LIFE

ნელა დაბერების ხელოვნება: 7 ეფექტური გზა, გამოიყურებოდეთ გაცილებით ახალგაზრდულად ძვირადღირებული კოსმეტიკის გარეშე

ნელა დაბერების ხელოვნება: 7 ეფექტური გზა, გამოიყურებოდეთ გაცილებით ახალგაზრდულად ძვირადღირებული კოსმეტიკის გარეშე

ახალგაზრდული იერის შენარჩუნება მხოლოდ ძვირადღირებულ კოსმეტიკასა და კანის მოვლის საშუალებებზე არ არის დამოკიდებული. ექიმ ტალალ ხანის განმარტებით, გენეტიკასთან ერთად, ჩვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ყოველდღიური ჩვევებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

სპეციალისტი გამოყოფს შვიდ მარტივ ჩვევას, რომლებიც ჯანსაღ დაბერებას უწყობს ხელს.

1. იძინეთ 7-9 საათი

ხარისხიანი ძილი ორგანიზმს აღდგენაში, იმუნური სისტემის გაძლიერებასა და მეტაბოლიზმის სწორად მუშაობაში ეხმარება. ძილის მუდმივმა ნაკლებობამ შესაძლოა დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკიც გაზარდოს.

ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ. ძილის წინ შეზღუდეთ ტელეფონის გამოყენება და საძინებელში კომფორტული გარემო შექმენით.

2. მეტი იმოძრავეთ

ხანგრძლივი უმოძრაობა კუნთების დასუსტებასა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს უწყობს ხელს. ასაკის მატებასთან ერთად კუნთების სიძლიერის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კვირაში მინიმუმ 150 წუთი ზომიერი ფიზიკური აქტივობა და ორჯერ ძალოვანი ვარჯიში კარგი დასაწყისია.

3. შეამცირეთ გადამუშავებული საკვების მიღება

ულტრაგადამუშავებული საკვები და ჭარბი მარილი არტერიული წნევისა და ქოლესტერინის მატებასთან არის დაკავშირებული.

უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს, ცილოვან პროდუქტებსა და ჯანსაღ ცხიმებს. მთავარია, ჯანსაღი კვება ყოველდღიურ ჩვევად აქციოთ.

4. ისწავლეთ სტრესის მართვა

ხანგრძლივმა სტრესმა შესაძლოა დაარღვიოს ძილი, გაზარდოს არტერიული წნევა და გავლენა მოახდინოს კონცენტრაციაზე.

დაუთმეთ დრო დასვენებას, სეირნობას, ფიზიკურ აქტივობასა და მეგობრებთან ურთიერთობას. ყოველდღიური 10-15 წუთიც კი შეიძლება განტვირთვაში დაგეხმაროთ.

5. შეზღუდეთ ალკოჰოლი და უარი თქვით მოწევაზე

მოწევა აზიანებს სისხლძარღვებს და ზრდის გულის დაავადებებისა და კიბოს რისკს. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაც უარყოფითად მოქმედებს ძილსა და ორგანოების ფუნქციონირებაზე.

მოწევისთვის თავის დანებება და ალკოჰოლის შემცირება გრძელვადიან ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

6. არ გამოტოვოთ პროფილაქტიკური გამოკვლევები

მაღალი წნევა და სისხლში შაქრის მომატებული მაჩვენებელი ზოგჯერ სიმპტომების გარეშე ვითარდება. ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარული სამედიცინო შემოწმება და ჯანმრთელობის ძირითადი მაჩვენებლების კონტროლი.

პრობლემების დროულად გამოვლენა მათი მართვის შესაძლებლობას ზრდის.

7. შეინარჩუნეთ მეგობრული ურთიერთობები

მარტოობა და სოციალური იზოლაცია დეპრესიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითების რისკთან არის დაკავშირებული.

ხშირად ესაუბრეთ მეგობრებსა და ახლობლებს, შეხვდით ადამიანებს და ჩაერთეთ თქვენთვის საინტერესო აქტივობებში. სოციალური კავშირები ჯანსაღი დაბერების მნიშვნელოვანი ნაწილია.

შესაძლებელია დაბერების შენელება?

დაბერების შეჩერება შეუძლებელია, თუმცა ცხოვრების ჯანსაღ წესს შეუძლია ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირება და ჯანმრთელი წლების გახანგრძლივება.

ექიმის მთავარი რჩევაა, არ ავიტაცოთ დაბერების საწინააღმდეგო ძვირადღირებული ტრენდებით და ყურადღება ძირითად ჩვევებზე გავამახვილოთ: ხარისხიან ძილზე, მოძრაობაზე, სწორ კვებაზე, სტრესის მართვასა და რეგულარულ სამედიცინო შემოწმებაზე.

ყველაფრის ერთდროულად შეცვლა საჭირო არ არის - დაიწყეთ ერთი ან ორი ჩვევით და თანდათან აქციეთ ისინი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად.