LIFE

11 დეტექტიური სერიალი Netflix-ზე, რომელთა ყურებასაც მარტივად ვერ შეწყვეტთ

11 დეტექტიური სერიალი Netflix-ზე, რომელთა ყურებასაც მარტივად ვერ შეწყვეტთ

Netflix-ზე არაერთი საინტერესო დეტექტიური სერიალია, სადაც მაყურებელს ჩახლართული დანაშაულების, მოულოდნელი აღმოჩენებისა და რთული გამოძიებების ნახვა შეუძლია. წარმოგიდგენთ 11 სერიალს, რომლებიც ამ ჟანრის მოყვარულებს დააინტერესებთ

1. „დაუჯერებელი“ (Unbelievable, 2019)

აშშ | IMDb: 8.3/10



მინი-სერიალის მთავარი გმირი 18 წლის მარიაა, რომელიც გაუპატიურების შემდეგ პოლიციას მიმართავს, თუმცა მის მონათხრობს არ უჯერებენ. ზეწოლის შედეგად გოგონა განცხადებას უკან გაიხმობს და უკვალოდ ქრება. ოთხი წლის შემდეგ მსგავსი დანაშაულები კვლავ ხდება. ორი ქალი დეტექტივი შემთხვევებს შორის კავშირს ამჩნევს და სერიული დამნაშავის ძებნას იწყებს.

2. „გონებაზე მონადირე“ (Mindhunter, 2017–2019)

აშშ | IMDb: 8.6/10



სერიალის მოქმედება 1970-იან წლებში ვითარდება. FBI-ის აგენტები ჰოლდენ ფორდი და ბილ ტენჩი ქცევითი მეცნიერებების განყოფილებაში მუშაობენ და დამნაშავეთა ფსიქოლოგიურ პროფილებს ადგენენ. ისინი სერიულ მკვლელებს კითხავენ, რათა უკეთ გაიგონ მათი აზროვნება და მსგავსი დანაშაულების გახსნის მეთოდები შეიმუშაონ. სერიალის პროდიუსერი და რამდენიმე ეპიზოდის რეჟისორი დევიდ ფინჩერია.

3. „მისი და მისი“ (His & Hers, 2026)

აშშ | IMDb: 7.2/10



ჟურნალისტი ანა ენდრიუსი ერთი წლის პაუზის შემდეგ სამსახურს უბრუნდება და მშობლიურ პატარა ქალაქში მომხდარი მკვლელობის შესახებ რეპორტაჟის მომზადებას იწყებს. იქ ის ყოფილ ქმარს, დეტექტივ ჯეკ ჰარპერს ხვდება. ახლა მათ რთული საქმის გამოძიება უწევთ, თანაც ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე.

4. „რეზიდენცია“ (The Residence, 2025)

აშშ | IMDb: 7.7/10



სერიალი მათთვისაა, ვისაც აგათა კრისტის დეტექტივები და იუმორი მოსწონს. თეთრ სახლში გამართული სახელმწიფო ბანკეტის დროს მთავარი ადმინისტრატორის ცხედარს პოულობენ. ადმინისტრაცია მომხდარის ჩუმად დასრულებას ცდილობს და თავდაპირველად თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს. თუმცა გამოძიებაში დეტექტივი კაპი ერთვება და მალევე ადგენს, რომ საქმე მკვლელობას ეხება. ეჭვმიტანილთა წრე კი ძალიან ფართოა - მომსახურე პერსონალიდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული.

5. „სხეულები“ (Bodies, 2023)

დიდი ბრიტანეთი | IMDb: 7.3/10



ბრიტანული დეტექტივი სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით ოთხ სხვადასხვა ეპოქაში - 1890, 1941, 2023 და 2053 წლებში ვითარდება. სხვადასხვა დროის დეტექტივები ერთი და იმავე ადამიანის მკვლელობას იძიებენ. თანდათან ირკვევა, რომ საქმეები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, თუმცა სიმართლის გარკვევა მარტივი არ აღმოჩნდება.

6. „თანამზრახველი“ (Collateral, 2018)

დიდი ბრიტანეთი, აშშ | IMDb: 6.8/10



ახალგაზრდა ინსპექტორი კიპ გლასპი პიცის კურიერის მკვლელობის გამოძიებას იწყებს. ერთი შეხედვით, დანაშაული შეშლილის ან სერიული მკვლელის ჩადენილი ჩანს, თუმცა გამოძიებისას გაცილებით მასშტაბური შეთქმულების კვალი იკვეთება, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან ჩართული.

7. „დეტექტივი ჰოლე“ (Detective Hole, 2026-დღემდე)

ნორვეგია, აშშ | IMDb: 7.7/10



სერიალის მთავარი გმირი ჰარი ჰოლეა - გამოცდილი გამომძიებელი, რომელსაც დამნაშავეების ძებნის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ოსლოში სერიული მკვლელი ჩნდება და მის შესაჩერებლად სწორედ ჰოლე იწყებს გამოძიებას. პარალელურად მას კოლეგასთან, კორუმპირებულ დეტექტივ ტომ ვოლერთანაც უწევს დაპირისპირება. გმირს მუშაობაში მძიმე წარსულიც უშლის ხელს.

8. „გაუხსნელი საქმეების განყოფილება“ (Dept. Q, 2025–დღემდე)

დიდი ბრიტანეთი | IMDb: 8.1/10



დანიელი მწერლის, იუსი ადლერ-ოლსენის რომანების მიხედვით გადაღებული სერიალის მოქმედება შოტლანდიაში ვითარდება. პოლიციაში მომხდარი სროლის დროს დეტექტივი კარლ მორკი იჭრება, მისი კოლეგა კი პარალიზებული რჩება. მომხდარი მორკის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც მძიმედ აისახება. სამსახურში მის დასაბრუნებლად ხელმძღვანელობა მას გაუხსნელი საქმეების ახალ განყოფილებას აბარებს, სადაც თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რომელ დანაშაულს გამოიძიებს.

9. „დირკ ჯენტლის დეტექტიური სააგენტო“ (Dirk Gently's Holistic Detective Agency, 2016–2017)

აშშ | IMDb: 8.1/10



ეს დეტექტიური კომედია ფანტასტიკის ელემენტებსაც აერთიანებს. ექსცენტრიული დეტექტივი დირკ ჯენტლი დარწმუნებულია, რომ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თავგადასავლებში მას სასტუმროს თანამშრომელი ტოდ ბროცმანი ახლავს, რომელსაც დირკის პარტნიორობა დიდად არ ხიბლავს, თუმცა მოვლენების ცენტრში მაინც აღმოჩნდება.

10. „კარგ გოგოებს არ კლავენ“ (A Good Girl's Guide to Murder, 2024)

დიდი ბრიტანეთი, გერმანია | IMDb: 6.8/10



სერიალის მთავარი გმირი 17 წლის პიპა ფიც-ამობიაა, რომელსაც სიმართლის გარკვევა უყვარს. ის ძველი დანაშაულის გამოძიებას გადაწყვეტს, რომელიც პოლიციასაც დიდი ხნის დავიწყებული აქვს. თუმცა, რაც უფრო ღრმად იკვლევს საქმეს, მით უფრო შემზარავ საიდუმლოებებს აწყდება პატარა ქალაქში, სადაც თავად ცხოვრობს.

11. „ცოდვილი“ (The Sinner, 2017)

აშშ | IMDb: 7.8/10



დეტექტივი ჰარი ამბროუზი უცნაურ მკვლელობას იძიებს. ერთი შეხედვით კანონმორჩილი დიასახლისი კორა ტანეტი ქმრისა და შვილის თვალწინ დანით თავს ესხმის უცნობ მამაკაცს. თვითმხილველები ფიქრობენ, რომ ქალმა ეს აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა, თავად კორა კი ვერ ხსნის, რატომ მოიქცა ასე. დეტექტივი ცდილობს, მომხდარის ნამდვილი მიზეზი გაარკვიოს და დაამტკიცოს, რომ ამ საქმეში ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.