სტილი

პარიზელი ქალების გარდერობის საიდუმლო - რა ნივთები უნდა გვქონდეს, რომ ყოველდღე ელეგანტურად გამოვიყურებოდეთ

პარიზელი ქალების გარდერობის საიდუმლო - რა ნივთები უნდა გვქონდეს, რომ ყოველდღე ელეგანტურად გამოვიყურებოდეთ

რა ნივთები უნდა გვქონდეს გარდერობში და როგორ ჩავიცვათ თრენჩი, ჯინსი თუ ჟაკეტი ისე, რომ ყოველდღიური ლუქიც კი დახვეწილი და ძვირადღირებული ჩანდეს.

ფრანგული სტილი დიდი ხანია მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფანტაზიად იქცა.
ხშირად გვგონია, რომ პარიზული იერის მისაღებად საკმარისია ზოლიანი მაისური, წითელი პომადა, ჯეინ ბირკინის სტილის კალათა და აბრეშუმის შარფი, რომელიც თითქოს დაუდევრად უნდა მოვიხვიოთ.

თუმცა თანამედროვე პარიზელი ქალის სტილი ამ რამდენიმე სიმბოლოზე ნამდვილად არ დგას.

მისი მთავარი საიდუმლო გაცილებით მარტივია - ყველა ნივთი ზუსტად უნდა იყოს შერჩეული. ჯინსი იდეალურად უნდა გერგებოდეს, თეთრი პერანგი ხარისხიანი და კარგი ქსოვილისგან უნდა იყოს, პალტოს კი კარგად ჩამოყალიბებული მხრები უნდა ჰქონდეს. ფეხსაცმელი კი ისეთი უნდა იყოს, რომლის გამოც სახლიდან გასვლიდან ათ წუთში უკან დაბრუნება არ მოგინდება.

სწორედ ამიტომ ფრანგული გარდერობი არც მკაცრ მინიმალიზმს ნიშნავს და არც ტრენდებზე უარის თქმას.

მისი იდეა ისაა, რომ ყოველ სეზონზე თავიდან არ დაგჭირდეს მთელი გარდერობის აწყობა. ნივთები შეიძლება ბევრი არ იყოს, თუმცა თითოეულ მათგანს რამდენიმე სიტუაციაში უნდა იყენებდე - დილით სამსახურში ან შეხვედრაზე, საღამოს კი რესტორანში.

ჯერ კარგი საფუძველი, შემდეგ - აქცენტები

ფრანგული გარდერობის აწყობისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ყველა „აუცილებელი“ ნივთის ერთდროულად ყიდვაა.

შედეგად, კარადაში ჩნდება ზოლიანი ლონგსლივი, ბაფთიანი ბალეტკები და თრენჩი, მაგრამ მათი ერთად ჩაცმის შემდეგ სასურველი ეფექტი მაინც არ მიიღება.

პარიზული მიდგომა სხვაგვარია: ჯერ უნდა იპოვოთ ის სილუეტები, რომლებიც ნამდვილად გიხდებათ, შემდეგ კი დაამატოთ ფერები, აქსესუარები და მოდური დეტალები.

გარდერობის ქვედა ნაწილში პირველ რიგში სწორი ჭრის ლურჯი ჯინსი დაგჭირდებათ. უმჯობესია, მას არ ჰქონდეს ზედმეტი დეკორი, მკვეთრი გახეხილი ეფექტი ან ნაქარგები.

ასეთი ჯინსი მარტივად ეწყობა როგორც ქაშმირის ჯემპრს, ისე კლასიკურ ჟაკეტს ან თხელ აბრეშუმის ბლუზას.

კიდევ ერთი კარგი არჩევანია მიდი სიგრძის ქვედაკაბა. ის შეიძლება იყოს სწორი, ოდნავ გაშლილი ან ატლასის - აქ უკვე თქვენი გემოვნება და სტილი განსაზღვრავს არჩევანს.

სწორად შერჩეული ჯინსი და კარგი ხარისხის შარვალი ფრანგული გარდერობის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საფუძველია. მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ მათ შესახამებლად ზედმეტი ფიქრი არ გჭირდებათ.

ზედა ნაწილისთვის საკმარისად მრავალფეროვანი კომბინაციების შექმნა შეუძლია თეთრ ან ცისფერ პერანგს, ხარისხიან მაისურს, თხელ V-ყელიან ჯემპრს, კარდიგანსა და ზოლიან ლონგსლივს.

ხუთი ეფექტური ტოპის ყიდვას, რომლებიც მხოლოდ ერთი კონკრეტული გასვლისთვის გამოგადგებათ, ეს ნივთები ნამდვილად ჯობია.

ამასთან, უნივერსალური გარდერობი მოსაწყენს სულაც არ ნიშნავს. ბეჟი, რძისფერი, მუქი ლურჯი, ნაცრისფერი, შოკოლადისფერი, ღვინისფერი  ერთმანეთთან შესანიშნავად კომბინირდება და გარდერობს ერთფეროვანს არ ხდის.

ჟაკეტი, რომელიც ოფისს არ მოგაგონებთ

ჟაკეტი ფრანგული სტილის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. მისი დანიშნულება მარტივია - ლუქი უფრო მოწესრიგებული და ელეგანტური გახადოს.

შავი, მუქი ლურჯი, თამბაქოსფერი, წვრილუჯრიანი ნაცრისფერი ან რბილი ტვიდის ჟაკეტი გაცილებით საინტერესო ჩანს, თუ მას ყველა ღილზე არ შეიკრავთ.

ასევე, სულაც არ არის აუცილებელი, ჟაკეტი შესაბამის შარვალთან ერთად ჩაიცვათ და სრულფასოვანი კოსტიუმი შექმნათ.

ფრანგული სტილის ერთ-ერთი მთავარი ხრიკი სწორედ ესაა - კლასიკურ ნივთს ცოტა სიმსუბუქე უნდა შემატოთ.

მაგალითად, ჟაკეტი შეგიძლიათ შეუხამოთ თეთრ მაისურს, ჯინსსა და ლოფერებს; მიდი ქვედაკაბას ან მაღალ ჩექმებს.

მთავარია, ჟაკეტი არ გამოიყურებოდეს ისე, თითქოს 2000-იანი წლების სერიალიდან საქმიანი ქალის იმიჯის შექმნას ცდილობთ.

პირიქით - საუკეთესო ეფექტია, როცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ნივთი თქვენი გარდერობის დიდი ხნის ნაწილია და დღის ნებისმიერ გეგმას მარტივად ერგება.

თრენჩი, რომელიც სეზონიდან სეზონამდე გამოგადგებათ

ზედა ტანსაცმელიც იგივე პრინციპით უნდა შეარჩიოთ.

თრენჩი გარდამავალი სეზონისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა. მისი ჩაცმა შეგიძლიათ ჯემპერსა და ჯინსზე, კლასიკურ შარვალთან ან მსუბუქ კაბასთან.

ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი, ყოველი ასეთი ლუქი პარიზულ სტილთან დაკავშირებულ აშკარა ასოციაციას ქმნიდეს.

ცივი სეზონისთვის კი კარგი არჩევანია გრძელი შალის პალტო სწორი ან ოდნავ თავისუფალი ჭრით.

საუკეთესო ფერებია შავი, მუქი ლურჯი, ნაცრისფერი, აქლემისფერი და შოკოლადისფერი.

იდეალური ჯინსი ყოველთვის მოდური არ უნდა იყოს

თუ ფრანგული კაფსულური გარდერობისთვის მხოლოდ ერთი ნივთის არჩევა მოგვიწევდა, ალბათ ჯინსზე შევჩერდებოდით.

არა სეზონის ყველაზე ტრენდულ მოდელზე და არც ყველაზე რთულად შესახამებელ სილუეტზე.

იდეალური ჯინსი მარტივი უნდა იყოს: სწორი ჭრა, მაღალი ან საშუალო წელი, მკვრივი დენიმი და მშვიდი ლურჯი ფერი - მკვეთრი გახეხილი ეფექტების გარეშე.

ასეთი ჯინსის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კომფორტსა და მოწესრიგებულ იერს შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ.

დილით შეგიძლიათ ბალეტკებთან და კარდიგანთან ჩაიცვათ, დღის განმავლობაში - პერანგთან და ჟაკეტთან, საღამოს კი - თხელი ბრეტელების მქონე ტოპთან, წაწვეტებულ ფეხსაცმელთან და გამორჩეულ საყურეებთან.

თუ ჯინსი თქვენთვის ზედმეტად ჩვეულებრივი არჩევანია, მისი ტრენდული მოდელით ჩანაცვლება სულაც არ არის აუცილებელი.

უკეთესი გამოსავალია გარდერობში მუქი შალის ან კოსტიუმის ქსოვილის შარვლის დამატება და ასევე მიდი ქვედაკაბის არჩევა - მაგალითად, აბრეშუმის, ტყავის ან მკვრივი ბამბის.

ასე გარდერობი შეინარჩუნებს იმ მსუბუქ, პარიზულ განწყობას, თუმცა მხოლოდ ჯინსის, პერანგისა და ბალეტკების კომბინაციაზე აღარ იქნება დამოკიდებული.

ფეხსაცმელი და აქსესუარები - ბოლო, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი

ფრანგი ქალების  სტილის საიდუმლო დეტალების უგულებელყოფა კი არა, მათი ძალიან ფრთხილად შერჩევაა.

ფრანგული გარდერობისთვის სამი-ოთხი წყვილი ფეხსაცმელიც საკმარისია:

  • ტყავის ლოფერები

  • სადა ბალეტკები;

  • დაბალი ჩექმები ან ქუსლიანი  ჩექმები;

  • მინიმალისტური კედები.

აქსესუარების შემთხვევაშიც იგივე პრინციპი მოქმედებს: რამდენიმე იაფფასიან ჩანთას ერთი კარგი ფორმისა და ხარისხიანი ტყავის ჩანთა სჯობს.

იდეალურ შემთხვევაში, გარდერობში უნდა იყოს ერთი დიდი, ტევადი ჩანთა ყოველდღიური გამოყენებისთვის და მეორე, უფრო პატარა - საღამოსთვის.

მათ შეგიძლიათ დაუმატოთ კარგი ქამარი, ვინტაჟური საათი, თხელი ჯაჭვი, რგოლის ფორმის საყურეები, აბრეშუმის შარფი და მუქი სათვალე გამორჩეული, თუმცა არა ზედმეტად თვალშისაცემი ჩარჩოთი.

საბოლოოდ, პარიზული სტილის მთავარი პრინციპი არც კონკრეტული ნივთების რაოდენობაა და არც აუცილებელი „ფრანგული“ ატრიბუტების ჩამონათვალი.

მთავარია, გარდერობში არსებული ნივთები ერთმანეთს ეწყობოდეს, გიხდებოდეთ და ისე გამოიყურებოდეს, თითქოს მათზე ზედმეტად ბევრი არ გიფიქრიათ.