LIFE

50-იან, 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში დაბადებული ადამიანები წარმატებას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ - რა არის თითოეული თაობისთვის ცხოვრების მთავარი მიღწევა?

50-იან, 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში დაბადებული ადამიანები წარმატებას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ - რა არის თითოეული თაობისთვის ცხოვრების მთავარი მიღწევა?

წარმატება ყველასთვის ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. ის, რასაც ერთი თაობა მთავარ მიღწევად მიიჩნევს, მეორისთვის შესაძლოა სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი. შეხედულებები ეპოქის, ეკონომიკური მდგომარეობისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით იცვლება.

1950-იან წლებში დაბადებულებისთვის წარმატება ფინანსურ უზრუნველყოფასა და საკუთარ სახლს უკავშირდება. 1960-იანებში დაბადებულები სტაბილურობასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსს აფასებენ, 1970-იანებში დაბადებულებისთვის კი ჯანმრთელობა და ახლობლებთან ურთიერთობაა პრიორიტეტული. 1980-იანებში დაბადებულები წარმატებად ყოველდღიური სირთულეების დაძლევასა და საკუთარი თავის უზრუნველყოფას მიიჩნევენ.

50-იან წლებში დაბადებულები: წარმატება ფინანსური სტაბილურობაა

1950-იან წლებში ეკონომიკურმა აღმავლობამ ამ თაობის შეხედულებებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მათთვის წარმატება ტრადიციულ ღირებულებებს უკავშირდებოდა: ადრეულ ქორწინებას, ოჯახის შექმნას, სტაბილურ სამსახურსა და ფინანსურ უზრუნველყოფას.

საკუთარი სახლის შეძენა წარმატების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იყო. ამ თაობის წარმომადგენლებს სურდათ, მიღწეული შედეგები სხვებისთვისაც თვალსაჩინო ყოფილიყო და ისეთი ცხოვრება შეექმნათ, რომელიც მათი წარმატების დასტური იქნებოდა.

60-იან წლებში დაბადებულები: მთავარია, თავი დაცულად იგრძნონ

1960-იან წლებში დაბადებულებისთვის წარმატების აღქმა განსხვავებულია. მათ ბავშვობიდან მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდათ, რის გამოც საკუთარ ძალებზე დაყრდნობას მიეჩვივნენ. ამ თაობისთვის მნიშვნელოვანია სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი.

მათ სურთ, თავი დაცულად იგრძნონ და საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი იყვნენ. სხვისთვის წარმატების დამტკიცება კი მათთვის პრიორიტეტი არ არის.

70-იან წლებში დაბადებულები: სიმდიდრეზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა

1970-იან წლებში დაბადებულებისთვის წარმატება მხოლოდ ფულითა და კარიერული მიღწევებით აღარ იზომება. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევრების მონაცემებით, ამ თაობისთვის ჯანმრთელობა, მყარი ურთიერთობები და დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმატებული კარიერა.

ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორის, ეშლი უილანსის განმარტებით, როდესაც ადამიანს ყოველდღიური ხარჯების დასაფარად და მომავლისთვის დასაზოგად საკმარისი შემოსავალი აქვს, დამატებითი ფული მის ბედნიერებას დიდად ვეღარ ზრდის.

ამ თაობისთვის წარმატება შინაგან კმაყოფილებასა და იმაზე უარის თქმასაც ნიშნავს, რაც რეალურად მნიშვნელოვანი არ არის.

80-იან წლებში დაბადებულები: მთავარია, ყოველდღიურ სირთულეებს გაუმკლავდნენ

1980-იან წლებში დაბადებულებისთვის ტრადიციული გაგებით ფინანსური წარმატების მიღწევა უფრო რთული აღმოჩნდა. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ანგარიშის მიხედვით, ამ თაობის ბევრ წარმომადგენელს ბოლო წლებში გადასახადების დაფარვა უჭირდა და ფინანსური დახმარებისთვის ოჯახის წევრებსაც მიმართავდა.

მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამსახური, რომელიც სტაბილურობასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ამ თაობისთვის წარმატება იდეალური ცხოვრების შექმნას კი არა, ყოველდღიური სირთულეების დაძლევას, საკუთარი თავის უზრუნველყოფასა და შეძლებისდაგვარად ბედნიერად ცხოვრებას ნიშნავს.