდგომაზე. ამის შემდეგ ჩარლზ III-მ მას ყველა ტიტული და სამეფო პატივი ჩამოართვა, ასევე სამეფო ლოჯში ცხოვრების უფლება და სამეფო ღონისძიებებში საჯაროდ გამოჩენის შესაძლებლობა შეუზღუდა.

2026 წლის თებერვალში კი ყოფილი იორკის ჰერცოგი ჯეფრი ეპშტეინთან შესაძლო კავშირის გამო დააკავეს.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ენდრიუს შესაძლოა ეპშტეინისთვის საიდუმლო ინფორმაცია გადაეცა იმ პერიოდში, როდესაც ის ბრიტანეთის სავაჭრო მიმართულებაზე იყო პასუხისმგებელი.

ენდრიუ იმავე დღეს დაკითხეს და გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.

ამ ფონზე ყოფილი პრინცი ახლა ყურადღების ცენტრში უკვე არა სამეფო სასახლეში, არამედ საფრანგეთის კურორტებზე აღმოჩნდა - სადაც, როგორც ჩანს, დროებით მაინც ცდილობს თავი დააღწიოს როგორც ბრიტანეთში დაგროვილ პრობლემებს, ისე საკუთარ ოჯახში არსებულ დაძაბულობას.